Google სარეკლამო პოლიტიკას ცვლის

photo – Rajeshwar Bachu

კომპანია Google „უკანონო დისკრიმინაციის“ აღმოსაფხვრელად სარეკლამო პოლიტიკაში ცვლილებებს აანონსებს. ცვლილებების მიხედვით, რეკლამის განმცხადებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, საცხოვრებელი, საკრედიტო მომსახურების რეკლამა და ვაკანსიების შესახებ განცხადებები სისტემაში სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით განათავსონ, როგორც ეს აქამდე შეეძლოთ. ზემოთ ჩამოთვლილი რეკლამის და განცხადების სახეობებში სამიზნე აუდიტორიის აღნიშნული მახასიათებლებით გაფილტვრა იკრძალება.

დასაწყისისთვის, განახლებული სარეკლამო პოლიტიკა შეერთებული შტატების და კანადის მაცხოვრებლებს შეეხებათ.

საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შეზღუდვების შემოღება ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, თუმცა, “გუგლი” განმარტავს, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე მუშაობა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და იგი საპროტესტო აქციებთან კავშირში არ არის.

Google-ის გადაწყვეტილებამდე 1 წლით ადრე, სოციალური ქსელი Facebook ამერიკის შეერთებული შტატების საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტმა (HUD) დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. Facebook-ის წარმომადგენლობის განცხადებით, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და, დისკრიმინაციული რეკლამის თავიდან ასარიდებლად, ისინი დეპარტამენტის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებდნენ.