ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება

photo – moneycontrol

დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, მსოფლიოში, სადაც პანდემია მძვინვარებს, ხალხში გაურკვევლობამ დაისადგურა. ეს გაურკვევლობა ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, საკითხს, თუ რაში სჯობს ფულის დაბანდება.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მეტად არასტაბილურია, რაც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID – 19) შედეგებით – ნავთობის ფასის ვარდნითა და რეცესიის მირაჟით. 2020 წლის 16 მარტს დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის 12.93%-იანმა ვარდნამ 1929 წლის შავი ორშაბათის 12.92%-იან ვარდნას გადაუსწრო.

გასაკვირი არ არის, რომ ხალხის ყურადღება სხვა ტიპის ინვესტიციებმა მიიპყრო, როგორიცაა, მაგალითად, ფულის ძვირფას მეტალებში დაბანდება. თუკი კორონავირუსით გამოწვეული შედეგები მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდება, ინვესტორები ოქროს, როგორც ფულის დაბანდების კლასიკურ და უსაფრთხო წყაროს, მიმართავენ.

2018 წლიდან ოქროს ფასი სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვა ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2020 წლის მარტში ერთი უნცია (28,6 გრამი) ოქროს ფასი 1700 აშშ დოლარი იყო, აპრილის დასაწყისში ფასი 1580 აშშ დოლარამდე დავარდა, რადგან ინვესტორებმა ოქროს გაყიდვა დაიწყეს საფონდო ბირჟაზე მიღებული ზარალის დასაფარად. ხოლო ვარდნას მოჰყვა სწრაფი ზრდა 1740 აშშ დოლარამდე, რაც ივნისის თვეშიც გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი პირველად უახლოვდება მსოფლიო ისტორიაში დაფიქსირებულ (2011წ) ოქროს უმაღლეს ფასს – 1900 აშშ დოლარს.

ვალებისა და სახელმწიფო ხარჯების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, შემდეგი 2 კვირის განმავლობაში ოქროს ფასის 1800 აშშ დოლარამდე, ხოლო წლის ბოლოს – 2000 აშშ დოლარამდე მიახლოებაა ნაწინასწარმეტყველები.