ინდური ციფრული პლატფორმების წახალისების პროგრამის პარალელურად, რომელიც Google-მა 2020 წლის ზაფხულში წამოიწყო, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია პოპულარული ინდური აპლიკაცია ShareChat-ის შესყიდვას აპირებს.
ShareChat ინდური სტარტაპია, რომლის საერთო ღირებულებამ, 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, 650 მილიონი დოლარი შეადგინა. აპლიკაცია IOS და Android სისტემაზე 15 ენაზეა ხელმისაწვდომი და მის მომხმარებელთა რიცხვი, დაახლოებით, 160 მილიონ ადამიანს შეადგენს. ინდოეთში აპლიკაცია TikTok-ის გაუქმების შემდეგ, ShareChat-ს მსგავსი ფუნქცია – Moj – დაემატა, რის გამოც აპლიკაციაში აქტიურობა 66%-ით გაიზარდა.
კონკრეტული აპლიკაციის ინვესტორები ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Twitter, Lightspeed და Elevation Capital. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაგებია, თუ რატომ დაინტერესდა Google მოცემული კომპანიის შესყიდვით.
ფაქტია, რომ Google მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას სოციალური ქსელების სიმცირე გააჩნია. Google+-ის წარუმატებლობის შემდეგ ამერიკულმა კომპანიამ წარმატების საშუალება ShareChat-ში დაინახა.
მოლაპარაკების წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, 2015 წელს დაფუძნებული კომპანიის უმთავრესი ნაწილი Google-ის მფლობელობაში გადავა. ხოლო, ის ფაქტი რომ Google ინდური ბაზრით დაინტერესებულია, არაერთხელ განმტკიცდა ინდოეთის ციფრული სფეროს გაუმჯობესების პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.