დეკადის ყველაზე წარმატებული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ხმაურიანი მერვე სეზონის მიუხედავად, ჯორჯ მარტინის ბესტსელერ საგაზე დაფუძნებული სერიალი მოწინავე ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, მათი აზრით, შოუს უდიდესი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი სწორედ ის ადგილებია, სადაც „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟები გააცოცხლეს.
წარმოგიდგენთ „სამეფო კარის თამაშების“ 6 ლოკაციას, რომელსაც მისი მაყურებელი აუცილებლად უნდა ესტუმროს.
დუბროვნიკი, ხორვატია
ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ დუბროვნიკს მეტსახელად „ადრიატიკის მარგალიტს“ უწოდებენ. დუბროვნიკი სერიალის შემქმნელებმა მეფის სავანის გადასაღებად შეარჩიეს. ეს სწორედ ის ქალაქია, რომლის ხედებსაც სერსეი ლანისტერი გადმოჰყურებდა საკუთარი აივნიდან და რომელიც სეზონის დასასრულს დედოფალმა დეინერისმა ფერფლად აქცია. მართალია, დუბროვნიკში არ არის ტარგარიანთა მიერ აგებული წითელი ტაძარი, თუმცა სანაპიროზე წმინდა ლოურენსის ციხე დგას. ეს ის ციხეა, რომლის ეზოშიც ნედ სტარკის სიკვდილის სცენა გადაიღეს.
ოსუნას სატორეადორო მოედანი, ესპანეთი
ესპანეთის პატარა ქალაქ ოსუნაში დიდი მოედანია, სადაც ტორეადორების სანახავად ასობით ადამიანი მიდის. თუმცა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამ მოედანზე „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერია გადაიღეს. სერიაში სახელად „დრაკონების ცეკვა“ დედოფალ დეინერისს მირინის მეამბოხეთა დაჯგუფება „ჰარპიის ვაჟები“ აუჯანყდება. მის მოკვლას სწორედ მოედანზე გამართული ორთაბრძოლის დროს შეეცდებიან. ყველას შეუძლია, რომ სევილიის პროვინციის ამ პატარა ქალაქს ესტუმროს, მოედნის ტრიბუნაზე ჩამოჯდეს და წარმოიდგინოს, რომ ისიც ამავე სცენის ნაწილია.
კუნძული გოზო, მალტა
მალტა „სამეფო კარის თამაშებისთვის“ უმნიშვნელოვანესი ლოკაციაა, რადგან შოუს უამრავი სცენა სწორედ აქ დაიდგა. ერთ-ერთი გადასაღები ლოკაცია მალტის არქიპელაგის ჩრდილოეთით, კლდეებითა და ულამაზესი პანორამებით სავსე კუნძული გოზოა. ეს ადგილი სერიალის მთავარი პერსონაჟის დეინერის ტარგარიანის ისტორიის საწყისი გახდა. თაღი, რომელიც კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარეობს, იმითაა ცნობილი, რომ ახალგაზრდა ტარგარიანი პრინცესასა და დოთრაკიელი ხალ დროგოს ქორწილის უკანა ფონის მთავარი ელემენტია.
დაბურული ბილიკი, ჩრდილოეთ ირლანდია
ეს ბნელი ბილიკი ჩრდილოეთ ირლანდიის რაიონ ანტრიმში მდებარეობს. ბილიკი ორი მიმდებარე ქალაქის შემაერთებელ გზასთან ახლოსაა. 1775 წელს ჯეიმს სტიუარტმა ამ გზასთან ახლოს სახლი ააგო, გზის გასწვრივ კი 150-ზე მეტი წიფლის ხე დარგო, რათა სახლს გამორჩეული შესასვლელი ჰქონოდა. ბილიკზე ურბანული ლეგენდებიც დადის, თითქოს ყოველ ღამე მას სტიუარტის ქალიშვილის სული სტუმრობს. ასევე, იმავე სახლში უცნაურად გარდაცვლილი მოსამსახურის სულზეც მოგვითხრობენ. თუმცა ეს გზა არა ლეგენდებით, არამედ „სამეფო კარის თამაშების“ სცენით გახდა ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულება. დაბურულ ბილიკზე გადაიღეს სცენა, რომელშიც არია სტარკი და გენდრი ბარათეონი ღამის გუშაგებთან მიჰყავთ შავ ციხეში.
ვატნას ეროვნული პარკი და სვინფელის მყინვარი, ისლანდია
ვატნას ეროვნული პარკი ისლანდიის სამი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთია. გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით. 2019 წლის 5 ივლისიდან ეს საოცარი ადგილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა. პარკი და სვინფელის მყინვარი ტურისტების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა. თუმცა, სტუმრების რიცხვი მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც სერიალში დიდი კედლის მეორე მხარე გამოჩნდა. სვინფელის მყინვარს სწორედ ჯონ სნოუს ჩრდილოური თავგადასავლებისა და თეთრი მოსიარულეების სცენებისთვის იყენებდნენ. სწორედ ამ ეროვნულ პარკში გადაიღეს ის ცნობილი სცენა, რომელშიც დედოფალი დეინერისი თავის დრაკონებთან ერთად ჯონ სნოუს ღამის მეფისგან გადაარჩენს.
გასტელუღაცეს ქვის კიბე, ესპანეთი
ესპანეთის ჩრდილოეთით, ბილბაოსთან ახლოს პატარა ქვის კლდეა, რომელიც მიწასთან გრძელი და კლაკნილი კიბითაა დაკავშირებული. ადგილი მოგზაურებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც სერიალში ტარგარიანთა სახლის საგვარეულო ციხე-სიმაგრე, დრაკონის ქვა გამოჩნდა. დრაკონის ქვა ბევრი სხვადასხვა ლოკაციითაა აწყობილი, აქ კი მხოლოდ მისი ცნობილი კიბის სანახავად მიდიან. მართალია, კლდის წვერზე ტარგარიანი და-ძმის აშენებული უზარმაზარი ციხე არ დგას, თუმცა მნახველს წმინდა ხუანის პატარა ეკლესია ელოდება, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. გასტელუღაცეს კიბეზე გადაიღეს ისეთი ცნობილი სცენები, როგორებიცაა დედოფალ დეინერისის პირველი დაბრუნება მშობლიურ ვესტეროსში, ჯონ სნოუს პირველი შეხვედრა დრაკონებთან, დეინერისისა და ჯონ სნოუს საუბარი სამომავლო მოკავშირეობაზე და ა.შ.