საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დოლარიზაციის შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია ადგილობრივი ბიზნესისა და მოსახლეობის უცხოური ვალუტით დაკრედიტებასა და დეპოზიტების მოზიდვას გულისხმობს. კობა გვენეტაძე წერს, რომ ფინანსური დოლარიზაცია მსოფლიოს მრავალი განვითარებადი ქვეყნისათვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.
როგორც წესი, დოლარიზაციის წარმოშობა ისტორიულად მაკროეკონომიკურ არასტაბილურობასა და ჰიპერინფლაციურ პერიოდებს უკავშირდება. ასეთ პერიოდებში სტაბილური უცხოური ვალუტა უფრო მიმზიდველი ხდება.
მიუხედავად მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობისა, რომელიც გამოიხატება ეკონომიკური შოკების შერბილებაში, ასეთი ტიპის გაცვლითი კურსის პირობებში ადგილობრივ მსესხებლებს, რომელთაც სესხი უცხოური ვალუტით აქვთ, სავალუტო რისკი წარმოექმნებათ.
გარდა ამისა, კომპანიების სესხების მაღალი დოლარიზაცია ინფლაციის მერყეობასაც ზრდის და ამასთან, ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. დოლარიზაციის გამო პროცენტების მკვეთრად გაზრდა-შემცირება კი ეკონომიკის უფრო მაღალ მერყეობას იწვევს და, შედეგად, ამცირებს გრძელვადიან ზრდას.
ამ და სხვა პრობლემების გამო, დოლარიზაცია ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც. საკრედიტო რეიტინგი პირდაპირ აისახება საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული რესურსის ფასზე. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რისკი, მით უფრო მაღალია მოზიდული კრედიტის ფასი და ნაკლებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.
მაკროეკონომიკური არასტაბილურობა კი დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. შესაბამისად, დოლარიზაცია ზიანს აყენებს როგორც დოლარის მსესხებლებს, ასევე მოსახლეობის ყველა სეგმენტის, მათ შორის, პირებს, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვთ.