საქართველოში მიტანის ყველაზე პოპულარული სერვისი Glovo 2015 წელს ესპანეთში დაარსებული სტარტაპია, რომელიც იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. პროდუქტის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც საიტიდან, ასევე iOS და Android აპლიკაციით. აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ ნებისმიერი ნივთი, რაც Glovo-ს ყუთში ეტევა. პროდუქტების ტიპებს შორის არის საკვები, მედიკამენტები , პარფიუმერია და ა.შ.
Glovo-ს ახალი კატეგორია, რომელიც სულ ახლახან დაემატა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიმარტივონ საჩუქრის შეძენის პროცესი და სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ მათთვის სასურველი, ქართული პროდუქტი. კატეგორია მომგებიანია ქართველი სტარტაპერებისთვის ,რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროდუქტი Glovo-ს მრავალრიცხოვან მომხმარებელს გააცნონ.
ახალი კატეგორიის შესახებ გავესაუბრეთ კომპანიის Glovo მარკეტინგის მენეჯერს, შაკო იოსავას.
პირველ რიგში, რომ აგვიხსნათ, რას ემსახურება Glovo-ს ახალი წამოწყება და როგორ დაეხმარება ის ქართულ სტარტაპებს?
როგორც იცით , Glovo-ზე ჩვენი ჯადოსნური „რაც გინდა“ ღილაკით ნებისმიერი ნივთის შეძენაა შესაძლებელი, რაც კი ქალაქშია ხელმისაწვდომი. დიდი ხანია გვინდა ქართველ სტარტაპერებთან ერთად საერთო პროექტის წამოწყება მათი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. შეკვეთებზე დაკვირვებისას დავინახეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნა მომხმარებლებისგან, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული პროექტი საახალწლოდ გაგვეშვა.
სტარტაპერების პროექტის მიზანია ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საჩუქრის არჩევის, შეძენის და გაგზავნის პროცესი; ამასთანავე, ქართველ მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ცნობადობის და ონლაინ გაყიდვების გაზრდაში. Glovo-ს აპლიკაცია ძალიან დიდი პლატფორმაა, ჩვენს აპლიკაციაში პროდუქციის განთავსებით სტარტაპებს 100,000-ობით მომხმარებლებთან აქვთ წვდომა.
Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. როგორ ფიქრობთ, ქართულ სტარტაპებს აქვთ თუ არა ასეთ მასშტაბებზე გასვლის პოტენციალი?
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ქართველი სტარტაპერები საკმაოდ უნიკალურ პროდუქტებს ქმნიან და დაინტერესება საქართველოს საზღვრებს გარეთაც იქნება. თუ ქართველი მეწარმეები მოისურვებენ პროდუქტი აწარმოონ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, Glovo დიდი სიამოვნებით დაეხმარება.
რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კატეგორიაში დასამატებელი სტარტაპები და საჭიროა თუ არა უკვე გაყიდვაში იყოს მათი პროდუქტი?
კრიტერიუმი ძალიან ცოტა გვაქვს. მთავარია საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტი და ასევე, ფიზიკური მაღაზია ან საწყობი, საიდანაც შეძლებენ ჩვენი პარტნიორი კურიერები
პროდუქციის წაღებას დანიშნულების ადგილას.
ამჟამად აპლიკაციაში შევხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: ალტერსოქსი, Beard.ge, ZOMA და ა.შ. მათი პროდუქტები უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. რა იგეგმება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც ნაკლებად ცნობილია ჩვენთვის, თუმცა საინტერესო პროდუქტს ქმნიან?
პროექტის დაწყება სწორედ ნაცნობ ბრენდებთან ერთად გვსურდა, რომ გარკვეული ცნობადობისთვის მალე მიგვეღწია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ყოველდღე ახალ მეწარმეებს
ვამატებთ ჩვენს აპლიკაციაში, მათ შორის იმ სტარტაპებსაც, რომლებიც შედარებით ნაკლებად პოპულარულია და ვეხმარებით მათ ცნობადობის ამაღლებაში.
კომპანიები თავად გიკავშირდებიან , თუ თქვენი ინიციატივით პოულობთ მათ?
თავიდან, როდესაც პროექტს ვიწყებდით, ჩვენ ვუკავშირდებოდით, ვაცნობდით პროექტს და ვათავსებდით მათ ჩვენს აპლიკაციაში. თუმცა პროექტის დაწყების დღიდან ყოველდღე გვიკავშირდებიან სხვადასხვა მეწარმეები და დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება ჩვენი კატეგორია.
სტარტაპ კატეგორია სულ ახლახან დაემატა Glovo-ს. ეს ფუნქცია მხოლოდ საახალწლო პერიოდებში იმოქმედებს, თუ მომავალშიც გვექნება მასზე წვდომა?
სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩანაფიქრი იყო მოკლევადიანი საახალწლო კამპანია გაგვეკეთებინა ჩვენს მეწარმეებთან ერთად. თუმცა, დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა მომხმარებლების და ანტერპრენერების მხრიდან, რომ ვაპირებთ პროექტს გრძელვადიანი სახე მივცეთ, უფრო დავხვეწოთ სერვისი და უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს, ამავდროულად კი ქართველ მეწარმეებსაც დავეხმაროთ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში.