ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთ უნციაზე 1,955.59 აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი კორონავირუსის პანდემიით და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვითაა განპირობებული. შექმნილი სიტუაცია ინვესტორებს ყველაზე უსაფრთხო აქტივში ფულის ჩადებისკენ უბიძგებს.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი 2020 წელს 28%-ით გაიზარდა. აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 1,920 აშშ დოლარი, 2011 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა.
ანალიტიკოსები წლის განმავლობაში ოქროზე ფასის მატებას კვლავ ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, ერთი უნციის ღირებულება, შესაძლოა, 2.000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ოქროს ფასზე გავლენას ცენტრალური ბანკის მიერ დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების შესახებ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებაც მოახდენს.
ოქროსთან ერთად პანდემიის პერიოდში 8%-ით გაიზარდა და 2013 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს – 24.57 აშშ დოლარს მიაღწია ვერცხლის ფასმა.
საფონდო ბირჟებზე აქციებს ფასების და ეროვნული ვალუტების ვარდნასთან ერთად ინვესტორებისთვის ფულის დასაბანდებლად ოქრო ყველაზე უსაფრთო აქტივად ითვლება. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში როგორც კერძო ბანკების, ასევე, ინდივიდუალური ინვესტორების მხრიდან, ოქროზე მოთხოვნა საგძნობლად გაიზარდა.