სოციალური ანტრეპრენერი | ინტერვიუ ეკატერინე გველესიანთან

ეკა სიმშვიდეს და შეუპოვრობას ერთდროულად ასხივებს. მასთან ხანმოკლე კომუნიკაციაც კი საკმარისია იმისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ საქმე მიზანდასახულ ქალთან გაქვთ, ქალთან, რომელმაც ბიზნესში საკუთარი თავი დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შექმნა. ეკატერინე გველესიანი ახლა სასტუმროს მესტიაში, ტურისტულ კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას პარალელურად ხელმძღვანელობს. საქმე, რომელსაც აკეთებს თავისუფლების იმ სიყვარულითაა შთაგონებული, რომელიც მთაში, უფრო ზუსტად კი სვანეთში იპოვა.

ფოტო: ფირო აბრამიშვილი / Forbes Woman Georgia

ეკას ბავშვობის ოცნება ყოველთვის მესტიას უკავშირდებოდა, ბაბუას ხშირად უყვებოდა, როგორ ააშენებდა საკუთარ სასტუმროს საკარმიდამო სივრცეში. უმაღლესი განათლების მიღებაც ტურიზმის ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმა, თუმცა, რადგან მაშინ ეს სფერო ნაკლებად პოპულარული იყო ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარება მოუწია. ოცნებაზე უარი არასოდეს უთქვამს, ამიტომაც 2020 წელს შვეიცარიაში ლოზანის ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სკოლაში (EHL) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს იცავს, ეკას სადიპლომო ნაშრომი მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და საქართველოში ოვერტურიზმის საფრთხეებს შეეხებოდა. მანამდე ეკა სწავლობდა და მუშაობდა საფრანგეთსა და გერმანიაში, საქართველოში დაბრუნებულმა კი საჯარო სამსახურში, უფრო ზუსტად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაიწყო მუშაობა.

„საკუთარი სასტუმრო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა, როცა გავიზარდე ამ ოცნებამ უკან გადაიწია, მაგრამ ჩემი ცხოვრების გზაზე მოხდა ისეთი მოვლენები, რამაც დამარწმუნა, რომ როცა რამის გაკეთება ძალიან გინდა მას ბოლომდე უნდა მიჰყვე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად მაქვს სურვილი რომ თავად ვქმნიდე, ამიტომაც საჯარო სამსახურში თვითრეალიზება გამიჭირდა და შევეჭიდე საქმეს, რომელიც მთელი გულით მინდოდა“.

ენთუზიაზმით სავსე ეკამ სასტუმროს შენება ნულიდან დაიწყო. ამბობს რომ ოცნების რეალობად ქცევა დიდი შრომის და მისი შეუპოვარი ხასიათის შედეგია. უარს არასოდეს იღებს, პირიქით ამ შემთხვევაში მეტი ინტერესი უჩნდება.

როცა ეკას გვარს იგებ, სვანეთთან მარტივად აკავშირებ, თუმცა მაინც ვსვამ კითხვას, რატომ სვანეთი?

„წარმოშობით სვანი ვარ, ბებია-ბაბუას გაზრდილი და ბაბუამ მესტიაში მემკვიდრეობით სახლი და მიწის ნაკვეთები დამიტოვა. როცა ბავშვობაში მესტიაში დასასვენებლად დავდიოდით, იქ ისეთ თავისუფლებას შევიგრძნობდი, რასაც ვერსად სხვაგან. ბუნება, მთები, სვანური გარემო სულ სხვა განცდებს აღძრავს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრგან მიცხოვრია, ასეთი თავისუფლებისა და სიამაყის განცდა სხვაგან არსად მიგრძნია, ამიტომ სვანეთი!“.

ეკატერინე გველესიანის სასტუმროს „ფალიანი“ ჰქვია, ბაბუის შამილ ფალიანის პატივსაცემად. 60 სტუმარზე გათვლილი სასტუმრო მესტიის საუკეთესო ადგილას მდებარეობს, საუკეთესო იმიტომ, რომ აქ პანორამული ხედი დაგხვდებათ, მხოლოდ სასტუმრო „ფალიანიდან“ შეგიძლიათ მესტიაში მდებარე ყველა კოშკის დანახვა. სასტუმროს შენობის ბოლო სართულზე ჰოსტელი მდებარეობს, 14 საწოლით, შენობაშია რესტორანიც უგემრიელესი სამზარეულოთი.

ფოტო: ფირო აბრამიშვილი / Forbes Woman Georgia

საოცნებო ბიზნესგეგმის წერას ეკა 2016 წელს იწყებს და ასე იწყება გამოწვევებით სავსე გზა, მათ შორის ისეთი გამოწვევებით, რომელსაც მხოლოდ სვანეთში შეხვდებით. მთავარ სირთულეებად ჩვენთან ინტერვიუში კვალიფიციური სამუშაო ძალის არარსებობას, მოუწესრიგებელ ლოგისტიკას, გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და უკიდურესად პასიურ საზოგადოებას ასახელებს.

„ერთია, როცა სვანეთში დასასვენებლად ჩადიხარ და მეორეა, როცა სვანეთში ბიზნესს იწყებ. ამ დროს ისეთ სირთულეებს აწყდები, რომელიც არც კი წარმოგედგინა, თუმცა ჩემთვის ეს გამომწვევებიც კი საინტერესო გახდა. მაგალითად, სვანეთში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ამის მთავარი მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის გადინებაა. ბიზნესს შეუძლია დაიქირაოს კადრები თბილისიდან და წაიყვანოს რეგიონში სამუშაოდ, ან ადგილობრივი ახალგაზრდები დააინტერესოს ისე, რომ ისინი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დარჩნენ. მე მეორე გზას ვირჩევ და მგონია, რომ თუ ბიზნესი ძირითადად ასე იფიქრებს, ბევრად მეტ წარმატებას მივაღწევთ. სასტუმროს სახელი ბაბუის პატივსაცემად დავარქვი, მისი დამსახურებაა რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ბაბუა ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო, შესაბამისად მინდოდა მისთვის პატივი მეცა“.

ეკატერინე გველესიანის მენეჯერული მართვის სტილი ემპათიას და ნაკლებ სიმკაცრეს ეფუძნება. ცდილობს, დასაქმებულებს მეტი თავისუფლება მიანიჭოს, რათა ისწავლონ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ.

მესტიაში აქტიურად ცხოვრების წლებმა დაანახა, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, მოსახლეობა პასიურია. 2023 წელს, პირადი სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ფრიდრიხ ებერტის ფონდისგან, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსგან და რონდელის ფონდისგან ეკამ გრანტების მოპოვება შეძლო, რათა სოციალური აქტივიზმის გაძლიერების მიმართულებით ემუშავა. შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების საჭიროებაც გაჩნდა.

„თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“ სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, სოციალური აქტივიზმის გასაძლიერებლად და სვანეთში არსებული პრობლემების და გამოწვევების მოსაგვარებლად შეიქმნა.

„ჩვენზე ‒ ადგილობრივ მოსახლეობაზე ‒ უკეთესად არავინ იცის ჩვენი პრობლემების და მათი მოგვარების გზების შესახებ. ადგილზე ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რაზეც მოსახლეობის აქტიურობა აუცილებელია, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ აქტიურობს. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსების საჭიროება დავინახე, იმისთვის რომ ადგილობრივი თემისთვის ცოტა ხელი შეგვეწყო, რათა მათ პრობლემებზე საუბარი დაეწყოთ. ადგილობრივებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ თუ გამოწვევებზე ისაუბრებენ შეიძლება პრობლემები შეექმნათ, რომ საუბარს აზრი არ აქვს. სვანეთის მოსახლეობას მოტივაცია აქვს დაკარგული და ადგილობრივებში ნიჰილიზმია, ეს კი ძალიან საშიშია. თუ გადავხედავთ წარმატებული ქვეყნების მაგალითებს, ყველა ქვეყანა, სადაც მაღალია სოციალური აქტივიზმი, წარმატებულია. ჩვენც თუ გვინდა, რომ წარმატებული ქვეყნების დონემდე მივიდეთ, აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. მიმდინარე პროექტებზე მუშაობისას, მოსახლეობას ვხვდებით არა მხოლოდ მესტიაში, არამედ უშგულში, ჭუბერში, ხაიშში, სვანეთის სხვადასხვა სოფლებში. ვეკითხებით კონკრეტულად რა პრობლემები აწუხებთ. ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ სვანეთში დენის და გზის პრობლემაა, მაგრამ რაღაც პრობლემა რაც არის ვთქვათ მესტიაში, იგივე პრობლემა არ არის ჭუბერში, სულ სხვა პრობლემაა უშგულში და ასე შემდეგ. პრობლემების გამოკვეთის შემდეგ ერთად ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს. მოსახლეობის ინტერესი თავიდან ნაკლები იყო, მაგრამ როგორც კი ჩვენგან შედეგი დაინახეს, აქტივობაც გაიზარდა“.

ორი საქმე ეკასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომაც კიდევ ერთ მიმართულებას შეეჭიდა და ტურისტული კომპანია „ფალიანი ტური“ დააფუძნა, რომელსაც თავიდან შემომყვან ტურებზე უნდა ემუშავა, თუმცა მესტიაში ყოფნამ ეკა დაარწმუნა, რომ ადგილობრივების სამოგზაუროდ წაყვანას ქვეყნისთვის ბევრად დიდი ეფექტის მოტანა შეეძლო.

„ზოგადად, ტურიზმს რომ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ეს ახალი არაა. სამწუხაროდ, სვანეთში გვაქვს უარყოფითი გავლენის მაგალითებიც, როგორიცაა, არქიტექტურული დაბინძურება, ეკოლოგიური საფრთხეების უგულებელყოფა, ტყის მასივების განადგურება. ამ პრობლემებზე ჩვენი სათემო ორგანიზაციაც მუშაობს აქტიურად, მაგრამ ასევე დავინახეთ იმის საჭიროება, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლოთ თავიანთი თვალით ნახონ ევროპის ქვეყნების წარმატებული მაგალითები მდგრადი განვითარების კუთხით. სწორედ ამისთვის შეიქმნა „ფალიანი ტური“, რომელიც ადგილობრივებს და არამხოლოდ, უწევს ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურების ორგანიზების მომსახურებას. ზოგადად, მოგზაურობას საგანმანათლებლო დატვირთვაც უდიდესი აქვს და ამით ადგილობრივებს საშუალება მიეცემათ, რომ საკუთარი თვალით ნანახი კარგი მაგალითები, თუნდაც ნარჩენების მართვის, ეკოტურიზმის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, გადმოიტანონ და ჩვენთან დანერგონ. ადგილობრივი თემი, რომელსაც უფრო ზუსტად ეცოდინება, თუ რა არის კარგი, უდიდესი ძალაა და ეს პოტენციალი აუცილებლად ასათვისებელია. ამ მიმართულებით რაც უფრო მეტს იმუშავებს სახელმწიფო, ბიზნესი და დონორი ორგანიზაციებიც, მით მეტ წარმატებას მივაღწევთ“.

თავად როდის ჩათვლის, რომ ყველა მიზანს მიაღწია? ეკა გვეუბნება, რომ ამ კითხვაზე ხშირად ფიქრობს, თუმცა საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან მის გონებაში მუდმივად ახალი იდეები ჩნდება.

ფოტო: გიორგი იოსელიანი / Forbes Woman Georgia

„თანდათან მივხვდი, რომ ჩემი გონება მუშაობს შემდეგნაირად: ხედავს პრობლემას, იწყებს მისი გადაჭრის გზების ძიებას, ოღონდ არა ზედაპირულად და მიკრო დონეზე, არა დროებით, არამედ საფუძვლიანად და მასშტაბურად. სწორედ ეს არის ჩემი მოწოდება. სასტუმრო „ფალიანი“ უბრალოდ დასაწყისი იყო. რეგიონში გადასვლამ დამანახა თუ რამდენი მიმართულებით და რამდენგანზომილებიანი გამოწვევებია და ჩემი შემდგომი საქმიანობებიც სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევადაა მიმართული. სოციალური ანტრეპრენერი ალბათ ყველაზე მეტად მომესადაგება ‒ საქმიანობა არა მხოლოდ მოგების მიღების მიზნით, არამედ საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად“.

პიროვნული თვისებების, განათლების და გამოცდილების კომბინაცია – ეს ეკატერინე გველესიანის პირადი წარმატების ფორმულაა. ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ საკუთარი ძალებით მიღწეული წარმატებაა.

„შეუპოვარი ხასიათი, თანდაყოლილი ლიდერობის უნარი, ძლიერი ემოციური ინტელექტი, გარემოს გაუმჯობესებისკენ სწრაფვა, მუდმივი თვითგანვითარება და რაც ყველაზე მთავარია, სწავლა და მუხლჩაუხრელი შრომა. ამ ბოლო ორის გარეშე ნამდვილი წარმატება არ მოდის. მე ვარ თვითშექმნილი ქალი ბიზნესში, არც მემკვიდრეობით გადმომცემია რაიმე სახის პრივილეგიები, არც რაიმე ტიპის სარფიანი გარიგებით. ჩვენთვის ყველაფერი უფრო რთულად მიღწევადია, სამაგიეროდ, ბევრად უფრო დასაფასებელი და საამაყო. რთული გზა იყო და არის, უსამართლობებით, გულის ტკენებით აღსავსე. ხშირად ხვდები, რომ არავის ესმის შენი სინამდვილეში, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ აღიქვამენ ბოლომდე, თუ რა პასუხისმგებლობები გაკისრია, როგორი შვილივით ძვირფასია შენს მიერ შექმნილი ბრენდი, რამდენ რამეზე გიწევს ფიქრი, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო დგება. მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ეს ყველაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არაა, რომ წინსვლაში ხელი შეგვიშალოს. მეტიც, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წყენა და ტკივილი, რომელიც გამოგვიცდია, გარდავქმნათ მეტი წარმატებისკენ მამოძრავებელ ძალად“.