Google-მა მარტში 130 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ტექნოლოგიური გიგანტის ცნობით, მსგავსი ტიპის ინფორმაცია ეხმარება სახელმწიფოებს იმის გასაგებად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მათ მიერ კორონავირუსის ფონზე მიღებული საგანგებო ზომები, რომელთა მთავარი მიზანიც მოქალაქეთა შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა და ინფიცირების პრევენციაა.
საქართველოზე პირველი Google-მა მონაცემები მარტში გამოქვეაყნა და ის 16 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით არსებულ პერიოდს მოიცავდა. მეორე ანგარიში კი 15 მარტიდან 26 აპრილის პერიოდს მოიცავს.
საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შედეგად 26 აპრილისთვის გადაადგილების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
- სავაჭრო ცენტრებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში და გასართობ პარკებში გადაადგილება შემცირებულია 78%-ით.
- სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და ბაზრობებზე გადაადგილება შემცირებულია 59%-ით.
- პარკებსა და სკვერებში გადაადგილება შემცირებულია 33%-ით.
- სატრანზიტო პუნქტებში (ავტობუსების გაჩერება, მეტრო, რკინიგზა) შემცირებულია 70%-ით.
- სამუშაო ადგილებზე შემცირებულია 51%-ით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 31 მარტიდან დაწესდა, ამასთან 17 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება. ქვეყანაში დღემდე შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.