საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის ახალ, გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. წარდგენილი კანდიდატებიდან საბჭოს 8 წევრმა მხარი მას დაუჭირა, 1 ხმა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, მომღერალმა ირმა სოხაძემ კი არც ერთი.

თინათინ ბერძენიშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს და მისი ხელფასი 12 500 ლარით განისაზღვრა.
აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ 22 სექტემბერს მიიღო. აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარს შეადგენდა.
თინათინ ბერძენიშვილი დირექტორად არჩევამდე გენერალური დირექტორის – ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე იყო, მისი გადადგომის შემდეგ კი მის მოვალეობას თავად ასრულებდა.
არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ალექსანდრე ვახტანგოვმა საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დასრულების შემდეგ მოხსნა.