მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში საქართველო 2 პოზიციით დაწინაურდა

Photo by Sasha Freemind

20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს, გამოქვეყნდა  World Happiness Report 2020. გაეროს მსოფლიო ბედნიერების კვლევა მიზნად ისახავს ბედნიერების ხარისხის კვლევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 156 ქვეყნის მოქალაქეები პასუხობენ კითხვას, თუ რამდენად ბედნიერად თვლიან თავს.

გამოკითხული მოქალაქეები ბედნიერების აღქმას ექვსი ფაქტორით განსაზღვრავენ: შემოსავალი, მოქალაქეთა თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, ნდობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოების ხელგაშლილობა.

უკვე მესამე წელია, პირველობას არ ჰკარგავს ფინეთი და რჩება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ. მეორე ადგილზეა დანია. მესამე ადგილი კი, დაიკავა შვეიცარიამ და ჩამოიტოვა ნორვეგია, რომელიც სამი წლის განმავლობაში შედიოდა საუკეთესო სამეულში.

მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში საქართველო 2 პოზიციით დაწინაურდა და 117-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ოცეული კი, ასე გამოიყურება:

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. შვეიცარია
  4. ისლანდია
  5. ნორვეგია
  6. ნიდერლანდები
  7. შვედეთი
  8. ახალი ზელანდია
  9. ავსტრია
  10. ლუქსემბურგი
  11. კანადა
  12. ავსტრალია
  13. გაერთიანებული სამეფო
  14. ისრაელი
  15. კოსტა რიკა
  16. ირლანდია
  17. გერმანია
  18. აშშ
  19. ჩეხეთის რესპუბლიკა
  20. ბელგია

წელს პირველად, ანგარიშში წარმოდგენილია ქალაქების სიაც. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქია ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი. თბილისი კი, ქალაქებს შორის 164-ე ადგილზეა.

ანგარიშის ავტორთა განმარტებით, მართალია, დღეს მსოფლიო პანდემიის წინაშეა, მაგრამ, როგორც ადრეული კვლევები გვიჩვენებს, მსოფლიოში არსებული კრიზისების დროს, ზოგჯერ, გასაოცარ ზრდას ვხედავთ ბედნიერების ხარისხში. ეს აიხსნება იმით, რომ ბუნებრივი კატასტროფებისა თუ ეკონომიკური კრიზისების დროს ნდობის მაღალი ხარისხის მქონე საზოგადოება სწრაფად პოულობს თანამშრომლობის, ზიანის გამოსწორებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს.