მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ხელისუფლებამ საზოგადოებას ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ნაბიჯები და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების გეგმა წარუდგინა.

სოციალური დახმარების გეგმა

  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც კრიზისის გამო დაკარგეს სამსახური ან დათხოვილი არიან უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ – ჯამში 460 მილიონი ლარი.
  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ, ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ 300 ლარის – ჯამში 75 მილიონი ლარი.
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თვეში დამატებით 100 ლარს მიიღებენ, ექვსი თვის განმავლობაში – ჯამში 25 მილიონი ლარი.
  • 2021 წლიდან პენსია გაიზრდება 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კი 25 ლარით.
  • ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას: 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე მოცულობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასი ჯამში 750 ლარამდე მოცულობის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება – ჯამში 250 მილიონი ლარი.
  • სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები 6 თვის განმავლობაში თვეში დამატებით 100 ლარს მიიღებენ: ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65,000-დან 100,000-მდეა; მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100,000-მდეა – ჯამში 58 მილიონი ლარი.

ეკონომიკის გახსნის გეგმა

I ეტაპი – 27 აპრილიდან დასაშვებია:

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
  • ტაქსების ოპერირება;
  • საბითუმო და საცალო ონლაინ-ვაჭრობა;
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

II ეტაპი – 11 მაისიდან (თუკი არ გაუარესდა ეპიდემიოლოგიური სურათი)

  • მშენებლობა;
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტო-სამრეცხაოები და ავტო სერვისები (სრულად);
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

III ეტაპი – 25 მაისი (თუკი ეპიდემიოლოგიური სურათი არ შეიცვლება)

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები, დამოუკიდებელი შესასვლელებით (გარდა სავაჭრო ცენტრებისა);
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

IV ეტაპი – 8 ივნისი (თუკი ეპიდომიოლოგიური სურათი არ შეიცვლება)

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები;
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

V ეტაპი – 22 ივნისი (თუკი არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი)

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
  • ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

VI ეტაპი – 6 ივლისი (თუკი არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი)

  • გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • ყველა სხვა საქმიანობა.

დღეს მთავრობამ მხოლოდ მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და  ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმა და  შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა წარადგინა.

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი პრემიერმა გახარიამ 15 აპრილს წარადგინა და მის საქმიანობაში მთავრობის მეთაურისა და ეკონომიკური გუნდის გარდა ჩართული არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ბიზნესომბუდსმენი, ივენსტორთა საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.