GWS-ის მთავარი გზავნილი მსოფლიოსთან

ინტერვიუ ქეთი კენკიშვილთან

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის წლის ღონისძიება 22 ივნისს, ტრადიციულად, ქალაქ თელავში შედგა. იქ, სადაც კომპანიის ვენახი 400 ჰექტარზეა გადაჭიმული და სიდიდით მე-3 ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ღონისძიების წლევანდელი თემატიკა კომპანიის წარმომადგენლებმა, „თამადასეტიკეტს დაუკავშირეს, რომელზეც ფიროსმანის ნახატი, „ხუთი თავადის ვახშამიაგამოსახული.

პროექტის ფარგლებში ქართველმა თანამედროვე არტისტებმა ალექს გეგიამ, ილია ბალავაძემ, თინა ცხადაძემ, ნატალია ამირეჯიბი დე პიტამ და ავთანდილ გახოკიძემ ფიროსმანის ირგვლივ სხვადასხვა მედიუმითა და კონცეფციით ნამუშევრები შექმნეს, რომელთა ჩვენება სწორედ წლის ღონისძიებაზე, GWS-ის ბაღში შედგა. ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია GWS-ის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის მიერ წარმოებული პრუდუქციის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის და მხოლოდ დარჩენილი 10 პროცენტი ფარავს ადგილობრივ ბაზარს. GWS-ის ღვინოები წარდგენილია ისეთ პრესტიჟულ ბაზრებზე, როგორებიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, შევეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ.

საიდან იწყება GWS-ის ისტორია?

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის 1993 წელს კომპანიააჩინებულისბაზაზე დაარსდა. 70-იან წლებში საბჭოთა პოლიტიკა უფრო მეტად რაოდენობრივ მაჩვენებელზე იყო ორიენტირებული, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კახეთში მოქმედი ღვინის საწარმოები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამ მოტივით გადაწყდა, რომ კახეთში, მეღვინეობის ცენტრში, დაეფუძნებინათ კომპანიააჩინებული,“ რომელიც დიდი ოდენობით ღვინის წარმოებას შეძლებდა და, ამავე დროს, მნიშვნელოვან აქცენტს გააკეთებდა ხარისხზეც. 90-იან წლებში, როცა ბიზნესისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, არახელსაყრელი პერიოდი იყო, საქართველოში, ერთერთი პირველი მსხვილი ინვესტიცია სწორედ ღვინის სფეროში ჩაიდო. თუმცა ეს უკვე კომპანიის ისტორიის ფურცელია. იმ ისტორიის, რომელიც, ფაქტობრივად, ორ ძირითად ეტაპად იყოფა: ძველი GWS და ახალი GWS, როცა 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება უმთავრესი პრიორიტეტი გახდა.

კომპანია წარმატებულია საერთაშორისო ბაზარზეც. რა სახეობის ღვინო გაგაქვთ ექსპორტზე?

საამაყო ფაქტია ის, რომ კომპანია GWS-მა დამოუკიდებელი საქართველოდან პირველმა გაიტანა ექსპორტზე ქართული ბოთლირებული ღვინო. ბოთლში ღვინო ბევრგან ისხმებოდა, შეიძლებოდა ოჯახშიც ჩამოსხმულიყო, თუმცა ევროპული, თანამედროვე სტანდარტით ღვინის ჩამოსხმა სწორედ კომპანია GWS-მა დანერგა. კომპანიას სხვადასხვა სახის ღვინის წარმოების თვალსაზრისით ყოველთვის მრავალფეროვანი პორტფელი ჰქონდა. ცნობილი ბრენდითამადათავიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ექსპორტზე და ასევე გრძელდება დღესაც. ეს ბრენდი ყოველთვის ქართული ღვინის ელჩი იყო საზღვარგარეთ და მაღალ ხარისხს ღირსეულად წარმოაჩენდა ქვეყნის ფარგლებს მიღმა. GWS-ის პორტფელშია თეთრი, წითელი, როზე, ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ღვინო დაგვიანებული მოსავალით. ამას ქვევრის ღვინოც ემატება, რომელიც უნიკალურია და საქართველოს კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო ბაზარზე. კომპანია GWS აწარმოებს ღვინის სახეობების სრულ პორტფელს, რისი წარმოებაც შესაძლებელია საქართველოსა თუ ევროპაში.

რა განსაზღვრავს კომპანიის მრავალწლიან წარმატებას?

კომპანიის მთავარი ღირებულებები ხარისხი და პროფესიონალიზმია. 90-იანი წლების შემდეგ GWS-მა სხვადასხვა ეტაპი გამოიარა. 2013 წელს კომპანიაში, ფაქტობრივად, ახალი ეპოქა დაიწყო. იმისთვის, რომ ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონოდა, 2013 წლიდან დღემდე 20 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, რომელიც გათვლილია ორი მევენახეობასა და მეღვინეობის მიმართულებით. მომავალი 5 წლისთვისაც იგივე იგეგმება. 2016 წელს კომპანიის პორტფელში წამყვან ბრენდებთან – „თამადასადაძველ თბილისთანერთად, გამოჩნდა კიდევ უფრო მაღალი კატეგორიის ბრენდივისმინო.“ 2018 წელსთამადასპორტფელს დაემატა პრემიუმ ხაზის დიდებული რეზერვი და ქვევრი. 2019 წელს კომპანიამ გამოუშვა ახალი საკულტო ღვინოების ლიმიტირებული კოლექცია, სახელადსაქართველოს ფერები.“

როგორ არჩევთ თემატიკას კომპანიის მთავარი მიღებისთვის, რომელიც თელავში ყოველწლიურად იმართება?

ეს მიღება GWS-ის ბაღში 2016 წლიდან ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 2016 წელს დაემთხვა ისიც, რომ კომპანიამ დაარსებიდან 40 წლის იუბილე იზეიმა. 2017 წელსთამადასდიდებულ რეზერვსა და ქვევრს მივუძღვენით საღამო, სახელწოდებითბახუსის ზეიმი.“ ეს ის პერიოდი იყო, როცა ბორდოში საქართველო მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლოდ აღიარეს. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას დავუკავშირეთ წლის მთავარი საზეიმო მიღება. შარშანდელ ღონისძიებასტკბობის ბაღიდავარქვით. ეს იყო ბაროკოს თემაზე გამართული საღამო, სადაც საკულტო ღვინოების კოლექცია-„საქართველოს ფერებიწარვადგინეთ. შარშანდელი უნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ის, რომ ვენაში, ალბერტინას მუზეუმში გამართულ ფიროსმანის გრანდიოზული გამოფენის გახსნის დღეს გალა ვახშამზეთამადასღვინოებით ვუმასპინძლეთ ვერნისაჟზე მოწვეულ სტუმრებს. ძალიან ამაღელვებელი და, ამავე დროს, სიმბოლურიც იყო: „თამადასეტიკეტზე ფიროსმანისხუთი თავადის ქეიფიაგამოსახული. ეს ნახატი არაჩვეულებრივად გამოხატავს ღვინის სმისა და სუფრის ქართულ ტრადიციას. თანაც შარშან ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ფიროსმანის თემა წელსაც გვინდოდა გაგვეგრძელებინა, ამიტომ პროექტში ხუთი თანამედროვე მხატვარი ჩავრთეთ, როლებმაც იმუშავეს და, „ხუთი თავადის ქეიფისშთაგონებით, თავიანთი ფერწერული ინტერპრეტაციები შექმნეს. ნამუშევრების გამოფენა თელავში, GWS-ის წლის ღონისძიებაზე შედგა.

თვლით თუ არა, რომ ქართული ღვინო, როგორც ქართული კულტურის ნაწილი, მნიშვნელოვანი გზავნილია მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნიდან?

ზოგადად, ქართული ღვინო, მოგეხსენებათ, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული მხატვრობასთან თუ მუსიკასთან. ის ფაქტი, რომ ხელოვნება უძველესი დროიდან აღწერდა ღვინის კულტურას, მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ღვინო და ქართული ვაზი ჩვენი ყოფისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობის მქონე იყო. მე-19 საუკუნეში ფიროსმანი თავის ნახატებში ძალიან კარგად აღწერდა ამ ტრადიციასა და სიმბოლოებს. GWS-ის შთაგონებაც ქართული ღვინისა და ხელოვნების სინთეზია. კომპანია თავის კონკრეტულ ბრენდებს უკავშირებს მხატვრობასა თუ მუსიკას. ამის მაგალითია თუნდაცვისმინო“- ჩვენი ბრენდი, რომლის შეფუთვის მთავარი იდეაც ისაა, როგორ შეიძლება ბგერა გარდაისახოს ფერად. ღვინისთვის აბსოლუტურად ორგანულია ეს ჰარმონია, ჩვენი წინაპრები უმღეროდნენ ვენახს იმისთვის, რომ დადებითი მუხტი მიეტანათ მისთვის, ჰარმონია შეექმნათ და, საბოლოოდ, ღვინოს ასეთივე ჰარმონიულ განწყობაზე დაეყენებინა ადამიანი. ჩვენც მივყვებით ამ ტრადიციას და ცოტა უფრო თანამედროვე სახით ვქმნით ალეტრნატიული კონცეფციის მქონე ბრენდებს. პარალელურად კი ტრადიციულ ხაზსაც ვაგრძელებთთამადასადაძველი თბილისისსახით.

უკვე გადაწყვეტილია რა იქნება მომავალი წლის მთავარი ღონისძიების თემატიკა?

წინასწარ არასდროს ვიცით, რა იქნება მომავალი წლის მთავარი თემა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ჩვენი მთავარი მეღვინე, ფილიპ ლესპი, რომელიც ფრანგია და ევროპული ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ, 2013 წლიდან ცხოვრობს თელავში, კომპანია GWS-ის აღმასრულებელი დირექტორია და ქართველი მეღვინეების ჯგუფთან ერთად უვლის ვენახებს. სწორედ ამ ვენახებიდან, იდეალურად შერჩეული ტერუარებიდან იქმნება უმაღლესი კლასის, განსაკუთრებული ღვინოები. მეღვინეები არ გვიმხელენ ხოლმე, რა გველის სიურპრიზად და წლიდან წლამდე თავდაუზოგავად მუშაობენ იმ ხარისხისა და ხასიათის ღვინის მისაღებად, რაც მართლა სურთ და რაც თამამად შეუძლიათ მომხმარებელს წარუდგინონ.