ნინო გვაზავა მხოლოდ 24 წლისაა და უკვე აქვს მიზანი, რომ საქართველო რეგიონში DevOps-ი კომპეტენციის ჰაბად აქციოს. რა არის DevOps-ი? კითხვას თავად ასე პასუხობს: DevOps ‒ ციფრული პროდუქტების წარმოების პროცესია. ნინო, ამ საკმაოდ ამბიციური მიზნის მიღწევას, კომპანია HT Solution-თან ერთად აპირებს, სადაც ახლა უკვე DevOps-ის დეპარტამენტის დირექტორია.
ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტმა კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებს 2 წლის წინ დაუკავშირა. მანამდე თავისუფალი უნივერსიტეტი კურსზე საუკეთესო სტუდენტის სტატუსით დაასრულა. სკოლაში ექიმობაზეც ფიქრობდა, სკოლაში დამრიგებელი მასში მუდმივად საქმიან „ბიზნესვუმენს“ ხედავდა. საბოლოოდ კი გულმა ბიზნესისკენ გაუწია. ასეა დღემდე, მეორე კურსიდან აქტიურად ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, მოსწონს რომ მუდმივად დაკავებულია.
„უნივერსიტეტში სტანდარტულად ერთ სემესტრში 4-5 საგანი გვქონდა, ერთ-ერთ სემესტრში 9 საგნის აღება მომიწია, აქედან, ერთი ჩინური იყო. იმ წელს, პარალელურად, 3 პროექტში ვიყავი ჩართული. სემესტრის ბოლოს ვფიქრობდი, გადავრჩებოდი თუ არა?! გადავრჩი და თან ისე, რომ ცხრავე საგანში A გამომყვა. მათ შორის ჩინურშიც. მას შემდეგ თუ რაიმე მაინტერესებს ჯერ ვთანხმდები და მერე ვფიქრობ, დრო როგორ გადავანაწილო“.
ჩინურის სწავლა პროფესიიდან გამომდინარე გადაწყვიტა, იფიქრა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტს შესაძლოა, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ეს ენაც დასჭირდებოდა. ახლა ჩინურის ცოდნას ჰობს ადარებს, საჭიროების შემთხვევაში, ცოდნის გაღრმავებასაც გეგმავს.
ნინოს ერთ-ერთი პირველი სამსახური RSM Georgia Solutions იყო, სადაც SAP-ის ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციას იკავებდა; ის SAP B1-ის პირველი სერტიფიცირებული სპეციალისტია საქართველოში. სწორედ ამ კომპანიაში დარწმუნდა, რომ მომავალი – ტექნოლოგიებშია. ამიტომაც მოსწონს ამ სფეროში საქმიანობა, აქ გრძნობს, რომ ახლოს არის მომავალთან, შეუძლია რეალობას მინიმუმ ერთი ნაბიჯით გაუსწროს. ისიც მოსწონს, რომ ქვეყანაში მოწინავე IT ტექნოლოგიების შემოტანაში წვლილი შეაქვს.
ასე იყო მაშინაც, როცა „კნიკის“ მარკეტინგის დირექტორი გახდა და ამ სტარტაპმა „ჭკვიანი ბეჭედი“ შექმნა; ეს ინოვაცია იყო საქართველოსთვის! „კნიკის“ „ჭკვიანი ბეჭედი“ იმდენად ჭკვიანია, რომ მასში შეიძლება გადახდის ბარათების, საშვების, პირადობის მოწმობის ჩაწერა. როცა ნინო „კნიკში“ მუშაობდა, საქართველოში შექმნილი „ჭკვიანი ბეჭედი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა, შედეგიც მალევე დაიდო, ბეჭედი Amazon-ის გაყიდვების რჩეული პროდუქტი გახდა.
ინოვაციებთან სიახლოვემ IT ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაზარდა. ამ მიმართულებით განვითარების მოტივით ერთ-ერთ კომპანიაში გასაუბრებაზე მისულმა IQ ტესტში 100% აიღო – „HR გადაირია“, – ღიმილით იხსენებს და გვიყვება, რომ სწორედ ამ შედეგმა მიიყვანა HT Solution-მდე, კომპანიამდე, რომელთანაც თანამშრომლობენ: „საქართველოს ბანკი“, „მაგთი“, „თეგეტა მოტორსი“, ფინანსთა სამინისტრო და სხვა არაერთი ოფიციალური უწყება, თუ წამყვანი კომპანია.
HT Solution-ში მისული 22 წლის ნინო იმ მიმართულებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სწორედ მაშინ ყალიბდებოდა და რომლის სპეციალისტიც საქართველოში არ იყო. კომპანიის დირექტორმა გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნინო უნდა გაძღოლოდა DevOps-ის მიმართულებას; მას შემდეგ ის კომპანიებს ეხმარება, რომ ციფრული პროდუქტების წარმოება უფრო ავტომატიზებული გახადონ. ერთერთი ასეთი პროდუქტი „საქართველოს ბანკის“ მობაილ ბანკია. ნინოს ხელმძღვანელობით მისმა დეპარტამენტმა ბანკისთვის ისეთი მონიტორინგის სისტემა შექმნა, რომლის მეშვეობით ფინანსურმა ინსტიტუტმა ზუსტად იცის, რატომ შეექმნა მის კლიენტს მობაილ ბანკით მუშაობისას პროგრამული ხარვეზი და რამდენად კმაყოფილები არიან მომხმარებლები ამ პროდუქტით. – „ეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც აკვირდება, სწავლობს და დასკვნებს აკეთებს. ამ პროგარამას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Delta Airlines, Walmart“.
სწორედ იმიტომ, რომ 2 წლის წინ DevOps საქართველოში თითქმის არავინ იცოდა, ნინოს ყველაფრის სწავლა თავისით მოუწია, ძირითადად, ინტერნეტ მასალებით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებით, მათი გამოცდილების გაზიარებით და, პირველ რიგში, წიგნებით. რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს ცოდნა უნიკალურია. დღეს უწევს იკითხოს ბევრი, უსმინოს უცხოელ სპეციალისტებს. შედეგი კი ისაა, რომ მის დეპარტამენტს უკვე იმხელა კომპეტენცია დაუგროვდა, რომ მათ დამოუკიდებლად, უცხოელი კადრების გარეშე შეუძლიათ კომპანიებისთვის მომსახურების გაწევა. ადრე ამისთვის, ძირითადად უკრაინიდან ჩამოჰყავდათ სპეციალისტები. „უცხოელების შეფასებაა, რომ უკვე საკმაოდ ძლიერები ვართ და არა მხოლოდ საქართველოში. პროექტებს ვახორციელებთ აზერბაიჯანშიც, ვაკვირდებით აზიის რამდენიმე ქვეყანას და კონკრეტული სერვისების გატანა ევროპაშიც გვინდა“.
ნინოს ეს არ აკმაყოფილებს, სურს რომ DevOps კომპეტენციის რეგიონული ჰაბი უკრაინიდან საქართველოში გადმოიტანოს. პროგნოზირებს, რომ ერთ წელიწადში, ამ გზაზე მის დეპარტამენტს კარგი შედეგები ექნება; მისი შეფასებით IT ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველო ევროპას დიდად არც ჩამორჩება, მერე რა რომ ინოვაციები სან-ფრანცისკოში „სილიკონ ველზე“ იქმნება და მერე რა, რომ საქართველო აშშ-დან ძალიან შორსაა? ამერიკაში წასვლას თავადაც გეგმავს, სასწავლებლად, ოღონდ მას შემდეგ, რაც იმ მთავარ მიზანს მიაღწევს, რის შესახებაც აღფრთოვანებით საუბრობს და რაც საქართველოსთვის ახალი სტატუსი იქნება.
სამსახურის პარალელურად ასწრებს და მეგობრებთან ერთად ტექნოლოგიური კონფერენცია დააფუძნა, რომელმაც წელს რეგიონული მნიშვნელობა შეიძინა. კონფერენციაც DevOps-ის მიმართულებაზეა კონცენტრირებული. ღონისძიების მიზანია ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციის თაობაზე ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.
იმ საქმეში, სადაც ბევრი კაცი და ძალიან ცოტა ქალია, ნინო ამბობს, რომ არ ჰქონია დაბრკოლება იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგოა, თუმცა, გაოცებულ მზერასაც შეხვედრია. ერთხელ მაშინ, როცა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში, შეხვედრაზე მისულს, მოლაპარაკების მაგიდასთან 6 კაცი ელოდა, ნინოს დანახვისას ექვსივეს კარისკენ გაუხედავს, სახეზე მკაფიოდ გამოსახული კითხვით – „ეს ბავშვი ვისთან ერთად არის?!“. ამ „ბავშვს“ შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილე ფეხზე ადგომით და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა. როცა ვეკითხები რის ხარჯზე იცვლება შეხედულებები, პასუხად პროფესიონალიზმს, თავდაჯერებულობას, ხედვებს ასახელებს.
ნინოს პროფესიონალიზმზე ყველაზე უკეთ იმ კომპანიებში საუბრობენ, რომლებსაც მასთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ბანკია.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ქალის როლის გაძლიერებაში, როგორც ეკონომიკაში, ასევე, განსაკუთრებით ისეთ დარგში, რომელიც მამაკაცის პროფესიად არის მიჩნეული. ნინომ დაამსხვრია სტერეოტიპი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს გენდერული ნიშნის მიხედვით ყოფს და დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიების სფერო თანაბრად საინტერესოა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის და ქალებს ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. მიგვაჩნია, რომ ქალთა ჩართულობა ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისა და მთალიანად დარგის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია“, ‒ აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ავტორი: სოფო ბერიძე
ფოტო: ანა ბოკო