კორპორაციული მოქალაქე – CSR, როგორც სტრატეგია | ინტერვიუ ნინო გუჯაბიძესთან

„აჭარაბეთი“ ყველაზე წარმატებული, დაცული და გავლენიანი სათამაშო პორტალია საქართველოში.

Forbes Woman Georgia წარმოგიდგენთ ინტერვიუს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ნინო გუჯაბიძესთან, რომელიც მოგვიყვება კომპანიის წარმატების განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებსა და კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომელთა დახმარებითაც დადებითად შეიცვალა მრავალი ინდივიდისა თუ ჯგუფის მომავალი.

ფოტო: ნათია ასანიძე/Forbes Woman Georgia

რა ძირითადი მიმართულებები აქვს განსაზღვრული აჭარაბეთს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში?

ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი ნებით აღებულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებს გულისხმობს, რომლებიც საზოგადოების წინაშე პირნათლად უნდა შეასრულო.

სწორედ ამიტომ კომპანია „აჭარაბეთი“ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას სრულად იზიარებს და საკუთარი წვლილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და მისთვის სასარგებლო საკითხებში შეაქვს.

„აჭარაბეთის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია როგორც პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ასევე, ქართული სპორტისა და ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელსაც ეს სჭირდება.

ჩვენ თავად ვქმნით პროექტებს, ასევე, ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან და ვახორციელებთ ინვესტიციებს იმ მიმართულებით, რომელიც კონკრეტული საჭიროებების მოგვარებაზე, მდგრადობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

რას ნიშნავს აჭარაბეთისთვის “პასუხისმგებლიანი თამაშის ცნება”?

კომპანია საქმიანობას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უდგება და ამ მიმართულებით პასუხისმგებლიანი თამაშის ცნების დამკვიდრებას ცდილობს. სწორედ „აჭარაბეთის“ ინიციატივით შედგა პირველად ინტერაქტიული კინო-თამაშის „არენა“ გადაღება, რომელიც პასუხისმგებლიანი თამაშის ფარგლებში შეიქმნა. „არენას“ მთავარი მესიჯია „მართე შენი თამაში“, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ მართვის სადავეები შენს ხელშია. სწორედ ამის საჩვენებლად იყო გამოყენებული ფილმის ინტერაქტიული ფორმა, რომლის საშუალებითაც მაყურებელი თავად ქმნიდა საკუთარ გზას.

აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია” ფინალისტებს შორისაა, განვითარების რა გზა გაიარა კომპანიამ და რა როლს ასრულებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მის წარმატებაში?

სწორედ „არენას“ ინტერაქტიული კინო-თამაშით მოხვდა „აჭარაბეთი“ SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ ფინალისტებს შორის. SBC Events ლონდონში დაარსებული ორგანიზაციის ღონისძიებათა ციკლია, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის ყოველწლიურად საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებსა და სხვადასხვა აქტივობებს მართავს. მათ შორისაა SBC Awards-ი, რომელიც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებს. სიაში ისეთ კომპანიებთან ერთად ყოფნა, როგორებიცაა: „ბეთ365“, „ვილიამ ჰილი“, „მარათონბეთი“, „ლედბროკსი“ და ა.შ, ხაზს უსვამს „აჭარაბეთის“ წარმატებასა და აღიარებაზე საერთაშორისო ბაზარზე.

გარდა ამისა, „აჭარაბეთისთვის“ მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიმართულების განვითარების მიზნით, „აჭარაბეთსა“ და Startup Grind-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ ტექფესტივალი გაიმართა.

ბეთინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სპორტია. როგორია აჭარაბეთის ხედვა სპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით?

„აჭარაბეთისთვის“ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, რაც სპორტის აქტიური მხარდამჭერია. „აჭარაბეთი“ მუდმივად ცდილობს, გააძლიეროს ცალკეული სპორტსმენები. მეტიც, კომპანია დიდ რესურსებს დებს რიგი მიმართულებების განვითარებისთვის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „აჭარაბეთსა“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „აჭარაბეთი“ ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა – 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობების ძირითადი მიმართულებები გრძელვადიანი დაგეგმვის ნაწილია, თუმცა, ხშირია გამოწვევები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება – უკანასკნელი ასეთი გამოცდილება პანდემია გახლავთ. რა ტიპის პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე აჭარაბეთმა ბოლო თვეების განმავლობაში?

„აჭარაბეთმა“ შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, რომლის ეგიდითაც უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. გამოვყოფდი სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც ფონდ „1ანობის“ ბენეფიციართა დასახმარებლად გაიმართა. კონცერტზე შემოსულ თანხასთან ერთად, კომპანია „აჭარაბეთმა“, საკუთარი ინიციატივით, დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო და ბენეფიციარებს მათთვის საჭირო, აუცილებელი დახმარება გაუწია. ასევე, „აჭარაბეთმა”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფოს სწრაფი ტესტების შეძენასა და შემოტანაში დახმარებოდა, რის გამოც მას ნახევარი მილიონი ლარი (500 000 ლარი) გადასცა. ასევე, „აჭარაბეთი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც ყველა სარეკლამო სივრცე covid-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების გაშუქებას დაუთმო და განათავსა ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დაიცვას თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად.

რა პოლიტიკას ატარებს კომპანია ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით?

ქალთა გაძლიერება „აჭარაბეთისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალების მნიშვნელოვან როლს სპორტში. ჩვენ გვყავს სპორტის ამბასადორი ნინო ოძელაშვილი, რომელიც, ასევე, სამბოს მსოფლიო ჩემპიონია. გარდა ამისა, „აჭარაბეთის“ გუნდშია მარიამ ნანობაშვილი, რომელიც არის ოფროუდერი და სულ ახლახან, ჩვენი მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო Rally Adventure Georgia 2020-ში, სადაც მარიამმა ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

„აჭარაბეთი“ დღეისთვის ჩამოყალიბებულია, როგორც წარმატებული ბიზნესი, რომელიც საკუთარ გავლენებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას უთმობს. აჭარაბეთის პროდუქტები და სერვისები საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. დღეისათვის კი, adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. ასევე მნიშვნელოვანია რომ adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Flutter Group-ის ოჯახის წევრია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესს, რომლისთვისაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიის ნაწილია, კორპორაციულ მოქალაქეებად მოიხსენიებენ.