მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები კორონავირუსთან დაკავშირებით

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
  2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;
  3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;
  4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;
  5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

ამ დროის მონაცემებით  ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 54 პირი.