Google-ის “მშობელი” კომპანიის Alphabet აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიშაიმ, თანამშრომლების ოფისში დაბრუნების გეგმაზე დაიწყო საუბარი. მან დასაქმებულებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რის შესახებაც CNBC იტყობინება.
წერილში პიშაი ამბობს, რომ თამაშრომლები, მინიმუმ, 1 ივნისამდე ოფისში არ დაბრუნდებიან. მისი თქმით, ეს თანდათანობით მოხდება, რათა ადამიანებმა სახლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული შფოთვები გადალახონ. პიშაიმ განაცხადა, რომ ერთ ადგილზე ყველა ერთბაშად არ დაბრუნდება, არ იქნება “ერთი ზომა მოერგება ყველას” მიდგომა და, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მითითებებიც განსხვავებულად შეირჩევა.
აღსანიშნავია, რომ Google დიდ კომპანიებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მარტის დასაწყისში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თანამშრომელთათვის სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია გასცა. ცვლილების დაგეგმვა Alphabet-ის აღმასრულებელმა გუნდმა ვირუსის გლობალურ პანდემიად გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და ოფისში დაბრუნებასაც იმავე სიფრთხილით აპირებს.
დირექტორი ოფისებში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კალიფორნიაში, Google-ის სათაო ოფისის გარშემო, ექვსმა ოლქმა სახლში დარჩენის ბრძანება მაისის ბოლომდე გაახანგრძლივა, ხოლო მთელ მსოფლიოში განსხვავებული ადგილობრივი მითითებებია. შესაბამისად, ყველას, ვინც რეკომენდირებული ან სავალდებულო სახლიდან მუშაობის სტატუსის ქვეშაა, შეუძლია ჩათვალოს, რომ, მინიმუმ, 1 ივნისამდე ასე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ, პიშაის წერილის მიხედვით, ოფისების გახსნის შემდეგ თანამშრომლებს, რომლებიც ოჯახის წევრებს უვლიან ან “განსაკუთრებული მიზეზები” აქვთ, არ მოუწევთ დაუყონებლივ დაბრუნება და მენეჯერებთან მოქნილ მიდგომაზე შეთანხმდებას შეძლებენ.
პიშაიმ ასევე განაცხადა, რომ დისტანციური მუშაობა და ონლაინ ღონისძიებები შეზღუდვების გაუქმების შემდეგაც გაგრძელდება. მისი თქმით, პანდემია აღმოჩნდა შესაძლებლობა, რათა ხელახლა წარედგინათ, როგორ მუშაობს კომპანია.