თეო გოგობერიშვილი პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი და ჟურნალისტია, პიარისა და მარკეტინგის 6-წლიანი გამოცდილების შემდეგ, საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში იპოვა.
მის ცხოვრებაში გაჩნდა „ბინადარი“, რომელსაც მთელი მონდომებით, იდეებით და დაგროვილი გამოცდილებით სული ჩაბერა და სრულიად განსხვავებული კონცეფციის დეველოპერული კომპანია შექმნა. მისი მთავარი საქმე გახდა ფერები, ფასადი, ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, აუზი, ლიფტი, დაგეგმარება და, ნახაზებიც კი. „ბინადარზე“ ისეთი აღფრთოვანებით საუბრობს, ეს თუ არ გინახავთ, გადმოცემა რთულია.
„ზოგადად, ადამიანებისთვის რემონტი დამღლელი პროცესია, ჩემთვის კი ეს საქმე აზარტული და საინტერესოა.“
თეო გოგობერიშვილი სხვებისგან გამორჩეული იმითაცაა, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს შორის ის, იმ გამონაკლის ქალებს შორისაა, რომლებიც ინდუსტრიაში მმართველ რგოლში მაღალ პოზიციას იკავებენ.
დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მისი დაარსების იდეაც და სახელიც სრულად თეოს ეკუთვნის. „როცა კომპანიის სახელზე ვფიქრობდი, აღმოვაჩინე, რომ სამშენებლო ბაზარი ძალიან იყო გაჯერებული აბრევიატურებით, მე კი რაღაც ქართული მინდოდა. „ბინადარი“ ბინაც არის, დარიც არის, მზეც არის და ქართულია შინაარსობრივადაც. ამ ერთმა სიტყვამ ყველაფერი შეითავსა და ასე დაერქვა „ბინადარი“.
იდეის რეალიზებისას მეუღლე გვერდით დაუდგა. ასეა დღემდე, როლები ახლაც განაწილებული აქვთ: მეუღლე საორგანიზაციო საკითხებზეა პასუხისმგებელი, თავად კი ყველაფერ დანარჩენზე, რაც ამ პროექტებს უკავშირდება.
თავიდანვე იცოდა, რომ მისი კომპანია ბუტიკური ტიპის უნდა ყოფილიყო. როგორც ამბობს, მსოფლიოს დაპყრობის ამბიცია არ ჰქონიათ, თუმცა დაარსებიდან 5 წლის შემდეგ „ბინადარი“ ერთ-ერთ სტაბილურ, ძლიერ და განსაკუთრებულ კომპანიად ითვლება, რომლის ანგარიშზეც არაერთი და ბევრისგან განსხვავებული პროექტია. ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით.
როცა თეოსგან „ბინადარის“ ამბავს ვისმენ, მრჩება განცდა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური კომპანიაა, რომ აქ მომავალი მობინადრეები გულწრფელად უყვართ! რატომ? აი, მაგალითად, „ბინადარში“ ინდივიდუალურად განიხილავენ ბინის შეძენის მსურველთა შესაძლებლობებს, ეს იმ პირობებშიც, როცა კომპანიას გაყიდვების საკუთარი გრაფიკი აქვს, მაგრამ მაინც აქ უპირატესობას მობინადრეზე აკეთებენ, ცდილობენ მას მაქსიმალურად მოერგონ.
„ბინადარი“ მობინადრეს მშენებლობის დასრულებამდე უპროცენტო განვადებასაც სთავაზობს. სამშენებლო კომპანიის მმართველი ქალი ამ პროცესშიც ჩართულია. ხშირად ყოფილა, რომ გაყიდვების სამსახურთან ერთად კონკრეტული მობინადრისთვის გამოსავალი თავად უპოვნია. მობინადრეს გვერდით მაშინაც დაუდგა, როცა მას პრობლემები შეექმნა და თანხის უკან დაბრუნება ითხოვა. ამ მიდგომამ გაამართლა, მათ შორის ნდობის საკითხში, თუმცა, ცხადია, ეს არ იყო ერთადერთი, რის ხარჯზეც „ბინადარმა“ საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე კლიენტების ნდობა მაინც მოიპოვა.
თეო გვიყვება, რომ სამშენებლო სექტორში მისი კომპანია ერთი პროექტით შევიდა, ეს იყო საცხოვრებელი კორპუსი ნუცუბიძის ქუჩაზე, ანუ „ბინადარი ნუცუბიძეზე“, 15-სართულიანი 2 სადარბაზოსგან შემდგარი კორპუსის მშენებლობა დაახლოებით ორ წელში დასრულდა. მიდგომა მაშინაც და ახლაც კომპანიაში ერთი აქვთ ‒ პროექტებში მხოლოდ საკუთარ ფინანსებს დებენ, მერე ამას მათთან მისულ მომავალ მობინადრეს დოკუმენტებზე დაყრნობით აჩვენებენ, ფინანსურად უზრუნველყოფილ კომპანიას კლიენტიც ადვილად ენდობა. „თბილისი გაჯერებულია სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიებით. ცხადია, ჯანსაღ კონკურენციას მხოლოდ მივესალმები, თუმცა ჩვენ ჩვენი სახსრები და არეალი გვაქვს, ვაშენებთ ეკონომკლასსაც და პრემიუმსაც, გეგმაში, ე. წ. ელიტური პროექტიც გვაქვს. ნებისმიერი ტიპის პროექტის შემთხვევაში მიდგომა ერთია ‒ არანიარი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე!“. ეს კომპანიის დირექტორის ცარიელი სიტყვები არ არის. თეო ფიქრობს, რომ 2018 წლიდან ამოქმედებულმა უსაფრთხოების წესებმა მშენებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობები დაარეგულირა. „ბინადარი“ ახალ ნორმატივებს მიესალმება და როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მათთან შრომის უსაფრთხოების კანონს მკაცრად იცავენ.
ნუცუბიძის დასრულებულ პროექტს 2017 წელს „ბინადარი ცაგარელზე“ მოჰყვა. თეო მეუღლესთან ერთად, ამჯერად, პრემიუმ კლასის მშენებლობას შეეჭიდა, გამოუვიდათ, იმდენად, რომ დღეს ამ პროექტს „ბინადარის“ სავიზიტო ბარათს უწოდებს. აქაც არ დავიწყებიათ მობინადრეები ‒ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმოდ გახსნეს, ასე ერთმანეთს მობინდარეები გააცნეს. 2018 წელს დასრულდა „ბინადარი დადიანზე“, ორბლოკიანი ეკონომკლასი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გარისკეს და ახლა, ერთდროულად სამ მშენებლობას არიან შეჭიდებული. შედეგად 15 სართულიანი „ბინადარი ვაკეში“ დასრულების ეტაპზეა, ესეც პრემიუმ კლასია.
პროექტი „ბინადარი ლისზე“ არის ლისის ტბასთან ყველაზე ახლოს, ამ პროექტს კომპანიაში მათ „მარგალიტს“ უწოდებენ და ეკოპროექტად განიხილავენ, ანუ ეკოლოგიურიც და ეკონომიურიც. ეს იმიტომ, რომ „ბინადარი ლისზე“ ტბასთან 900 მეტრში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან 20 მეტრში შენდება.
ეს ყველაფერი არ არის, „ბინადარი“ აშენებს კიდევ ერთ კომპლექსს დადიანზე, რომელიც 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
ალბათ ხვდებით, რომ თეოს ფანტაზია მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსებით არ შემოიფარგლებოდა, საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო რეალიზებისთვის, სასტუმრო ინდუსტრიით დაინტერესდა და ძალები ამ სექტორშიც მოსინჯა. ამისთვის ბაკურიანი აირჩია, სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც სავსეა დამსვენებლებითაც და სასტუმროებითაც, ოღონდ არა ისეთით, როგორიც „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“. რატომ საფირი? სასტუმროს სახელის ინსპირაცია ლურჯისა და ცისფერის სიყვარული გახდა, თეოს საყვარელი ფერები ბრენდად მისმა მეუღლემ აქცია, მერე თავიდან ბოლომდე საფირზე აეწყვნენ. ახლა სასტუმროში ლურჯი დომინანტი ფერია. „სამწუხაროდ, საქართველოში სასტუმროსთვის ვარსკვლავის მინიჭება ოფიციალურად ჯერ არ ხდება, თუმცა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს სერვისსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“ ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროა ბაკურიანში, რომელიც დამსვენებლებს კომფორტულ დასვენებას და შვედურ მაგიდაზე სამჯერად კვებას სთავაზობს. კვება კი ბაკურიანისთვის, ზოგადად, მტკივნეული თემაა“. „ბინადარის“ 27-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც მალე ერთი წლის გახდება, თეომ სრულად დამოუკიდებლად შექმნა. თვალებს ვხუჭავდი და ყველაფერს ვხედავდიო, გვიყვება. სასტუმროსთვის ყველაფერი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული. „საფირის“ ძირითადი სტუმრები უცხოელები არიან, არადა აქ, ქართველ სტუმრებს განსაკუთრებით ელიან; მათთვის სასტუმროს ფასებიც განსხვავებული აქვთ.
თეოსთან ერთად „ბინადარის“ სამომავალო გეგმები სასტუმროს გაფართოებას უკავშირდება, მშენებლობის დაწყებას მომავალ წელს აპირებენ, „საფირის“ ახალ სასტუმროში იქნება ყველაფერი ის, რაც პირველ სასტუმროს აკლია, მაგალითად, დიდი საცურაო აუზი.
კომპანიას ახალი პროექტი აქვს დაგეგმილი დედაქალაქშიც. „ბინადარის უბანი ისანში“ 4,5 ჰექტარზე დაგეგმარებული ათასბინიანი კომპლექსია. თეო ფიქრობს, რომ აქ ყოველდღიური საჭიროებისთვის ყველაფერს მოაწყობენ, მათ შორის იგეგმება საბავშვო ბაღის, სკოლის, სავაჭრო ცენტრის, ჰიპერმარკეტისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.
„ბინადარი“ მზადაა ელიტარული კორპუსის მშენებლობისთვისაც. ასეთი პროექტია „ბინადარი საირმეზე“, რომლის განხორციელება ბურძგლას ქუჩის 106 ნომერში იგეგმება.
გინახავთ სადმე კომპანიის დირექტორი, რომელიც საკუთარ პროექტში ბინას მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ მობინადრის გარეშე არც ერთი ფართი არ დარჩეს. თეო ასეთი დირექტორია და ასე ცაგარელის პროექტისას მოიქცა. ბინა #13 ერთადერთი იყო, რომელიც არ გაიყიდა. ადგა და საკუთარი დანაზოგით შეიძინა. მერე გაარემონტა და მაინც გაყიდა. „აბა როგორ? „ბინადარის“ დასრულებულ პროექტებში გასაყიდი ბინები არ უნდა არსებობდეს!“ ‒ ასეთია მისი მიდგომა.
ამბობს, რომ მაქსიმალისტი და მომთხოვნია, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. „სხვანაირად მიზანს ვერ მიაღწევ!“ ‒ მით უმეტეს ქალი და მით უმეტეს ისეთ მასკულინურ ინდუსტრიაში, როგორც დეველოპმენტია, რომელიც ძირითადად ფიზიკურ შრომასთან ასოცირდება. თეო გოგობერიშვილი ამბობს, რომ ამ დარგში ქალების წარმატება განსხვავებულ დეტალებს უკავშირდება. „ბინების სწორი დაგეგმარებისთვის აუცილებელია განსაზღვრო კომფორტი, ესთეტიკურობა, უნდა გათვალო ყველა წვრილმანი, რომ მომავალ მობინადრეებს პრაქტიკული და მყუდრო გარემო შეუქმნა. აქ კი, ქალის როლი დიდია; ქალი უკეთ საზღვრავს, რა არის პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ყოველდღიური ცხოვრებისთვის და რა ‒ არა“. მერე რა, რომ „ბინადარი“ სამშენებლო კომპანიაა?! აქ მენეჯმეტში ქალები სჭარბობენ, სწორედ, იმიტომ რომ, თეოს გადმოსახედიდან, ქალები მუდმივად ანგრევენ მყარად დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, წარმატებას აღწევენ პოლიტიკაში, ბიზნესში, არიან საზოგადოებრივად აქტიურები. ამ პროცესის შეუქცევადობა მას აუცილებლად მიაჩნია და თვლის, რომ თუ ქალები საკუთარ ძლიერ მხარეს იპოვნიან, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი სტერეოტიპი მათ წინააღმდეგ უძლური იქნება.
რაზე გადის წარმატებისკენ მიმავალი გზა? თეოსთვის ეს მყარ ოჯახს, ჯანსაღ ურთიერთობებს, მიზანდასახულობას და მონდომებას ეფუძნება. „შემდგარი ოჯახი ჩემთვის ძლიერი მხარეა, რაც მმატებს უფრო მეტ თავდაჯერებას ბიზნესის წარმატებით მართვაშიც“.
ამ ეტაპზე მიღწეულით თავად კმაყოფილია, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ გაჩერებას არ აპირებს, ამბობს, რომ მიღწეული შედეგებით ადამიანი კმაყოფილი არასოდეს უნდა იყოს და აუცილებელია მუდმივად განვითარებისა და სიახლეებისკენ ისწრაფვოდეს. ოჯახში ჰარმონია და ბიზნესის სტაბილური განვითარება ‒ ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რაც თეოსთვის ცხოვრებისეული მოტივაცია და ახალი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
ავტორი: სოფო ბერიძე
ფოტო: ანა ბოკო