დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა გეშტალტ ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას, სადაც აღინიშნა მისი, როგორც საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტის, საერთაშორისო აღიარება ინსტიტუციურ დონეზე.
ჩვენ საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით ფსიქოლოგიის დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორსა და მეთოდოლოგიის ტრენერს, პროფესორ თეა გოგოტაშვილს, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა ინსტიტუტსა და მის ევროპულ აკრედიტაციაზე.
როგორია ზოგადი მიმოხილვა და რას გულისხმობს ეს პროგრამა?
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი ორიენტირებულია უნივერსიტეტის შემდგომ სწავლებაზე მათთვის, ვისაც სურს ფსიქოთერაპევტად დადგომა. ინსტიტუტში გეშტალტ თერაპია, როგორც ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც თანამედროვე, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიულ მეთოდად ითვლება, უკვე 2012 წლიდან ისწავლება ევროპული საერთაშორისო სტანდარტით.
ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტი დაარსა საქართველოში გეშტალტ თერაპიის შემომტანმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება ჩაისახა და ამოიზარდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განწყობის თეორიის ნიადაგზე, ვინაიდან ბატონი დიმიტრიც და მეც გახლავართ დიმიტრი უზნაძის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტის წევრები.
რას გულისხმობს ევროპული საერთაშორისო სტანდარტი?
ევროპული სტანდარტი ყველაზე მაღალი სტანდარტია, ვინაიდან ის მოთხოვნები და პროფესიული ცენზი, რომელიც ამ პროგრამის დასრულების შემდგომ ეძლევა პროფესიონალს, ასევე აღიარებულია ა.შ.შ.-სა და რეალურად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალობა.
რა სახის სამომავლო პერსპექტივები ექნებათ გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს?
ჩვენი 2016 წლის კურსდამთავრებულები, ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ევროპული ცენზის მქონე სპეციალისტები არიან. ისინი უკვე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობენ გეშტალტ თერაპიის კლინიკებსა და სხვადასხვა ცენტრებში. დღეს ჩვენ უკვე აღვნიშნავთ ჩვენი საქმიანობის ინსტიტუციონალურ დონეზე აღიარებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ინსტიტუტის დიპლომი საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. ჩვენი კურსდამთავრებული უკვე, როგორც ამ დიპლომის მფლობელი, ითვლება საერთაშორისო დონის სპეციალისტად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ.
რა პრინციპით იღებთ სტუდენტებს?
ინსტიტუტში სკურპულოზურად არის დაცული ევროპული მოთხოვნილებები. ევროპა ამ ფსიქოთერაპევტად ფორმირებისთვის მოითხოვს მინიმუმ საბაკალავრო განათლებას. ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები არიან პრიორიტეტები, რომელთაც პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე შეუძლიათ დაიწყონ ფსიქოთერაპევტის სადიპლომო/პოსტსაუნივერსიტეტო სწავლების კურსი. ეს ძალიან მომიჯნავე დისციპლინაა და ექიმები და ფსიქოლოგები უკვე მზადდებიან ამ პოსტ-საუნივერსიტეტო პროგრამით.
დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში გვაქვს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სპეც-კურსი, რომლითაც ჩვენ ვამზადებთ ბაკალავრიატის სტუდენტებს. ალტერნატიული კურსი არის მოსამზადებელი საბაზისო კურსი, მათთვის, ვისაც არ აქვს ფსიქოლოგიური განათლება საბაკალავრო დონეზე. ჩვენ მათ ვთავაზობთ მოსამზადებელ კურსს და ვამზადებთ იმისთვის, რომ ნამდვილად შეესაბამებოდნენ თავის, როგორც საბაზისო ცოდნით, ასევე პროფესიული განათლებით საერთაშორისო სტანდარტებს.
რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, რამდენად კვალიფიცირებულები არიან ისინი და აკმაყოფილებენ თუ არა ევროპულ სტანდარტებს?
ჩვენი ტრენერები, ფსიქოთერაპევტები თუ სუპერვაიზორები, უკლებლივ ყველანი ევროპული ცენზის სპეციალისტები არიან. პირველ რიგში ხდება პირადი ფსიქოთერაპიის გავლა, ჯგუფურისა და ინდივიდუალურის. აუცილებლად ამას ატარებენ უკვე ევროპული ცენზის მქონე ადგილობრივი ქართველი სპეციალისტები. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც ადამიანს საკუთარ ენაზე შეუძლია გაიაროს თავისი პირადი თერაპია. მეორე კურსიდან ჩვენ უკვე გვიერთდებიან ,,მსოფლიოს ვარსკვლავები”, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და ასწავლიან თეორიასა და მეთოდოლოგიას.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ინსტიტუტის სახელმძღვანელოებზე?
ჩვენ გვაქვს ქართული სახელმძღვანელოები, რომლის ავტორიც არის პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. მეორე, 2018 წლის გამოცემა უკვე ჩვენი თანაავტორობით გვაქვს და ამავდროულად ვფლობთ 4000-მდე ელექტრონულ წიგნს, დამხმარე სახელმძღვანელოების
სახით, ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტებისთვის.
ჩვენ ასევე ვიწყებთ მუშაობას კანონ-პროექტებზე, რომელიც ყველა ჩვენთან მომუშავე ფსიქოთერაპიული მეთოდის წარმომადგენლის პროფესიული აღიარების საშუალებას მოგვცემს. სწორედ საკანონმდებლო ბაზა უნდა შევქმნათ და ეს არის ის საკანონმდებლო ინიციატივა, საითაც ჩვენ ახლა გვიჭირავს გეზი.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ ინსტიტუტთან დაკავშირებით?
პირველ რიგში, ჩვენი, როგორც საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ინსტიტუტის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ევროპის გაერთიანებაში წარდგენაა. ამაზე კი სწორედ ახლა იწყება მუშაობა.
ამჟამად, ბატონი დიმიტრი და მე, როგორც პირველი ევროპული ცენზის სპეციალისტები კავკასიის მასშტაბით, მიწვეულები ვართ არაერთ ევროპულ ინსტიტუტში, როგორც ტრენერები. ჩვენ გვაქვს უამრავი შემოთავაზება და ხელშეკრულება ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებთან. ბატონი დიმიტრი წელს აირჩიეს ევროპის კვლევის კომიტეტის წევრად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ჩვენ ორიენტირებულები ვართ და პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი და მე ვწერთ წიგნს, რომელსაც გამოვცემთ ჩვენი ინსტიტუტის ეგიდით, ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც ქართული განწყობის თეორია გაამდიდრებს ფსიქოთერაპიულ სფეროს და გეშტალტ თერაპიაში შევა უკვე თავისი მეთოდოლოგიითა და ექსპერიმენტებით, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მატება და თეორიული თუ პრაქტიკული საზღვრების გამფართოებელი.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა თანამედროვე გეშტალტ თერაპიაში თერაპევტების ტრენერებად მომზადების კურსი, რომელიც უკვე 2020 წლის მარტიდან აიღებს სტარტს.