ლონდონის გლობუსის თეატრმა შექსპირის პიესების უფასო სტრიმინგი დაიწყო

ლონდონის გლობუსის თეატრმა შექსპირის პიესების დადგმების ონლაინ პლატფორმაზე უფასოდ განთავსება დაიწყო . თეატრს უკვე ჰქონდა ონლაინ პლატფორმა Globe Player, მაგრამ პორტალით სარგებლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. 6 აპრილიდან ყოველ ორ კვირაში ერთხელ შექსპირის პიესების ინგლისურენოვან დადგმებს სრულიად უფასოდ შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი. გარდა თავისი დასის ცნობილი დადგმებისა, თეატრი მაყურებლებს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე დადგმული შექსპირის პიესების 34 ჩანაწერს შესთავაზებს.

თეატრი ასევე გეგმავს სპეციალური სერიის მომზადებას სახელწოდებით „შექსპირი და სიყვარული იზოლაციაში“, რომლის ფარგლებშიც თეატრის მსახიობები შექსპირის ციტატებს თვით-იზოლაციიდან წაიკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილი ლეგენდარული ბრიტანელი დრამატურგის დაბადების დღეა. გლობუსის თეატრი დღეს ონლაინ პლატფორმის მაყურებლებს შექსპირის იუბილეს განსაკუთრებულ აღნიშვნას შესთავაზებს.

უფასო ინგლისურენოვანი სპექტაკლების სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • „ჰამლეტი“ (2018), 6-19 აპრილი
  • „რომეო და ჯულიეტა“(2009), 20 აპრილი- 3 მაისი
  • „ორი კეთილშობილი ნათესავი“ (2018), 4-17 მაისი
  • „ზამთრის ზღაპარი“(2018), 18-31 მაისი
  • „უინძორელი მხიარული ქალები“ (2019), 1-14 ივნისი
  • „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (2013), 15- 28 ივნისი