პანდემიის ფონზე საქართველოში შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ელექტრონული კომერცია უკვე დიდი ხანია აპრობირებული და საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესია მსოფლიოში.
საქართველოს ფოსტა პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“. აღნიშნული სერვისი ელ. კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
გაზრდილი მოთხოვნისა და მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ფოსტის სერვისები სრულად ადაპტირდა ელ. კომერციის ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა დამატებითი მომსახურებაც კორპორატიული საკურიერო სერვისის მიმართულებით, რაც ელექტრონულად შეძენილი პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწოდების სერვისს გულისხმობს.
„კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ „Door to door delivery“ ტიპის მომსახურებაა. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.
„კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე შეკვეთის დღესვე ბარდება, ხოლო რეგიონების მიმართულებით – მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე, მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირდეს ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთა გაფორმდეს დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირება შეუძლებელი იქნება, საქართველოს ფოსტა თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებ ფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი თავად დაარეგისტრირებს გზავნილებს. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს.
საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში სწრაფად მიაწოდოს გზავნილები.