საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ჩაატარა კვლევა და გამოავლინა ის უწყებები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მეტად ისარგებლეს.
გთავაზობთ უწყებებს, რომლებმაც კვლევის თანახმად, 21 მარტი-22 მაისის პერიოდში გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს:
- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ – 19.9 მლნ ლარი. მათ შორის: 18.0 მლნ ლარი – სასტუმროების დაქირავებაზე, 855 ათასი ლარი – სამედიცინო მოწყობილობებზე, ხოლო 800 ათასი ლარი – საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებაზე, რაც ძირითადად საკარანტინე ზონების მოწყობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთანაა დაკავშირებული;
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ – 10.4 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 10 მლნ ლარამდე სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე მოდის;
- ჯანდაცვის სამინისტრომ – 9.4 მლნ ლარი დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა 8.2 მლნ ლარამდე სამედიცინო მოწყობილობებზე დაიხარჯა, ხოლო 1 მლნ ლარი ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 190 000 ლარი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე გადანაწილდა.
- ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ – 7.7 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 6.0 მლნ ლარამდე სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობის და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე გადანაწილდა.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა – 4.9 მლნ ლარი, მათ შორის 4.4 მლნ სასტუმროების დაქირავებაზე მიიმართა.