„შავი ოქროს“ ქართველი გოგოები

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდი „გალფი“ გამოჩნდა. Gulf Georgia ახლა უკვე ბაზრის ლიდერად ითვლება და საწვავის ხარისხთან ერთად მომსახურების მაღალი დონითაც გამოირჩევა. მსოფლიო ბრენდის 10 წლიან ქართულ  ისტორიაში თეონა ონიკაძის 9 წლიანი გამოცდილებაც შედის, კომპანიაში სამი პოზიციის შეცვლის შემდეგ, დღეს, ის უკვე კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსია. მისი 25 კაციანი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი Gulf-ის პროდუქტებისა და სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. თეონა ონიკაძის გუნდის წევრი და მისი მოადგილეა სოფო ქათამიძე, ის კომპანიაში გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ფოტო: ანა ბოკო

პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად თეონას, როგორც კორპორატიული და საბითუმო დეპარტამენტის უფროსის ყოველდღიურ პრიორიტეტებს შორისაა, სისტემის მონიტორინგი, კომპანიისთვის სტრატეგიებისა და მიზნების დასახვა, თანამშრომლებისთვის რაციონალური გეგმის მიცემა. პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტმა Gulf Georgia-ში მუშაობა გაყიდვების მენეჯერის პოზიციით დაიწყო და დღეს მისი გუნდი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს ემსახურება. დეპარტამენტი, თეონას ხელმძღვანელობით, კორპორატიულ მომხმარებლებს საწვავის რაციონალური ხარჯვის მეთოდებს სთავაზობს, რომელთა შორის არის სატალონე, საბარათე და საბითუმო მომსახურება. ამ ყველაფრის პარალელურად, როგორც თავად გვიყვება, თეონა ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობს იმის შესახებ, რომ გუნდს სწორი – მიმართულება, თითოეულ წევრს კი მისცეს იმის საშუალება, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვან.

„ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეულმა თანამშრომელმა თავი დაფასებულად იგრძნოს“.

ასე რომ არ იყოს, 9 წელი ერთ კომპანიაში არც სოფო ქათამიძე გაჩერდებოდა. ისიც მარკეტინგის სპეციალისტია და მის სამუშაო გამოცდილებაში საერთაშორისო კომპანია “TMK Middle East“-ის დუბაის ფილიალში რამდენიმე თვიანი საქმიანობაც შედის. სწორად აქ გადაიკვეთა სოფოს და ნავთობის გზები პირველად. როცა საქართველოში დაბრუნდა, უკვე იცოდა რა იყო მისთვის საინტერესო სფერო და მესამე კურსის სტუდენტი Gulf Georgia-ში მოხვდა.

„მე და „გალფი“, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ“ – სოფომ ტალონების ოპერატორის პოზიციით დაიწყო, 2 თვეში გაყიდვების მენეჯერი გახდა, შემდეგ საბითუმო გაყიდვების განყოფილება ჩაიბარა, 2017 წლიდან კი უკვე კორპორატიულ გაყიდვებსაც ხელმძღვანელობს. სოფო ამბობს, რომ კომპანიაში მისი მოვალეობა გაყიდვების თითოეულ ოპერაციაში აქტიურ ჩართულობას, შესრულების კონტროლს და პროაქტიულ ანალიზს მოიცავს. თუმცა, როცა დაკისრებულ ვალდებულებებს პრიორიტეტებად ალაგებს, პირველ ადგილზე მისთვის თანამშრომელთა მოტივირება, მათი უნარების დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვაა.

Gulf Georgia-ში თეონას და სოფოს კომპეტენცია ქვეყნის მასშტაბით გაყიდვების 14 ობიექტზე ვრცელდება, სადაც კომპანიებს საწვავი შეუძლიათ შეიძინონ ტალონებისა და ბარათების მეშვეობით, მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება. ნავთობის სფეროს გოგოების მოვალეობაში ასევე შედის კომპანიებისთვის სითხის სახით, საბითუმოდ საწვავის შესყიდვის შეთავაზებაც, რომელიც საქართველოს მასშტაბით 4 ბაზიდან არის შესაძლებელი. გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის შედეგია, რომ Gulf-ის საბითუმო და კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, დღეის მონაცემებით კომპანია 4 000მდე კორპორატიულ და საბითუმო მომხმარებელს ემსახურება. 2016-2017 წლებთან შედარებით Gulf-ის კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა 40%ით არის გაზრდილი.

აქ ყველა ტიპის მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია, წლებია კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტი პორტფელის გაზრდაზე მუშაობს. ამ გზაზე კომპანიის სტრატეგიაა გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეთავაზებების სისტემატური გაუმჯობესება. კორპორატიული გაყიდვების გუნდი მომხმარებლებთან მოლაპარაკების პროცესში, ყოველდღიურად, დიდ ენერგიას დებს, ეს იმისთვის რომ, ყველას დეტალურად აუხსნან, რა უპირატესობით ისარგებლებენ Gulf-ის არჩევის შემთხვევაში.

ფოტო: ანა ბოკო

„გაყიდვების დეპარტამენტის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, სწრაფი და მათზე მორგებული მომსახურების შეთავაზებაა. ჩვენ მათ ვთავაზობთ საუკეთესო ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მომსახურებით. როდესაც ვიკვლევთ, რატომ გადმოდიან ან რატომ რჩებიან ჩვენთან კომპანიები, ვასკვნით, რომ ყველაფერი ხარისხის, მომსახურებისა და გუნდის ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. ყველასთვის მნიშვნელოვანია სისწრაფე და სანდოობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გალფი ნამდვილად არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ნებისმიერი კომპანია თუ ადამიანი შეიძლება ენდოს! ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებით, ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას ხელი შევუწყოთ“ – ასე Gulf-ის კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი გვპასუხობს.

იგივე შინაარსის კითხვაზე სოფო ქათამიძე გვეუბნება, რომ Gulf-ში მომხმარებლების მოსმენა უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ, რადგან ნავთობის სფეროს მომხმარებლები დღეს უკვე საკმაოდ ინფორმირებულები და გათვითცნობიერებულები არიან. „ბაზარზე მომსახურების სტანდარტთან მიმართებით მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნები გაიზარდა. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი პროდუქტების ცოდნა და კომერციული წინადადების გაგზავნა საკმარისი აღარ არის. მომხმარებელს უნდა აუხსნა და დაანახო სარგებელი, მოიპოვო ნდობა და გაუწიო საუკეთესო მომსახურება“ – ამბობს სოფო ქათამიძე.

დიდწილად, სწორედ ასეთი მიდგომების შედეგია ის, რომ „გალფი“ ნავთობის ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით ლიდერის პოზიციაზეა. კომპანიას საქართველოში ყველაზე ფართო ქსელი აქვს, ის 148 ავტოგასამართი სადგურისა და 65 მაღაზიისგან შედგება. „გალფ ოილ ინტერნეიშენალის“ ქართულ წარმომადგენლობას დანერგილი აქვს სათაო ოფისის დასავლური მიდგომები. თეონა და სოფო გვიყვებიან, რომ ორგანიზაციულ კულტურაში წახალისებულია გუნდური მუშაობის პრინციპი, რაც დეპარტამენტებს შორის დიდ სინერგიას ქმნის. Gulf-ზე საუბრისას სოფო ქათამიძე გვეუბნება, რომ კომპანიაში ყოველთვის დაცულია სუბორდინაცია, თუმცა მისთვის Gulf-ი ბაზარზე, მოქნილობითა და გადაწყვეტილებების დროულად მიღებით გამოირჩევა, რაც მისი გადმოსახედიდან ტოპ-მენეჯმენტის მიდგომების დამსახურებაა.

ზოგადად და გლობალურად, კომპანიების ზრდის ტემპები პირდაპირპროპორციულად აისახება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაში მათ მიერ შეტანილ წვლილზე. საქართველოში Gulf-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიას დღეს 1 300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შორის არიან სტუდენტებიც და ხანდაზმულებიც.

Gulf-ში გვეუბნებიან, რომ კომპანიის პრიორიტეტი ყოველთვის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაორმაგდა მაშინვე, როგორც კი მსოფლიოს Covid 19-მა შეუტია. კომპანიამ კრიზისის მართვის ჯგუფი ჯერ კიდევ იმ დრომდე შექმნა, ვიდრე ქვეყანაში შეზღუდვები და კომენდანტის საათი დაწესდებოდა, გაიცა კონკრეტული და პირდაპირი ინსტრუქციები თანამშრომლებისთვის. თეონა და სოფო, ყველასთვის რთული ოთხი თვის შემდეგ, გვეუბნებიან, რომ პანდემიის პერიოდში ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობამ კომპანია ნაკლებად დააზარალა.

თუმცა, უხილავმა მტერმა აზარალა მსოფლიო სანავთობო სექტორი, საწვავზე მოთხოვნა შემცირდა ყველგან. პარალელურად უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის დაპირისპირებამ ნედლი ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა.

პანდემიის პირობებში Gulf-ი საკუთარ გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას მიჰყვება. გაყიდვების დეპარტამენტმა ბოლო პერიოდში მომხმარებლებს განახლებული საბარათე სისტემის პროგრამა შესთავაზა. სიახლეა მსხვილი მომხმარებლებისთვის საწვავის სრული ციკლის აუთსორსზე გატანაც. კერძოდ, კომპანიები, რომელთაც სამშენებლო ტექნიკა ან ავტოპარკი ერთ ლოკაციაზე აქვთ განთავსებული, შეძლებენ საკუთარ ტერიტორიაზევე განათავსონ დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი და აღრიცხვის სისტემით აღჭურვილი მობილური ავტოგასამართი სადგური. შესყიდვის პროცესი უმარტივესია: მომხმარებელი აკეთებს შეკვეთას, Gulf-ის კუთვნილი საწვავმზიდებით დათქმულ დროს იღებენ საწვავს რეზერვუარში, რომელიც ონლაინ რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას არსებულ ნაშთებსა და გამოყენებულ საწვავებზე. მსგავსი შეთავაზება ბაზარზე ამ დრომდეც არსებობდა, თუმცა ის მხოლოდ რეზერვუარის მონტაჟს ითვალისწინებდა და მომხმარებელს აღრიცხვის წარმოება ფურცლებზე უწევდა. ზოგადად, კომპანია მუდმივად ცდილობს მომსახურების სფეროში კომპიუტერული და ონლაინ ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რადგან Gulf-ში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი გამოწვევა, სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისით სარგებლობის მაქსიმალური გამარტივებაა.

ფოტო: ანა ბოკო

როცა „შავი ოქროს“ ქართველ გოგოებზე გიყვებით, უკვე რამდენჯერმე დავწერე, რომ მათთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ თანამშრომლებიც არიან. თეონა ონიკაძე გვეუბნება, რომ კარგი მენეჯერის ნომერ პირველი თვისება გუნდურობა და თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა, გუნდის წევრების ძლიერი მხარეებისთვის სწორი მიმართულების მიცემაა.

„ჩემთვის მთავარია თანამშრომელს ჰქონდეს კომფორტულად მუშაობის ყველანაირი პირობა. თითოეული თანამშრომლის უშუალო ჩართულობა და მათი იდეების გენერირება საბოლოოდ წარმატებულ გუნდს აყალიბებს. ნებისმიერი კომპანიის მენეჯერი თუ ხელმძღვანელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს როგორც საკუთარი თავის, ასევე თანამშრომლების განვითარებაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის. წარმატებულ მენეჯერს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დიდი პასუხისმგებლობა, როგორც კომპანიის ასევე თანამშრომლების წინაშე. ერთი წინადადებით რომ შემოვიფარგლო, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, თვითდისციპლინა, ქარიზმა, სტრესის მართვის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება.“ – ამბობს Gulf-ის კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

ტრანსფორმაცია, ანუ უნარი შეცვალო შენი მიდგომები – ასე საუკეთესო მენეჯერს სოფო ქათამიძე ახასიათებს, რადგან მიაჩნია, რომ მართვის ერთფეროვანი სტილი ადამიანების შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის საშუალებას არ იძლევა. „მთავარია, შეგეძლოს წინ წამოსწიო გუნდში ინდივიდუალიზმი და თითოეულ წევრს მისცე საქმის კეთების შესაძლებლობა თავისებურად. ამისთვის აუცილებელია კარგად იცნობდე მათ, იცოდე რა აწუხებთ, რა უხარიათ, რა ინტერესები, მისწრაფებები და გეგმები აქვთ. უნდა ზრუნავდე მათზე და ერთად იზრდებოდეთ ორმხრივი უკუკავშირის მეშვეობით. ყოველდღიური პროცესით ტკბობა იწყება მაშინ, როდესაც ხედავ გაუმჯობესებულ შედეგებს და საკუთარი მიღწევებით კიდევ უფრო მეტად გახარებულ თანამშრომლებს“.

Forbes Woman საკუთარ ფურცლებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებს უთმობს, მათი ისტორიების გაზიარება ბევრისთვის ცხოვრების შეცვლის მიზეზად შეიძლება იქცეს. და მაინც, ვისთვის, რაზე გადის წარმატების გზა? თეონა ონიკაძე ამბობს, რომ მთავარია, გვქონდეს მიზანი, მეტი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვოთ. თავად არასოდესაა საკუთარი თავით კმაყოფილი, ახლაც კი მუდმივად ცდილობს ისწავლოს და საკუთარ თავზე იმუშაოს.

განვითარებაზე მუდმივ ზრუნვას წარმატების საფუძვლად ასახელებს სოფო ქათამიძე, თუმცა, ამ გზაზე მას მნიშვნელოვნად გადადგმული ნაბიჯების ანალიზიც მიაჩნია. „შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ სწრაფვა ძალიან დამღლელია თუ პერიოდულად არ გაჩერდი, არ გაანალიზე და აქაც კორექტირებები არ შეიტანე – რას? რამდენს? რატომ აკეთებ? და რა შეგიძლია გააკეთო უკეთ? ნელ-ნელა სწავლობ, თუ ბევრი შრომა როგორ აქციო ეფექტურ და უფრო ჭკვიანურ საქმედ. წარმატებულმა ადამიანმა ყოველთვის იცის, რა შეცდომა დაუშვა და ამ გამოცდილებას საკუთარ ძალად აქცევს, თუ შეცდომის სხვაზე გადაბრალებას არ ეცდება“, – ჩვენს კითხვაზე ეს სოფოს პასუხია.

პროფესიული წარმატება მარტივად არ მოდის, თანაც ქალებისთვის და თანაც საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი მასკულინურ სფეროში საქმიანობს. თეონა და სოფო თანხმდებიან, რომ გენდერული თანასწორობა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და რომ სტერეოტიპების დანგრევას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება, ოღონდ აქ ისევ ქალების როლია მნიშვნელოვანი. ქალებს ასეთი პრობლემები Gulf-ში არ აქვთ.

„ჩვენთან თანამშრომლებს წინსვლის და განვითარების საშუალებას განურჩევლად სქესის თანაბრად აძლევენ. შესაბამისად, ყველას აქვს მოტივაცია თავისი საქმე პირნათლად შეასრულოს და პროფესიული კუთხით განვითარდეს“ – თეონა ონიკაძე.

„გალფში გენდერული ნიშნით პრობლემებს არასდროს არ შევხვედრივარ, თუმცა, კარიერის დასაწყისში პოტენციური მომხმარებლებისგან განსხვავებული დამოკიდებულება ხშირად მიგრძვნია. მიმაჩნია, რომ თუ ფარ-ხმალს არ დავყრით, თავის დამკვიდრება შესაძლებელია, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს თმენის ხარჯზე. საბედნიეროდ, ქალების ურთიერთმხარდაჭერის და გამბედაობის შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა, თუმცა, ამაზე გაჩერება არ შეიძლება, კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი!“ – სოფო ქათამიძე.