ადამიანებს მიკუთვნებულობის თანდაყოლილი მოთხოვნილება გვაქვს – მივეკუთვნებოდეთ ერთმანეთს, მეგობრებს, ოჯახს, კულტურას ან ქვეყანას. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც სამსახურში ვართ. თუ ადამიანი გრძნობს, რომ სამსახურს მიეკუთვნება, ის უფრო პროდუქტიული, მოტივირებული და ჩართულია, შედეგად კი, HBR-ს კვლევის მიხედვით, 3,5-ჯერ უფრო მეტი შანსია იმისა, რომ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს.
კვლევისთვის 1000 დასაქმებული გამოიკითხა, მათგან 40% სამსახურში ემოციურ და ფიზიკურ იზოლაციას გრძნობს. გამოკითხულთა 62%-სთვის სახლია ის ადგილი, სადაც ყველაზე ძლიერი მიკუთვნებულობა აქვთ, ხოლო 34%-სთვის – სამუშაო ადგილი. ეს ფაქტი ლოგიკურია იმ მხრივ, რომ ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს.
როგორ შეიძლება კომპანიებმა უფრო ეფექტური კავშირი დაამყარონ თანამშრომლებთან? კვლევის შედეგებმა ერთი მარტივი გამოსავალი იპოვა: შექმნან მეტი შესაძლებლობა, რათა კოლეგებმა ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი დაფასებულები არიან სხვების მიერ.
პიროვნებები სამუშაო სივრცეში განსხვავებულად კონტაქტობენ. ზოგს უყვარს, როდესაც კოლეგასთან ერთად ჯდება და საუბრობს, ზოგი ონლაინ ჩათს ამჯობინებს, სხვებს კი საერთოდ არ მოსწონთ კომუნიკაცია. იმისთვის, რომ შეიქმნას „ერთიანობის“ შეგრძნება, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაციის გზები.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
ისარგებლეთ მცირე შესაძლებლობებით: იყავით ცნობისმოყვარე და ყურადღებიანი, კავშირი დაამყარეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც აფასებთ, გესმით და ზრუნავთ მათზე. „როგორ ხარ? რით შემიძლია დაგეხმარო?” – ასეთმა მარტივმა კითხვებმაც კი შეიძლება შეცვალოს თქვენი კოლეგის დღის განწყობა.
მოსმენა და არა დებატები: გახსოვდეთ, რომ დრო იმისთვის უნდა გამოყოთ, რომ სხვას მოუსმინოთ და არა ეკამათოთ. სცადეთ სიტუაციას მათი პერსპექტივიდან შეხედოთ, მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა კონკრეტულ საკითხში. თუ მისი პოზიცია არ გესმით, თხოვეთ, რომ უფრო მეტი გითხრათ. „უფრო მეტი მომიყევი. მე არასოდეს მიფიქრია ამ პერსპექტივიდან, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ იგივე სიტუაციის განხილვა სხვადასხვა გზით შეგვიძლია და ძალიან ვაფასებ, რომ შენს პოზიციას მიხსნი.“
იფიქრეთ პოზიტიური განზრახვით: როდესაც რთულ საკითხებს განიხილავთ, იფიქრეთ პოზიტიურად, რომ კოლეგასთან საუბარი სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. თუ არ იცით რა უპასუხოთ – უბრალოდ გაჩერდით, დაფიქრდით და ისე დასვით კითხვები. ზოგჯერ, ეს პაუზები უზარმაზარ განსხვავებას ქმნის კომუნიკაციაში. „ცოტა ხანი პაუზას ვიღებ, რადგან უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. მოგისმენ, მსურს, შენგან მეტი ვისწავლო.“
არაფერია ცუდი იმაში, რომ მგრძნობიარე იყოთ: ითხოვეთ უკუკავშირი კოლეგებისგან, განსაკუთრებით მათგან, ვინც თქვენზე დაბალ პოზიციაზეა. გამოხატეთ ნდობა მათ მიმართ თქვენი კომუნიკაციის გზით და იმის დემონსტრირებით, რომ უკუკავშირს ითვალისწინებთ. იყავით მგრძნობიარე და გულწრფელი – თუ ადამიანს ენდობით, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგახართ ცხოვრებაში, გულწრფელობა კი უფრო ჰუმანურს გახდის თქვენს ურთიერთობებს.
იყავით თანმიმდევრული: ზეწოლის ქვეშ ან რთული საუბრების დროსაც, იყავით ინკლუზიური და ღია. იყავით მაგალითი გუნდის დანარჩენი წევრებისთვის.
ეს ხუთი რჩევა შეიძლება გზამკვლევი იყოს თქვენთვის, მაგრამ გახსოვდეთ, ინკლუზიურობისკენ მიმავალი გზა არასოდეს მთავრდება და ამ საკითზე მუდმივად უნდა იმუშაოთ.
წყარო: Harvard Business Review