Google 130 ქვეყნის მოქალაქეთა გადაადგილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში Google 130 ქვეყნის მცხოვრებთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მსგავსი ტიპის ინფორმაცია დაეხმარება სახელმწიფოებს იმის გასაგებად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მათ მიერ კორონავირუსის ფონზე მიღებული საგანგებო ზომები, რომელთა მთავარი მიზანიც მოქალაქეთა შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა და ინფიცირების პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ Google იცავს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს და გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ანონიმური, შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციით ცალკეულ პიროვნებათა ადგილმდებარეობისა და მოძრაობის ტრაექტორიის იდენტიფიკაცია შეუძლებელია.

„ხელმისაწვდომი არ იქნება ისეთი პერსონალურად მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, როგორიცაა კონკრეტული ადამიანის ადგილმდებარეობა, მისი კონტაქტები და მოძრაობის ტრაექტორია.“ – აცხადებს Google.

ინფორმაციის შესაგროვებლად კომპანია  Location History-ის ფუნქციასა და ბოლო 48-72 საათის მონაცემებს იყენებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ სურს, მისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს, შეუძლია Google-ის ანგარიშს Location History-ის ფუნქცია გამოურთოს.