ექიმობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ ახლა Forbes Woman-ის მკითხველისთვის ქეთევან გოგილაშვილის წარსადგენად, მედიცინასთან დაკავშირებული არაერთი პოზიციის დასახელება მჭირდება. ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი; ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. როცა საბოლოოდ გადაწყვიტა და პროფესიად სტომატოლოგია აირჩია ორი მთავარი მიზანი ჰქონდა – დაენგრია სტომატოლოგიის მიმართ პაციენტებში არსებული სტერეოტიპული შიში და მკურნალობის პროცესი უფრო კომფორტული გაეხადა.
ქეთევან გოგილაშვილს დღეს თავისი პროფესიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა იყო დრო როდესაც, მედიცინის ეს დარგი მისთვის მხოლოდ ტკივილთან და ტანჯვასთან ასოცირდებოდა, მერე რა, რომ როგორც თავად გვეუბნება, საოცარი სილამაზით გამორჩეული სტომატოლოგი ჰყავდა.
„სიყმაწვილეში ექიმის პროფესიაზე არასოდეს მიოცნებია, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახის გარშემო არავინ გვყავდა ექიმი, ამიტომ არ არსებობდა სუბიექტი, რომელიც ჩემთვის საუკეთესო მაგალითი შეიძლება გამხდარიყო. ცხადია, მყავდა სტომატოლოგი, რომელიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა მასთან ყოველი ვიზიტი ტკივილთან და ტანჯვასთან ასოცირდებოდა. ერთ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება, სტომატოლოგის მიმართ შიშის სტერეოტიპი დამენგრია და მკურნალობის პროცესი კომფორტული გამეხადა, რომელიც ჩემს ხალხს და ქვეყანას გამოადგებოდა. ქვეყნის სამსახურით დაწყებული საქმე წარმატებული გამოდგა, სტომატოლოგთან დაკავშირებული სტერეოტიპები კი ‒ თანდათან დაიმსხვრა. ასე დავიწყე ჩემს პროფესიაზე ფიქრი და ეტაპ-ეტაპ გავაგრძელე დარგის განვითარებაზე ზრუნვა. ეს საქმე დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს ‒ კლინიკურ, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას“.
„საექიმო, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გზა“, ცხოვრებისეულ სარბიელს თავად ასე უწოდებს და ამბობს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა იყო რთული, გრძელი და სერიოზული დაბრკოლებებით სავსე. თვითგანვითარებისა და პიროვნული წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვა, მიზანდასახულობა და მუდმივი რწმენა იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში დაუღალავი შრომით შესაძლებელია იპოვო შენი განვითარების მწვერვალი ‒ ეს ცხოვრებისეული ფორმულა ქეთის პროფესიულ განვითარებაში დაეხმარა.
„რთული გზა გაიარა ჩემმა თაობამ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, ფორმაციათა ცვლილებები და არასტაბილური გარემო, სამოქალაქო ომები, უსამართლობა და ძალადობა, სუსტი განათლება და სრულად მორღვეული ჯანდაცვის სისტემა, ჩამოშლილი ენერგოსისტემა, ტოტალური თუ ელიტარული კორუფცია, ნეპოტიზმი, ძალაუფლებისთვის მებრძოლი „რჩეული“ ადამიანები და ინტერესთა სფერო, მართული თუ უკონტროლოდ განვითარებული ხშირად უმისამართო ქაოსი ‒ ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც შესაძლოა, რომ აღიწეროს ჩვენი საზოგადოების განვლილი ბოლო ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. ცხოვრებისეულ ლაბირინთებში გაკვლეული 40-50-წლიანი გზა მერწმუნეთ, რთულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რომლებთან ჭიდილს არავის ვუსურვებდი, თუმცა ქაოსსა და ქარცეცხლში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებები დავაგროვეთ, შედეგად კარგად ვიცით მშვიდობის, სტაბილურობის, სამართლისა თუ პროფესიონალიზმის ფასი“.
როცა მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული მუშაობის შედეგად მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა, გადაწყვიტა, რომ დრო იყო საკუთარი კლინიკა შეექმნა. ქეთი გვიყვება, რომ მაშინ მის გარშემო სხვადასხვა თაობის მიზანდასახული სპეციალისტები იყვნენ და ჰქონდა სურვილი ეს ხალხი ერთ გუნდად ექცია, ასეც მოიქცა და ასე შეიქმნა სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“.
„გამოწვევები, რომლებიც გზადაგზა გვხვდებოდა, მეტწილად დაკავშირებული იყო მოუწესრიგებელ კანონმდებლობასთან, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ჩვენს საქმიანობას ან, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობდა ნაციონალური გზამკვლევი, როგორ უნდა გემოქმედა სწორად და უსაფრთხოდ ისე, რომ რისკებისგან დაცული ყოფილიყო როგორც პერსონალი, ისე პაციენტი. მაგალითად ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხები, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტის, შრომის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები და სხვა. დღეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტიც ვარ და მას შემდეგ, რაც „ალბიუსიდანაც“ ორი წარმომადგენელი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობაში აირჩიეს, დავიწყეთ ამ საკითხების მოგვარება, რიგ შემთხვევებში შეგვიძლია ამ გზას ბრძოლა ვუწოდოთ. ახლაც ამ პროცესში ვართ. ვცდილობთ დარგის განვითარებას, პრობლემების მოგვარებას, საფრთხეების განსაზღვრას და პრევენციას. ხშირ შემთხვევაში ეს თანამშრომლობა მარეგულირებელ უწყებებთან წარმატებულია, ხშირად ‒ წარუმატებელი. მოგეხსენებათ, რეგულირებადი დარგები ძალიან მგრძნობიარეა ბიუროკრატიული პროცესებისადმი, ვისურვებდი, ქვეყანაში პროფესიულ ასოციაციებზე ასეთი ფუნქციების დელეგირება მომხდარიყო. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო პროფილის ბიზნეს სუბიექტები დღეს გაცილებით ‒ განვითარებული, მომსახურების ხარისხი კი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა“.
ქეთევან გოგილაშვილის „ალბიუსი“ უახლესი მეთოდებისა და მიდგომების საფუძველზე, ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდებაზეა ორიენტირებული. ამ ყველაფერს წარმატება მოაქვს, რასაც კლინიკის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ინტერიერის ელეგანტური დიზაინი, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და გამოცდილი პერსონალის მაღალკვალიფიციური გუნდი ემატება, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის იდეალურ ატმოსფეროს ქმნის.
„მთლიანობაში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის, უწყვეტი ინოვაციებისა და განათლებისადმი „ალბიუსის“ ერთგულება მაღალკვალიფიციურ გუნდთან და მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან ერთად, მას ბაზარზე წამყვან ბრენდად აქცევს და სასურველ არჩევანს წარმოადგენს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ეძებენ ექსკლუზიურ და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებას“.
ქეთევან გოგილაშვილი 2020 წლიდან ბიზნესფედერაციაში ‒ „ქალები მომავლისთვის“ ‒ ჯანდაცვისა და მედიცინის კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან აქვს შესაძლებლობა ქალების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ქეთი საუბრისას წარსულს იხსენებს და გვეუბნება, რომ იყო წლები, როცა ქალებს ნაკლები უფლებები ჰქონდათ და შეზღუდულები იყვნენ არა მხოლოდ პროფესიის არჩევის, არამედ სასურველ პოზიციაზე მუშაობის კუთხითაც. თუმცა გლობალიზაციამ თავისი საქმე გააკეთა და ქალის როლი პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში გაზარდა.
„მსჯელობა ქვეყნის განვითარების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოების პირველად წარმონაქმნებში უნდა განვითარდეს და შემდგომ, საჯარო ხასიათი მიიღოს. ასეთ ჯგუფებად პროფესიული, დარგობრივი, საქმიანი თუ სამეცნიერო წრეების სხვადასხვა გაერთიანება შეიძლება წარმოვიდგინოთ, მათ შორის არის ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, რომელიც ძლიერ წარმატებულ ქალებს აერთიანებს სხვადასხვა სფეროდან. ფედერაციის მიზნებია ქალთა უფლებების დაცვა-უზრუნველყოფა, თითოეული ინდივიდის პოტენციალის აღიარება და მათი პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში გააქტიურება. ამიტომ ყოველდღიური რუდუნებით ვქმნით ძლიერ ქალთა ქსელს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გულწრფელად გასაზიარებლად.
გვჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი, ქალების, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამოქალაქო საზოგადოების შენების რთულ, თუმცა ასე საჭირო და მნიშვნელოვან გზაზე“.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ბიზნესფედერაცია არაერთ პროექტს ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელთა უმთავრესი მიზანი სწორედ ქალის როლის წინ წამოწევაა. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ინიციატივა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აერთიანებს. მასშტაბურ პროექტის სახელწოდებით „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ ორგანიზაცია Care Caucasus-ი სწორედ ბიზნესფედერაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. დაფინანსების წყარო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია, მიზანი კი სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება.
„პროექტი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე ქალების ცოდნის და უნარების განვითარებას, ფინანსებზე წვდომას და ციფრულ ეკონომიკაში მათ ინტეგრირებას საჯაროკერძო პარტნიორობის გზით. გვჯერა, რომ ქალების გაძლიერება მათ განათლებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე გადის და ამ ხედვას მივყვებით“.
ქეთი ამბობს, რომ წარმატებისთვის აუცილებელია რწმენა და იმ საქმის სიყვარული რასაც ვაკეთებთ. ქალებს ურჩევს, რომ უსმინონ გონებას და პიროვნულ თვისებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, რადგან ქეთის სჯერა, რომ ეს მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
„საკუთარი საქმის მიმართ რწმენა, შრომის უნარი, ენთუზიაზმი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ოპტიმიზმი, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, შინაგანი თავისუფლება, მოტივაცია ‒ ეს ყველაფერი წარმატებული ადამიანის საქმიანობის რეალურ შედეგებს განაპირობებს. აუცილებელია საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისა და წარმატებული კარიერისთვის კი ქალები უნდა შეეცადონ განათლება, გრძნობა და გონება სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ. ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: ღირსეულად გადაიტანონ დამარცხების წუთები, წარუმატებლობამ არასდროს დააფრთხოს ‒ პირიქით, ეს მეტ გამოცდილებას შესძენს მათ. ძალიან დიდ პიროვნულ თვისებად ყოველთვის სხვისი წარმატების სიხარული და ირგვლივ წარმატებული ადამიანების შემოკრების უნარი მიმაჩნია“.
ქეთევან გოგილაშვილი არ აპირებს მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლოს. მისი სამომავლო გეგმა ახალგაზრდების ხელშეწყობა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა. უფრო კონკრეტულად, დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის რამდენიმე პროექტის განხორციელება. ქეთის კარგად აქვს გააზრებული, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს, პროფესიონალების ხელშეწყობა სჭირდებათ.
„ყველა ჩემი წარმატებული ნაბიჯის უკან მხოლოდ დაუღალავი შრომაა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებს შრომის მიმართ დიდი სიყვარული მინდა ჩავუნერგო“.