Google მცირე და საშუალო ბიზნესებს $340 მილიონს სთავაზობს რეკლამირებისათვის. კომპანიას კორონავირუსის საპასუხოდ ჯამში $800 მილიონიანი პაკეტი აქვს შემუშავებული, ნაწილი ამ თანხიდან კი აღნიშნულ საქმეს მოხმარდება.
„კორონავირუსის საფრთხე მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, ამას დამანგრეველი გავლენა აქვს საზოგადოებასა და, ზოგადად, ადამიანთა ცხოვრებაზე“ – ამბობს Google-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიშაი, „იმისათვის, რომ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ჩვენ მზად ვართ გავიღოთ $800 მილიონი. ამ თანხით დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს, ჯანდაცვის ორგანიზაციებს, მთავრობებსა და, რაც მთავარია, სამედიცინო დარგში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ახლა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლისას ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.“
დახმარების პაკეტი მოიცავს შემდეგ აქტივობებსაც:
$200-მილიონიანი ინვესტიცია NGO-ებისა და ფინანსური ინსტიტუციების დასახმარებლად, რათა მათ უზრუნველყონ მცირე ბიზნესები კაპიტალით.
$250 მილიონი სარეკლამო გრანტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სამთავრობო სააგენტოებს, რათა მეტად ბრძოლისუნარიანი იყოს COVID-19-ის პრევენციისათვის საჭირო ქმედებები.
$20 მილიონი Google Cloud-ს აკადემიური დაწესებულებებისა და კვლევებისთვის.
გარდა ამ ყველაფრისა, კომპანია მზადაა გაიღოს ფინანსები ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისათვის.