Google Maps-ში COVID-19-ის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დაემატება

Google Maps-ში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები მიმდინარე კვირის განმავლობაში დაემატება. ახალი ფუნქცია COVID-19 Info რუკის Layers-ში იქნება ხელმისაწვდომი.

COVID-19 Info მომხმარებლებს მიაწვდის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მათთვის საინტერესო ტერიტორიაზე 1 კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შემთხვევების საშუალო მონაცემი ყოველ 100 000 ადამიანზე. ამასთან, ადგილები, სადაც COVID-19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი მაღალი იქნება, მეზობელ ტერიტორიებთან შედარებით, მეტად მკვეთრ წითელ შეფერილობას მიიღებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მონაცემების შესაგროვებლად კომპანია არაერთ ავტორიტეტულ წყაროს გამოიყენებს. მათ შორის იქნებიან ბალტიმორში მდებარე ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფო, გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსი“ და ვიკიპედია, რომლებიც თავისთავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან.

COVID-19 Info ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android, ასევე iOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.