ნინო გვაზავა HT Solutions-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ნინო გვაზავა IT საკონსულტაციო კომპანიის HT Solutions-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე არჩევამდე ნინო ამავე კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

HT Solutions ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა და დღემდე IT ოპტიმიზაციისა და ტრანსფორმაციის არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებია, თითქმის ყველა სფეროს ორგანიზაციაში.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინო Forbes Woman Georgia-ს უზიარებს თავის ხედვასა და გეგმებს კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით, ამასთან, განიხილავს პანდემიის გავლენას სფეროზე და გვიყვება, როგორი გუნდის წევრებს ეძებს ორგანიზაციული ტრანსფორმაციის გზაზე.

ნინო, როგორია თქვენი გეგმები ახალ როლში – როგორ ხედავთ HT Solutions-ის განვითარებას?

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მისია, HT Solutions გახდეს ქვეყნის ტექნოლოგიური სახე მსოფლიოში – ეს თავისთავად მოითხოვს ცვლილებებს, როგორც ორგანიზაციის ხედვაში, ისე სტრატეგიაში, სტრუქტურასა და სავარაუდოდ, კულტურაშიც. ასევე, გვსურს მომავალ წელს სულ მცირე ერთ უცხოურ ბაზარზე ვიყოთ წარმოდგენილები. ამ მიზნის მისაღწევად ვაწარმოებთ მოკვლევას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აზერბაიჯანისა და კატარის ბაზრებზე, რათა იდენტიფიცირებული გვქონდეს მათთვის საინტერესო მიმართულებები.

ჩვენი მისიის მხარდასაჭერად შევცვლით ორგანიზაციის სტრუქტურასა და როლებს – ვქმნით საბჭოს, რომელიც დაკომპლექტდება მსოფლიოში აღიარებული ინჟინრებითა და IT სპეციალისტებით, მათი დახმარებით კი მივიღებთ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ საკითხებზე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა უკვე შევთავაზეთ რამდენიმე პროფესიონალს – უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან და არაქართველებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, მალე მომეცემა შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ გუნდის ახალი წევრები.

ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა პანდემიის პერიოდში – რა ტიპის მხარდაჭერას შესთავაზებთ ბიზნესებს ამ მიმართულებით?

2020 წლის დასაწყისში ჩვენ ვამბობდით, რომ არ დარჩენილა ინდუსტრია, სადაც ტექნოლოგიებმა ძირეული რეფორმა არ გამოიწვია – იქნება ეს მედიცინა, ბანკინგი, კვება, მოგზაურობა თუ მძიმე მრეწველობა. შემდეგ იყო მოულოდნელობებითა და გაურკვევლობებით სავსე წელი. ამ პერიოდმა კომპანიებს, რომლებიც ტექნოლოგიებში მანამდე ახორციელებდნენ ინვესტირებას უკუგება ძალიან სწრაფად მოუტანა და ისინი გაცილებთ წინ აღმოჩნდნენ, იმ კომპანიებთან შედარებით, რომელიც ამ მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ეს უკანასკნელნი იძულებულები გახდნენ ან დაეჩქარებინათ ტრანსფორმაცია ან ბაზრიდან გასულიყვნენ.

გაციფრულების ეს ტემპი მომავალში მხოლოდ დასწრაფდება – ჩვენ უკვე შევეჩვიეთ და გვჭირდება კიდეც მაქსიმალურად მეტი სერვისი მივიღოთ ონლაინ. VISA ვარაუდობს, რომ ონლაინ მყიდველების 60% რეგულაციის შემსუბუქების შემდეგაც კი ონლაინ გააგრძელებს ვაჭრობას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბიზნესს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება სურს, ციფრული გაძლიერება პრაქტიკულად ერთადერთი გამოსავალია.

გლობალური ტრენდები საქართველოშიც მეორდება. ჩვენ ვნახეთ კომპანიები, რომლებიც რამდენიმე დღეში გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, და ონლაინ მომხმარებელთა მნიშვნელოვნად გაზრდილ ნაკადს სრული მზადყოფნით შეხვდნენ, შედეგად, სწრაფად დაიჭირეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. მიხარია, რომ ამაში ჩვენი კომპანიის წვლილიც იყო, რადგან არაერთ ბიზნესს დავეხმარეთ მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეკოსისტემა მომხმარებლებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი და სანდო. ამ ყველაფერს კი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, კიბერუსაფრთხოების, დევოპსის და ინფრასტრუქტურული ოპტიმალური გადაწყვეტილებების ინტეგრაციით მივაღწიეთ.

გაციფრულება გრძელვადიანად და აქტიურად გაგრძელდება, ჩვენც ბიზნესების მხარდამხარ მივდივართ ამ ძალიან საინტერესო და ინოვაციებით აღსავსე გზაზე.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ან პროდუქტი, რომელზეც ახლა მუშაობთ და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც პანდემიას ვუპასუხეთ ეჯაილ ტრანსფორმაციაა. ბევრ ორგანიზაციას პროდუქტიულობისა და გაზომვადობის პრობლემა ჰქონდა. ამასთან, ის კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე იყვნენ ტრანსფორმირებულები, მაგალითად ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახლიდან მუშაობაზე გადასვლის პირველ ტალღას შედარებით მარტივად შეხვდნენ, ვიდრე ტრადიციული მენეჯმენტ ფრეიმვორქით მოქმედი კომპანიები. ჩვენ ძალიან საინტერესო პერიოდი გვქონდა რამდენიმე ორგანიზაციაში, სადაც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაწყობის პარალელურად ვახორციელებდით კომპანიის ეჯაილზე გადაყვანას – ამ პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა და გუნდებმა ოფისისგან დაშორებით მუშაობა შეუფერხებლად, მეტიც, უფრო მაღალი პროდუქტიულობით განაგრძეს, მათ გუნდებში მოტივაცია, კოლაბორაცია და სინქრონიზაციის დონე შესამჩნევად მაღალი იყო.

ასეთივე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კიბერ-უსაფრთხოებ. სახლიდან მუშაობის პრაქტიკამ დიდი გამოწვევა შეუქმნა კორპორაციების კიბერ-უსაფრთხოების გუნდებს – მათ, თანამშრომლების სახლიდან მუშაობის პირობებშიც, ორგანიზაციის მონაცემების დაცულობის მაღალი სტანდარტები უნდა შეინარჩუნონ. დელოიტის კვლევის თანახმად, 2020 წლის აპრილში შვედეთში 350 კიბერშეტევა განხორციელდა ორგანიზაციებზე, როცა პანდემიის დაწყებამდე ყოველთვიური საშუალო 100-150 შემთხვევა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ სახლიდან მუშაობისას მონაცემთა დაკარგვის საშუალო ფინანსური ზარალი $137,000-ია, ბიზნესისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. გლობალურადაც და საქართველოშიც CISO-ებს საკმაოდ დიდი გამოწვევები ჰქონდათ. მრავალმა ორგანიზაციამ განახორციელა ცვლილებები – პროცედურების, ადამიანების და გადაწყვეტილებების ჭრილში. მოხარულები ვართ, რომ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოში ამ გამოწვევის გადალახვაში ჩვენ დავეხმარეთ და მათი ინფორმაციისა და ბიზნესის დაცულობაზე ზრუნვას მაღალი დონის პროფესიონალებთან და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებთან ერთად განვაგრძობთ.

როგორი უნდა იყოს თქვენი გუნდის წევრი?

ძალიან საინტერესო კითხვაა! როგორც გითხარით, გუნდს მისიის შესაბამისად ვაკომპლექტებთ, გვაქვს უამრავი ახალი და არსებული პოზიცია, რომელზეც ვარჩევთ სირთულეების მოყვარულ, ამბიციურ და პატრიოტ ადამიანებს. საქართველო უნდა იყოს ცნობილი არა მხოლოდ როგორც დასასვენებელი ადგილი, არამედ, როგორც ტექნოლოგიური ცენტრიც. ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში სკოლის ასაკიდანვე წამყვანი პოზიციები უკავიათ მსოფლიო ოლიმპიადებზე ქართველ მოსწავლეებს, გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტიც. თუმცა, ასეთი კომპეტენციების მქონე ადამიანები მასიურად მიდიან სხვე ქვეყნებში, გვსურს ეს შეიცვალოს და ჩვენც ვიყოთ ამ ცვლილების ნაწილი.

ჩვენთვის მთავარი ღირებულება ქვეყნის სიყვარული, ტექნოლოგიების მეშვეობით რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და შრომისმოყვარეობაა. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც პირველ რიგში ამ ღირებულებებს იზიარებენ, რადგან 2020 წლის კრიზისმა დაგვანახა გუნდის საერთო იდეის ქვეშ გაერთიანების მნიშვნელობა. ვაპირებთ, რომ ახალი წევრების შემოერთებისას ვიყოთ უკომპრომისოები ღირებულებების ნაწილში. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად კი აქტიურად ვიზრუნებთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამ ეტაპისთვის ვეძებთ ვარსკვლავებს, რომლებთან ერთადაც გავაუმჯობესებთ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას და ვიქნებით მათი ტექნოლოგიური ელჩები საზღვრებს გარეთ.