ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევის თანახმად, ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესუსტება მოსალოდნელი არ არის. კვლევის შესახებ სტატია სამეცნიერო ჟურნალში – Science – გამოქვეყნდა.
მკვლევართა ჯგუფმა, სტეფან კისლერისა და ქრისტინ თიდიანტოს ხელმძღვანელობით, გამოიკვლია და ექსპერიმენტები ჩაატარა როგორც Covid-19-ს გამომწვევი ვირუსის გენეტიკურად მსგავსს SARS-CoV-2-ზე, ისე – სეზონური გაციების გამომწვევ ვირუსებზე. მკვლევარების განცხადებით, ექსპერიმენტების ნებისმიერი მოდელირების შემთხვევაში მიღებული შედეგი არ გვაძლევს საფუძველს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალი კორონავირუსის გაქრობა ვივარაუდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამეცნიერო პუბლიკაციის ერთ-ერთი თანაავტორის – მარკ ლიფსიჩის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალი კორონავირუსის გავრცელების დინამიკის შემცირება აღინიშნებოდა, ეს მცირე სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდება, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსის გაქრობა განაპირობოს დამატებითი ჩარევის გარეშე, რაც მედიკამენტის ან ვაქცინის შექმნას გულისხმობს.
სტეფან კისლერი აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მრავალჯერადი სოციალური დისტანციის პრაქტიკა ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურ ინტერვენციად რჩება. ამის საფუძველს მეცნიერების დაკვირვება ქმნის; კერძოდ, კვლევაში გამოიკვეთა, რომ, სწორედ, სოციალური დისტანციის განმეორებადი პრაქტიკა განაპირობებს, პირველ რიგში, ინფიცირებულთა რაოდენობისა და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვის კლებას, რაც თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემას თითოეული პაციენტის ეფექტური მკურნალობის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ, კი პოპულაციაში ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის თანდათანობით ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის.