გრეტა გერვინგის „ბარბის“ წარმატება და რეჟისორ ქალებს შორის დამყარებული რეკორდი

გრეტა გერვინგის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, „ბარბის“ პრემიერამ, რომელიც პარასკევს, 21 ივლისს შედგა, შემოსავლით მიმდინარე წლის რეკორდი მოხსნა. კინოსურათმა მხოლოდ დებიუტის დღეს სალაროებში $70.5 მილიონი შეაგროვა.

ფოტო: People Magazine

გასულ უიკენდზე, „ბარბის“ მიერ ბილეთების გაყიდვით გლობალურად გამომუშავებულმა თანხამ $337 მილიონს მიაღწია. საშინაო, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში შეგროვებულმა თანხამ კი $155 მილიონი შეადგინა. შედეგად, გრეტა გერვინგის „ბარბიმ“, რეჟისორი ქალების მიერ გადაღებულ ფილმებს შორის, სადებიუტო უიკენდზე გამომუშავებული შემოსავლის მიხედვით, რეკორდი დაამყარა.

ცნობისთვის, ამ დრომდე რეჟისორი ქალების მიერ გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანი სადებიუტო უიკენდის მქონე კინოსურათად ანა ბოდენისა და რაიან ფლეკის თანარეჟისორობით გადაღებული „კაპიტანი მარველი“ მიიჩნეოდა, $153 მილიონით.

„ბარბიში“ მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი $145 მილიონია, $100 მილიონი კი კინოსურათის მარკეტინგზე დაიხარჯა.