The Global 100-ის სია აერთიანებს მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციებს მდგრადობის მაჩვენებლით. ასეულს 2005 წლიდან კანადური კვლევითი გამოცემა Corporate Knights ადგენს.
ჩამონათვალში შედის კორპორაციები 1 მლრდ. დოლარზე მეტი შემოსავლითა და მდგრადობის ისეთი საზომებით, როგორიცაა ნახშირბადისა და ნარჩენების გამოყოფის სიმცირე, მმართველების შემადგენლობაში მცირე გენდერული სხვაობა, შემოსავლები სუფთა პროდუქტის გამოყენებით და ა.შ.
2020 Global 100 – ის სათავეშია დანიური ენერგოკომპანია Ørsted. მას შემდეგ, რაც კომპანიამ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვა და დაიწყო ქარის ელექტროსადგურების აგება, მის მიერ ნახშირბადის გამოყოფა 83%-ით შემცირდა. გარდა ამისა, კომპანიის მდგრადობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა შემოსავლებმა, რომელსაც გამოიმუშავებს გარემოსა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფით.
მეორე ადგილზეა დანიური ბიომეცნიერული კომპანია Chr.Hansen, რომელიც კვების, სასმელის, ფარმაცევტულ და აგრარულ ინდუსტრიებში ნატურალური მეთოდებით წარმოებას ავითარებს – იყენებს ,,კარგ“ ბაქტერიას პესტიციდების ნაცვლად, რათა საკვებმა პროდუქტმა შეინარჩუნოს სიჯანსაღე, ასევე ანტიბიოტიკების ალტერნატივებს ცხოველებისთვის. სწორედ ამ გზით წარმოებული პროდუქტების რეალიზაციისგან იღებს კომპანია შემოსავლების 80%-ს.
მსოფლიოს მდგრად კომპანიებს შორის მესამე ადგილს იკავებს ნავთობგადამამუშავებელი ფინური კომპანია Neste Oyj. მისი შემოსავლების 25% ბიოსაწვავის ბიზნესიდან მოდის და კომპანია განახლებადი რეაქტიული საწვავის უმთავრესი მიმწოდებელია ევროპაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანიის მმართველი საბჭოს შემადგენლობის 38% ქალია.