საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart აქვეყნებს ახალ კვლევას:„COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“.
კვლევაში წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით იკვეთება გარკვეული გარემოებები, რომლებიც საქართველოში პანდემიით გამოწვეულ კრიზისის შედეგებს შეამსუბუქებს:
პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობა ახალგაზრდაა ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად იტალია. კორონავირუსის მთავარ რისკჯგუფს ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ (გარდაცვლილთა 80%-ის ასაკი 60 წელს აღემატება), საქართველოში კი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ის ასაკი აღემატება 70 წელს, რაც იტალიის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. საიმედოდ გამოიყურება კორონავირუსით ინფიცირებულთათვის რისკის შემცველი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვიც:
საგულისხმოა ისიც, რომ თუ ევროკავშირში სურსათი შიდა მოხმარების მხოლოდ 8%-ს შეადგენს, საქართველოში ეს რიცხვი შიდა მოხმარების თითქმის მესამედია. სურსათის მოხმარება კი კრიზისის პირობებში ყველაზე ნაკლებად ეცემა სხვა საქონელსა თუ მომსახურებებთან შედარებით.
ამავდროულად, ეკონომიკური იზოლაციის პირობებში, სურსათის ადგილობრივი წარმოება ეკონომიკური აქტივობის სტიმულია. სურსათის თვითუზრუნველყოფა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კრიზისის პირობებში შემცირებული ექსპორტის შედეგების შემსუბუქება და საგარეო ბალანსის კორექტირება შესაძლებელია იმპორტის მნიშნელოვანი შემცირებითა და რე-ექსპორტირებით. ამის განხორციელება კრიზისის გავლენით მკვეთრად შემცირებული მანქანებისა და სხვა არაპირველადი დანიშნულების პროდუქტების იმპორტის შემცირების ხარჯზე გახდება შესაძლებელი.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ G&T-ს მონაცემებით კრიზისს მძიმე ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკის ბევრ სფეროზე, არის გარკვეული სექტორები, რომლებზეც დადებითი ეფექტია მოსალოდნელი. ეს სექტორებია: ელექტრონული ვაჭრობა, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა და შიდა ტურიზმი.