კორონავირუსთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია ყოველწამიერად ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 გლობალურ პრობლემად იქცა, გარდა საერთაშორისო რჩევებისა, ყურადსაღებია უშუალოდ ქართველ ექსპერტთა მოსაზრებებიც. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ გიორგი გოცაძის რეკომენდაციებს. იგი არის ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სფეროში მოღვაწეობის 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, გოცაძე საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტიც გახლავთ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი საქართველოშიც გავრცელდა, გოცაძე აქტიურად გვაწვდის ინფორმაციას ტვიტერის საშუალებით. გადავწყვიტეთ, გადმოგცეთ მისი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რჩევა და მოსაზრება:
მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ, რომ ზოგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა აუცილებელი არ არის.
ჯობია ექიმს ტელეფონით გაესაუბრონ და ასე მიიღონ რჩევები. ეს საჭიროა, რათა არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა. გადაუდებელი დახმარება, გოცაძის თქმით, ამჯერად პაციენტთა დაახლოებით 20%-ს ესაჭიროება. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მას ინგლისის მაგალითიც მოჰყავს.
ლონდონის სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი აღარაა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ შეშინებული მოსახლეობა არასაჭირო დროსაც კი საავადმყოფოებს აკითხავს. ექსპერტის თქმით: „სწორედ ეს რომ არ მოხდეს საქართველოში, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ – არ არის საჭირო სიცხის ოდნავი აწევისთანავე საავადმყოფოში მივიდნენ. საავადმყოფო და ექიმები იმ 20%-სთვის გვჭირდება, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია“.
გოცაძე ეხმიანება აგრესიული ტესტირების საკითხსაც, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას. რატომ გვჭირდება ის?
- ტესტირება დაგვეხმარება დავადასტუროთ კორონავირუსის შემთხვევა, ვიპოვოთ კონტაქტები, დროულად მოვახდინოთ პაციენტის და კონტაქტების იზოლაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ვირუსის გადაცემა.
- ის დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ COVID-19 ეპიდემია, მისი განვითარების ტრაექტორია, სწორად დავგეგმოთ სამედიცინო აღჭურვილობის განაწილება, საწოლები და საჭირო სიმძლავრეები
- დაგვეხმარება გავზომოთ გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებების ეფექტურობა და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შევიტანოთ მასში ცვლილებები
- ცოტა მოგვიანებით, აგრესიული სეროლოგიური (შეისწავლის სისხლის შრატს) ტესტები დაგვეხმარება გამოვავლინოთ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ვირუსთან შეხება ჰქონდა, გამოიმუშავა იმუნიტეტი და არის დაცული.
ექსპერტის თქმით, უმნიშვნელოვანესია სოციალური პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულების როლი ვირუსთან ბრძოლის პროცესში:
„სოციალური დისტანცირება“ დაგვეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს, იმიტომ, რომ საშუალებას მისცემს ჩვენს ექიმებს და საავადმყოფოებს სათანადო დრო და ურადღება დაუთმონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“