საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გასაჯაროვდა

Under The Breach-ის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე შაბათს (28 მარტი, 2020) საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. აღნიშნულ ფაილში მოცემულია ქართველი ამომრჩევლების პირადი მონაცემები, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების.

1.04 გიგაბაიტის ზომის ფაილი მოიცავს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი და გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ნომერი და სქესი. ჰაკერი ფორუმზევე განმარტავს პერსონის მაიდენტიფიცირებელი ფოტოს (ბიომეტრული მონაცემი) მოპოვების წესსაც.

Under the Breach / Twitter

მომხმარებელი, რომელმაც ჰაკერულ ფორუმზე მონაცემთა ბაზა ატვირთა, ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან voters.cec.gov.ge მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პორტალი ამომრჩევლებისთვის შეიქმნა საკუთარი პირადი მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით.

Under The Breach-ის ვარაუდით, აღნიშნული მონაცემები 2011 წელს არის მოპოვებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

https://twitter.com/underthebreach/status/1244362016636231680

„გავრცელებული მონაცემთა ბაზა რადიკალურად განსხვავდება იმ ბაზისგან, რომელიც გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ გვაქვს ბაზა, რომელიც აერთიანებს 3,5 მილიონი ამომრჩევლის მონაცემს, რომელშიც მითითებული არ არის არც მოწმობის ნომერი, არც მამის სახელი და არც ტელეფონის ნომრები. განსხვავებულია მონაცემების ფორმატირებაც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბაზები არ არის იდენტური“ – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„ჩვენ 2010 წლიდან მოყოლებული, საარჩევნო სიებს საჯარო რეესტრის ერთიანი ბაზიდან ვაგენერირებდით, მანამდე ამ ინფორმაციას ვიღებდით დისკეტით. გარდა ამისა, კანონის თანახმად, აღნიშნული ბაზა ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ რეესტრის მონაცემებზე წვდომა აქვთ კომერციულ ორგანიზაციებსაც. თუკი სიაში გარდაცვლილებიც არიან, ეს ერთმნიშვნელოვნად საჯარო რეესტრის ბაზაა და არა ცესკო-სი, ვინაიდან ჩვენ საკუთარ რეესტრში მხოლოდ აქტიურ საარჩევნო სიას ვტვირთავდით“ – განგვიცხადა ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც 2011 წელს ხელმძღვანელობდა კომისიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და დამატებითი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.