ნდობისა და სიზუსტის გარანტი | ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან

2018 წელს, საგანმანათლებლო სივრცეში 15-წლიანი საქმიანობის შემდეგ, სოფიო გორგოძე ახალ გამოწვევებს თანხმდება და საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხდება.

მანამდე კი იყო უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ნაწილი საქართველოში, ნაწილიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტში; მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა; კვლევა და სწავლება; საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტირება. ეს უკანასკნელი კომფორტულიც კი იყო, თუმცა ჩვენს რესპონდენტს რომ გამოწვევები და სიახლეები იზიდავს, ამაზე სოფიო გორგოძის კარიერა და გამოცდილებაც მეტყველებს.

გადაჭარბება ნამდვილად არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისადმი საზოგადოებრივი ნდობა უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებასა და პროცესების სიზუსტეზე კი წლებია მუშაობს პროფესიონალთა არმია, რომლის ხელმძღვანელიც დღეს სწორედ ჩვენი რესპონდენტია.

Forbes Woman დაინტერესდა, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ხედავს განათლების სისტემაში სოფიო გორგოძე, როგორია მისი ხედვა გამოცდების მომავალზე და ამასთან, ვეცადეთ გაგვერკვია, რატომ შეაჩერა მან არჩევანი წლების წინ სწორედ განათლების სისტემაზე.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სოფიო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სფეროს მკვლევარი და სპეციალისტი ხართ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ სფეროზე კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას?

წლების წინ, ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი, როდესაც საშუალება მომეცა ერთი წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მესწავლა. ეს ჩემთვის, მოსწავლისათვის, რომელმაც სკოლა ბაღდათის რაიონში დაამთავრა, სრულიად ახალი და განსაკუთრებული გამოცდილება იყო. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მივიღე ორატორული მეტყველების საერთაშორისო კონკურსში და გავიმარჯვე კიდეც – ამაში მნიშვნელოვნად დამეხმარა ამერიკული გამოცდილება, განსაკუთრებით კი კოლეჯში გავლილი კომუნიკაციის კურსი. გლობალური კონკურსის ფინალი დიდ ბრიტანეთში გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის 64 კონკურსანტს შორის მოვხვდი და უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გამარჯვება მოვიპოვე.

ამ სასიხარულო გამოცდილებას სევდიანი ნაწილიც ახლდა თან – როგორც გამარჯვებულს, საპატიო პრიზი ბუკინგემის სასახლეში პრინცმა ფილიპმა გადმომცა და მკითხა, თუ საიდან ვიყავი – ცხადია, ვუპასუხე, რომ საქართველოდან. თუმცა იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ ამ კონკურსში გამარჯვება მეტწილად არა საქართველოში მიღებულ განათლებას, არამედ ამერიკულ განათლებას უკავშირდებოდა. ძალიან დიდი ხანი მწყდებოდა გული ამაზე.

ვფიქრობ, სწორედ ეს გამოცდილება იყო ის ბიძგი, რის გამოც არჩევანი განათლების სფეროზე შევაჩერე – მინდოდა ყველა ის შესაძლებლობა, რაც სხვა ქვეყანაში დამხვდა, აქაც გაჩენილიყო. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს მომავლისთვის ამზადებს და კონკურენტუნარიანს ხდის მათ. ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ სფეროში დასაქმების პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე და 2004 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დამწყებ პოზიციაზე დავსაქმდი. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტში სრულად დაფინანსებული განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა – ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩემი კავშირი განათლების სფეროსთან.

პოზიტიურ ამბებს ვიხსენებთ, თუმცა ეს ისტორიები საქართველოსთვის ძალიან რთულ პერიოდს ემთხვევა…

დიახ, ნამდვილად ასეა. ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა – უშუქობა, ომი, სიცივე ყველგან, იმ დროს უკეთეს პირობებზე ფიქრის საშუალებაც კი არ იყო. მაქსიმალურად ვცდილობდით შეზღუდული რესურსების გამოყენებას, გამოწვევებსა და კრიზისთან გამკლავებას – ეს ერთგვარ ბუნებრივ მოცემულობად იყო ქცეული. ვფიქრობ, ამან გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც ჩემი, როგორც მენეჯერის დამოკიდებულება გამოწვევებისა და ცვლილებების მართვის მიმართულებით.

მენეჯერული მართვა ახსენეთ. როგორია მართვის თქვენეული სტილი?

თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ არ არის ავტორიტარული. ვთვლი, რომ დელეგირება ყოველდღიური ეფექტიანი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან, აუცილებელია ვენდოთ თანაგუნდელებს, მით უმეტეს, როცა ამ მასშტაბის ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. უნდა ვაღიაროთ, რომ არ არსებობს კომპეტენციის ის ხარისხი, რაც საშუალებას მოგვცემდა ყველაფერში ჩავერთოთ, ყველაფერი ვაკონტროლოთ და ყველანაირი რისკი ვმართოთ – ეს არავისთვის არ არის ეფექტიანი ან სასარგებლო.

აუცილებელია შეცდომებზე რეაგირების სწორი ფორმის შერჩევაც. მიმაჩნია, რომ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები და ამ პროცესში მუდმივად ვისწავლოთ და განვვითარდეთ. ჩემთვის, როგორც მენეჯერისათვის, მნიშვნელოვანია შევქმნა ყველანაირად უსაფრთხო გარემო – ადამიანებმა თავი უნდა იგრძნონ დაცულად და ამასთან, იგრძნონ, რომ მათი შრომა, უნარები და პოტენციალი აღიარებული და დაფასებულია.

ამ ღირებულებების ერთიანობას შემიძლია დავარქვა მართვის ჩემეული ხედვა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სოფიო, შეცდომები და რისკები ახსენეთ. რამდენად რისკიანი ხართ და ზოგადად, ცენტრის საქმიანობის მართვისას როგორ უყურებთ რისკებს?

მოდით, ცენტრის საქმიანობით დავიწყოთ. ჩვენს მანდატს ბევრი სერიოზული რისკი უკავშირდება. მცირე შეცდომა შესაძლოა უზარმაზარ კრიზისად იქცეს ან დამანგრეველი რეპუტაციული ზიანი მოჰყვეს. ამ ყველაფერს ცენტრის გამოცდილი და კომპეტენტური გუნდი აბალანსებს. აქ მუდმივად ვუსმენთ თითოეულ პროფესიონალს, გვაქვს დისკუსია, განვიხილავთ შესაძლო სცენარებს და მუდმივად კრიტიკულად ვაფასებთ პროცესებსა და გადაწყვეტილებებს. ამგვარი მიდგომა გვიმარტივებს პროცესებს. მოგეხსენებათ, წელიწადში დაახლოებით 80,000 აპლიკანტს ვაწვდით სერვისს – ცენტრის ისტორიაში მასშტაბური კრიზისი ჯერ არ გვქონია.

რაც შეეხება ჩემს რისკიანობას, ვთვლი, რომ განვითარება რისკის გარეშე წარმოუდგენელიც კი არის. მუდმივად ვეძებ სიახლეებს, გამოწვევებს, არასდროს მომწონს „დაპაუზებული“ მდგომარეობა. თუმცა ყველა მიმართულებით არ ვარ რისკიანი – მაგალითად, ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს ზედმეტი სიფრთხილით ვუდგები. ალბათ კარიერაა ის, სადაც ყველაზე მეტს და ყველაზე ბევრჯერ ვრისკავ. ცენტრის ხელმძღვანელობაც გამოწვევა იყო, რადგან ძალიან მაღალი იყო ნდობა წინა მენეჯმენტისადმი, თავად ორგანიზაციის მასშტაბი და გავლენაც დიდი გახლდათ, შესაბამისად, ბევრი რისკის შეფასება გახდა საჭირო – მაშინაც და დღესაც ვფიქრობ, რომ ეს რისკი გამართლებული იყო და მე მომეცა საშუალება განათლების სისტემის განვითარებაში შემეტანა წვლილი.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეჩერდა არჩევანი თქვენზე? რა მოლოდინებიც გქონდათ, გამართლდა?

ვფიქრობ, ჩემი სამუშაო გამოცდილება და განათლება ერთობლიობაში ქმნიდა საფუძველს ამ არჩევანისთვის. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რა დროსაც სისტემისთვის მნიშვნელოვანი მრავალი საინტერესო ინიციატივა წამოვიწყეთ. რაც შეეხება განათლებას, ტესტირებისა და შეფასების პრინციპები საკმაოდ კომპლექსური და სპეციფიკური მიმართულებაა. ჰარვარდის უნივერსიტეტში კი სწორედ ამ მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა. მომიჯნავე ცენტრის მართვისა და თავად პროცესების ცოდნამ კი ერთობლიობაში შემიქმნა საფუძველი, ცენტრის საქმიანობის ეფექტიან წარმართვაზე ამეღო პასუხისმგებლობა.

არათუ მოველოდი, არამედ ზუსტად ვიცოდი, რომ მართვის პროცესები არ იქნებოდა მარტივი. რთული იყო თანამშრომლების გაცნობა და ახალ გარემოსთან შეგუება, პროცესების დალაგება. იმედი მქონდა, რომ დავძლევდი ამ გამოწვევას და ეს ნაწილი ნამდვილად წარმატებით დასრულდა. მოლოდინი კი, რომელიც ჯერ ვერ გამართლდა სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული ცვლილებების გატარების სურვილს უკავშირდება. პირველივე წელს სისტემაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი, გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ამას მოჰყვა პანდემია და, ფაქტობრივად, პარალიზებულ გარემოში ორჯერ გამოცდების სრული ციკლის ორგანიზება. ამ ყველაფერს თავი წარმატებულად გავართვით, თუმცა იმდენად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სხვა მიმართულებით ცვლილებების განხორციელებისთვის დრო ფაქტობრივად არ დაგვრჩა.

რაკი შევეხეთ ამ თემას, გადავიდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. საზოგადოებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის როლთან დაკავშირებით ხშირია დისკუსიები. თქვენ როგორ ხედავთ ამ ორგანიზაციის როლს და, ზოგადად, მის მომავალს?

შემიძლია ორი პოზიციის სინთეზით შევაფასო აღნიშნული საკითხი, როგორც განათლების მკვლევარმა და როგორც პრაქტიკოსმა. ვთვლი, რომ სისტემა საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას და რეფორმირებას. თუმცა ამ პროცესს მრავალი რისკი უკავშირდება და აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, უკეთეს შედეგს მივიღებთ თუ გაუარესებულ მდგომარეობას.

ფოტო: თამთა ბატიაშვილი / NAEC

ცხადია, უმჯობესი იქნება, თუკი უნივერსიტეტებს ექნებათ მეტი ავტონომია ჩარიცხვისა და მიღების კომპონენტში, განსაკუთრებით კი კერძო უმაღლეს სასწავლებლებს. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ცვლილებას ახლავს რისკები და კონტექსტიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ამასთან, შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ჯერ მზად არ არის ამ პასუხისმგებლობისთვის და ადმინისტრირების ასეთი მასშტაბისთვის. მხოლოდ ერთეული უნივერსიტეტები აცხადებენ მზაობას, თავად გაუწიონ ამ პროცესს ადმინისტრირება.

მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება მაინც გარდაუვალია და მას აუცილებლად თან უნდა ახლდეს დაფინანსების მოდელის ცვლილებაც, რათა უნივერსიტეტების მთავარი საზრუნავი გახდეს არა საკმარისი შემოსავლების გენერირება, არამედ სწავლა-სწავლების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამ პროცესს თან უნდა სდევდეს ასევე განათლების ხარისხის განვითარების პოლიტიკის ცვლილება. როგორც ვხედავთ, ეს საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესი იქნება – მთლიანი სურათისა და მკაფიო ხედვის გარეშე, ნამდვილად რთული იქნება ძირეული ცვლილების ინიცირება.

მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა განათლების სისტემის გარდატეხის პროცესში. ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო გამჭვირვალედ და კომპეტენტურად ჩაეტარებინა პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოს წარმატებული მაგალითი მისაღებ სისტემაში კორუფციის დამარცხების შესახებ ბევრ საერთაშორისო გამოცემაშიც მოხვდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრმა წლების განმავლობაში შეინარჩუნა სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმიჯი და მიუხედავად ყველაფრისა, კითხვის ნიშნები არასდროს გაჩენილა. ეს არც ისე მარტივი იყო. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ დანერგა მსგავსი სისტემა, თუმცა მისაღებ გამოცდებზე კორუფციასთან მიმართებით არსებული კითხვის ნიშნები ზოგიერთ მათგანთან არ გამქრალა.

სოფიო, ავტონომია ახსენეთ და მინდა თქვენს კვლევით ინტერესებსაც შევეხოთ – განათლების სისტემის ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციას საკითხი, ავტონომია. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას?

საქართველოში დეცენტრალიზაციისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად, სკოლების სამეურვეო საბჭოების საკითხი, სახელმძღვანელოების არჩევა და სხვა, მაგრამ გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ეფექტიანი და თანმიმდევრული იყო. რიგი მიმართულებებით სისტემა კვლავ ცენტრალიზებულია. მაგ.: მართვისა და დაფინანსების ცენტრალიზებული სისტემა, მასწავლებელთა ცენტრალიზებული ტრენინგები და სხვ. ყველაზე მკაცრი ცენტრალიზაცია კი სწორედ იმ სფეროშია, სადაც ახლა ვმუშაობ – უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა ცენტრალიზებული მიღება. თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვით დეცენტრალიზებული სისტემა სჯობს თუ ცენტრალიზებული. ორივე შემთხვევაში გვაქვს წარმატებული მაგალითები – ფინეთის და კანადის დეცენტრალიზებული სისტემა, რომლის საპირწონედაც შეგვიძლია მოვიხმოთ სინგაპურის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის ცენტრალიზებული სისტემები.

ცვლილებების თემა შეგვიძლია გავაგრძელოთ. რა არის ის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც განათლების სისტემის გაუმჯობესებას შეძლებს?

„შეფასება განვითარებისათვის“ – ეს არის ახალი პროექტი და ერთ-ერთი სიახლე, რა მიმართულებითაც ახლა ვმუშაობთ. პროექტი მიზნად ისახავს ისეთ შეფასებებს დაწყებით კლასებში, რომლებიც დაეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ვფიქრობთ, სიმძიმის ცენტრის გადმოტანა შეფასებებზე სკოლაში ადრეულ ეტაპზევე და არა სკოლის დამთავრების შემდეგ, ხელს შეუწყობს სისტემის გაუმჯობესებას.

ამ პროექტის ფარგლებში შეფასებას არ ექნება განმსაზღვრელი ხასიათი – გვსურს დიაგნოსტირება წიგნიერებისა და რაოდენობრივი უნარების ნაწილში IV-VI კლასებში. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, სად არის გამოწვევები, როგორ შეედარება ერთი მოსწავლის შედეგები კლასის, სკოლის ან ქვეყნის საერთო შედეგებს. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად დაეხმარება სასკოლო სისტემას, ვიდრე მაღალი რისკის შემცველი გამოცდები, როგორიც იყო, მაგალითად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები…

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემიის ნეგატიური გავლენიდან გამოსვლის პარალელურად სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსაც შევიმუშავებთ.

რაკი უახლესი ცვლილება შეფასების ნაწილში გქონდათ, ვისაუბროთ ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მანდატზე – შეფასებაზე. მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, რა ერთიანდება ამ მიმართულების ქვეშ.

ეს მიმართულება მოიცავს კვლევებს, რომელთა დახმარებითაც ფასდება განათლების დონე ქვეყანაში. კვლევები მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივ შეფასებებს. ცენტრი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკის დამგეგმავებს მიაწვდის სანდო და ობიექტურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვართ თითოეული მიმართულებით, რა გამოწვევები გვაქვს და სად სჭირდება სისტემას დახმარება.

ძალიან ხმაურიანია ხოლმე საერთაშორისო შეფასებების შედეგების გასაჯაროება – როგორც წესი, შეფასებაში მონაწილე ქვეყნებს შორის არასახარბიელო პოზიციებზე ვართ. თქვენ როგორ აფასებთ ამ შედეგებს და როგორ ხედავთ ამ მოცემულობის გაუმჯობესების გზებს?

გამოწვევები ამ მიმართულებით, ცხადია, გვაქვს. ბევრი ქვეყანა, საერთოდაც, სწორებას საერთაშორისო შეფასებებზე აკეთებს და სკოლებსაც შესაბამისად ამზადებს. არ ვიცი ეს რამდენად კარგი პრაქტიკაა, ტესტირებაზე ააწყო ზოგადი განათლების სისტემა. ესტონეთი ამ გზით წავიდა და საკმაოდ გააუმჯობესეს მოსწავლეთა მოსწრება. ვფიქრობ, მეტი კვლევა უნდა ჩატარდეს და უფრო დიდი დოზით უნდა გამოვიყენოთ კვლევის შედეგები სისტემის გასაუმჯობესებლად. ზოგადად, განათლების მიმართულებით საქართველოში ძალიან ცოტა კვლევა ტარდება, ეს კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სისტემისთვის.

ფოტო: თამთა ბატიაშვილი / NAEC

გამოწვევების პარალელურად, ბოლოდროინდელი შეფასებებით თუკი ვიმსჯელებთ, იმედისმომცემი სურათია ზოგიერთი მიმართულებით. მაგალითად, მეოთხეკლასელებმა საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მათემატიკური უნარები და ამასთან, ძირითადად გაუმჯობესდა სოფლის სკოლების შედეგი. ჩვენ ბოლო შეფასებით იმ ხუთ ქვეყანას შორის მოვხვდით, სადაც მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა მიღწევები მათემატიკაში ამ ასაკობრივ ჯგუფში. კვლავ გვრჩება გამოწვევები – წიგნიერებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით – აქ, სამწუხაროდ, რამე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს შედეგები ძალიან დამაფიქრებელია.

ძალიან ბევრი საქმიანი კითხვის შემდეგ, მინდა გკითხოთ, რამდენად რთულია ამ პოზიციაზე მუშაობა?

ცხადია, მარტივი არ არის. ალბათ მიხვდებოდით, რომ მუდმივად ფორს-მაჟორში გვიწევს მუშაობა. გამოწვევები ბევრია, როგორც ადმინისტრირების, ისე შინაარსობრივი მიმართულებითაც.

თუმცა ჩემთვის ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ ზაფხულის სეზონს ვეღარ ვგრძნობ. ყოველ ზაფხულს შაბათ-კვირის ჩათვლით გვიწევს მუშაობა სტრესულ რეჟიმში, რაც განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა ოჯახი და სკოლის ასაკის შვილები გყავს, რომლებსაც სწორედ ზაფხულის პერიოდში აქვთ თავისუფალი დრო. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ ქვეყნისთვის ღირებულია, რაც არის მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია.

სწორედ საქმის ღირებულების აღქმა დაგვეხმარა პანდემიის პერიოდში ორჯერ დაგვეორგანიზებინა გამოცდების სრული ციკლი – ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო გამოცდები და მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როცა მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა სახელმწიფომ გამოცდების ჩატარებაზე საერთოდ უარი თქვა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე ნამდვილად რთულია, თუმცა ჩემი გუნდის სულისკვეთება და საქმისადმი დამოკიდებულება ამ პროცესებს ამარტივებს.

ბოლოს უნდა გკითხოთ თქვენს გეგმებზე – რას გეგმავს უახლოეს პერიოდში სოფიო გორგოძე?

ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულ გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სურვილი მაქვს მეტი დრო მქონდეს კვლევისა და სწავლებისათვის. ეს საქმიანობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია ჩემთვის. ალბათ, სწორედ ამიტომ ვინარჩუნებდი მუდმივად ამ ორ საქმეს, მიუხედავად ჩემი პოზიციებისა, რომლებიც პერიოდულად იცვლება.