ნულიდან მილიონებამდე: გვინი შოტველი

SpaceX გაცილებით მეტია ვიდრე ელონ მასკი – კომპანიაში დასაქმებულია მრავალი სხვა საინტერესო ადამიანიც. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა კი მისი მთავარი ოპერაციული ოფიცერი და კომპანიის პრეზიდენტი – გვინი შოტველია. ის შეიძლება ჩაითვალოს ქალთა წარმატების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

57 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი და ინჟინერი, გვინი შოტველი, Forbes-ის 2020 წლის Self-Made და ყველაზე მდიდარი ქალების სიაში 72-ე ადგილს იკავებს და ასევე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალების ასეულში შედის. 2020 წლის მონაცემებით, მისი ქონება 290 მილიონ დოლარს უტოლდება

Photo Credits to Vern Evans

გვინი ილინოისის შტატში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მას აინტერესებდა მანქანები და ადრეულ ასაკში მამას ხშირად მექანიკურ საკითხებში ეხმარებოდა. თუმცა, სკოლის წარჩინებული მოსწავლე არანაირად არ ყოფილა კოსმოსით ან მეცნიერებით მოხიბლული. სკოლის დამთავრების შემდეგ მას არ ჰქონია ზუსტი მიზანი, თუ რას გააკეთებდა მომავალში. პროფესიაც კი ძალიან შემთხვევით აირჩია.

1979 წელს, დედასთან ერთად ჩიკაგოში, ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ინჟინერ ქალთა საზოგადოების კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს შეხვედრა ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა. ერთადერთი, რამაც მისი ყურადღება მიიქცია იყო ერთ-ერთი ძალიან კარგად ჩაცმული ქალბატონი. მისი სტილით მოხიბლულმა გვინიმ გადაწყვიტა რომ მექანიკური ინჟინერი გახდებოდა, რადგან თურმე „ინჟინრებიც შეიძლება იყვნენ მაგრები“.

Photo Credits to Vern Evans

ბაკალავრის ხარისხი მან Northwestern University-ში მიიღო, მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც 36 სტუდენტიდან მხოლოდ 3 იყო ქალი. საბოლოო შეფასებით ის პირველი იყო კურსზე, რითიც ძალიან გააკვირვა პროფესორები. 1988 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მან დაამთავრა მაგისტრატურა გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, რის შემდეგაც მან მუშაობა ავტომობილების ინდუსტრიაში, Chrysler-ში დაიწყო. თუმცა ეს გამოცდილება დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან მისი სამსახური პირდაპირ არ უკავშირდებოდა ინჟინერიას.

მისი კარიერა მან კალიფორნიის შტატში, Aerospace Corporation-ში დაიწყო. El Segundo-ს კვლევით ცენტრში იგი მუშაობდა სამხედრო კოსმოსის კვლევასა და განვითარებაში, კერძოდ თერმულ ანალიზში, სადაც ასევე ქმნიდა თანამგზავრების თერმულ მათემატიკურ მოდელებს და ამავდროულად წერდა უამრავ სამეცნიერო სტატიას სხვადასხვა თემაზე. ათი წლის შემდეგ მან დატოვა კომპანია, რადგან უნდოდა კოსმოსური ხომალდების დიზაინისა და მშენებლობის დაწყება დამოუკიდებლად.

მოგვიანებით ის შეუერთდა სარაკეტო კონსტრუქტორ Microcosm Inc.-ს, სადაც იგი იყო კოსმოსური სისტემების განყოფილების დირექტორი.

Photo Credits to Space Foundation

შოტველი SpaceX-ს პირველად 2002 წელს შეუერთდა, როგორც ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. ამ დროისთვის ის კომპანიის მეთერთმეტე თანამშრომელი იყო და უკვე დაახლოებით 20 წელიწადია რაც კომპანიის განვითარებას და სწრაფ გაფართოებას უწყობს ხელს. დღეს კი კომპანია 6000-მდე თანამშრომელს ითვლის.

თავდაპირველად მის მოვალეობებში შედიოდა სატელიტური კომპინიებისთვის რაკეტების მიყიდვა, ასევე NASA-სთან მოლაპარაკებების გამართვა, SpaceX-ის პროექტების დაფინანსებისთვის. მან ასევე დაასრულა კოსმოსური პოლიტიკის კომპლექსური ანალიზი NASA-ს სამომავლო ინვესტიციისთვის კოსმოსურ ტრანსპორტირებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რაც გვინის სახელს უკავშირდება იყო 2006 წლის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება კომპანიასა და NASA-ს შორის, რომელიც მას Falcon 9-ის შექმნისთვის გამოუყო. ამ პროექტის ფარგლებში ახალ თანამგზავრს შეეძლო ტვირთისა და ხალხის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ტრანსპორტირება.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ინჟინერია ცნობილია როგორც ინტროვერტების სამყარო, შოტველი თავის თავს „ხალხის ინჟინერს“ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოწონს კოლეგებთან და მომხმარებლებთან მუშაობა და ხშირი კომუნიკაცია. მისი ხელმძღვანელობით, SpaceX განვითარდა და გაიზარდა რაკეტიდან, რომელმაც თითქმის ვერ მოახერხა ორბიტაზე გამგზავრება, ტექნოლოგიურად ბოლო სტანდარტების მიხედვით ყველაზე განვითარებული ორბიტალური კლასის რაკეტებამდე, რომლებიც კოსმოსში გაემგზავრნენ და დაბრუნდნენ 46-ჯერ – რაც კოსმოსურ ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

Photo Credits to Steven Brahms via Bloomberg

შოტველი მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამაში, რომელიც ფოკუსირებულია STEM მიმართულებებზე, რომელსაც ის გადამწყვეტად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყნის მომავლისთვის. მისი ხელმძღვანელობით, ფრენკ რედის სტუდენტური კონკურსის ფარგლებში, რომელიც მოიცავს მცირე სატელიტების კონცეფციებს, ექვსი წლის განმავლობაში 350,000 დოლარზე მეტი სტიპენდია გაიცა.

შოტველი თავისი ინდუსტრიის სათავეშია და ბევრისთვის მისაბაძი ქალია. მას სურს ახალგაზრდა ქალების ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოყვანა. ის ასევე თვლის, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ინჟინერია ქალთა კარიერული გზაც შეიძლება იყოს. გვინი თვლის, რომ SpaceX-ს ბევრი „არაჩვეულებრივი ქალი“ ჰყავს. ცნობისთვის, კომპანიის ინჟინრების 15% ქალია.

გვინი შოტველი ნამდვილად ცდილობს გააფართოვოს კომპანიის შესაძლებლობების საზღვრები და იგი დარჩება ისტორიაში ქალად, ვინც SpaceX-ის ლიმიტები დედამიწიდან კოსმოსამდე გაზარდა.