მევენახე-მეღვინე ვარ-მეთქი, ალბათ ვერასდროს ვიტყვი, თუმცა კი ძალიან მინდა ასე იყოს. ალბათ მუდამ დამწყები ვიქნები, რადგან ორივე დარგი, მევენახეობაც და მეღვინეობაც მრავლისმომცველი და ამოუწურავია. მიწა, ჰაერი და მზე უნდა მოაქციო შენს ვენახსა და ღვინოში, ეს კი ადვილი არ არის და რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო ვხვდები, რომ არაფერი ვიცი.
ყველაფერი კი ასე იწყება: ვცხოვრობდი თბილისში, ვმუშაობდი გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ რედაქტორად და ვეძებდი სახლს ბუნების წიაღში, რათა, ასე ვთქვათ, შაბათ-კვირას ქალაქიდან გასაქცევი ადგილი მქონოდა. ამ ძებნა-ძებნაში მე და ჩემი ქმარი ზურა სანოძე კახეთამდე, რუისპირამდე ჩავედით და მივადექით სახლს სოფლის განაპირას, დიდი ეზოთი, არაჩვეულებრივი ხედით კავკასიონზე და რაც მთავარია, ძველი მარნითა და ვენახით. და ისე, რომ სრულებით არ მქონია არც ვენახის და არც ღვინის ინტერესი, ორივეს მეპატრონედ ვიქეცი და გაჩნდა კიდეც პირველი საფიქრალი და ვალდებულება: უნდა მომევლო ვენახისა და მარნისთვის, და რომ მომევლო, ჯერ უნდა შემესწავლა…
პირველად ღვინო 2017-ში დავაყენე, რქაწითელი, სულ 210 ბოთლი. მალევე გამოჩნდა ჩვენი პირველი იმპორტიორი, ახლა უკვე მეგობარი ზოლტან კოვაჩი და რამდენი ბოთლიც გვქონდა, სრულად წაიღო გერმანიაში. ასე იწყება ჟუკა-სანოს მარნის ამბავი, რაც თავისთავად ალბათ დასტურია ძალიან მარტივი ჭეშმარიტების, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და როდის რა შეიცვლება ადამიანის ცხოვრებაში, არავინ იცის.
ქალ მეღვინეებზე საუბრისას ხშირად მესმის ხოლმე ფრაზები „პირველი გამოწვევა ბიზნესის დასაწყისში, პირველი სირთულე“ და ა.შ. საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი გამომიცდია, არანაირი სირთულე და არანაირი დაბრკოლება არ მქონია, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მიცდია გამეყიდა ჩემი ღვინო, მიმეტანა ვინმესთვის და მეთხოვა, – აბა, გასინჯეთ, როგორია? თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იყიდებოდა და იყიდება დღესაც, ერთი ბოთლიც კი არ რჩება. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ არასოდეს აღმიქვია ეს საქმე ბიზნესად, არასდროს შემიხედავს ვენახისთვის ბიზნესის თვალით, არ მქონია მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებასთან. ეს საქმე ჩემი ოჯახისთვის ერთი დიდი სიამოვნება, ბედნიერებაა და ამ ჩვენს ბედნიერებაში ვეპატიჟებით ყველას, ვისაც ჩვენსავით უყვარს მშვიდი დღეები, შრომა, სიამოვნების მიღება შრომით, მზესა და მიწაზე მიჩერება, ამინდზე მიყურადება, ღვინის დაჭაშნიკება, ვენახში ხეტიალი დილიდან საღამომდე…
ჩემი ვენახი დიდი არ არის, ნახევარი ჰექტარი რქაწითელი გვაქვს, ეს ძველი ვენახია, სახლთან ერთად რომ შევიძინეთ. ამ ვენახში სამი ძირი უიშვიათესი კახური ენდემური ჯიშის ვაზიც გვაქვს, მისი სახელია იყალთოს წითელი. ეს სამად სამი ძირი იქცა ჩვენი მარნის სავიზიტო ბარათად – იყალთის წითლისგან დაყენებულმა ღვინომ პირველსავე წელს დიდი ინტერესი გამოიწვია ღვინის მცოდნეებსა და მოყვარულებში. იმდენად ინტენსიური ფერი და მდიდარი გემო აქვს, რომ 3 ყუთი იყალთოს წითელი 47 ყუთ ქარვისფერ რქაწითელთან ერთად რომ ჩაიწურება ხოლმე ქვევრში, ღვინო დგება წითელი, წარმოგიდგენიათ? ასეც დავარქვით: 3/47. შარშან, 3/47-ს რომ ვაყენებდი, თეთრი და შავი ყურძნის დოზირება შემეშალა და სულ სხვანაირი ღვინო მივიღე. მუქი ლალისფერის ნაცვლად, მოვარდისფრო-ქარვისფერი ღვინო დადგა, განსხვავებული ხასიათით და ენერგიით. რადგან შეცდომის გამო ახალი ღვინო დაიბადა, დავარქვით Mistake და ჩვენი მარნის ერთ-ერთ სახეობად ვაქციეთ.
ამჯერად სამი სახეობის ღვინოს ვაყენებთ: რქაწითელს, 3/47-სა და Mistake-ს. სამივე ღვინო თითქმის მთლიანად იყიდება საზღვარგარეთ. ჯერჯერობით ქართული ღვინის ბარებისა და მაღაზიებისთვის ღვინო არ გვრჩება. ვინაიდან ჩვენი ღვინის მიმართ მოთხოვნა მუდმივად იზრდება, 2020-ში ახალი ვენახი გავაშენეთ, პატარა ვენახია, სწორედ იმხელა, დაუხმარებლადაც რომ მოვუვლით და ღვინოსაც იმდენს მივიღებთ, ხარისხის შენარჩუნება რომ შევძლოთ.
ალბათ შეამჩნიეთ, ჩვენი მარნის ამბავს ხან მხოლობით რიცხვში ვყვები, ხანაც მრავლობითში – ჟუკა-სანო ორი ადამიანია, მე, თაკო ჟურული, მეგობრებისთვის იგივე ჟუკა, და ჩემი ქმარი, ზურაბ სანოძე, მეგობრებისთვის სანო. ჩვენ ვუვლით ვენახსაც და მარანსაც, არ ვიხმართ დაქირავებულ მუშახელს, მშვენივრად ვწვდებით საქმეს ორნი. ბავშვებიც გვეხმარებიან – ირინა და თამუნია. თუმცა ზურა რომ არ იყოს ბოლომდე ჩართული ჩვენს მევენახეობა-მეღვინეობაში, მასაც ისევე რომ არ იტაცებდეს ეს საქმე, როგორც მე, ალბათ არ გამომივიდოდა ასე იოლად ყველაფერი.
ცხადია, ვერ ვიტყვი, არავინ გვეხმარება-მეთქი. პირიქით, განებივრებული ვარ დახმარებით. უზომოდ მადლიერი ვარ ორგანიზაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), რომლის არაერთი პროექტის ბენეფიციარია ჩვენი მარანი. ძალიან გონივრული, ნაფიქრი და დაგეგმილი პროექტები აქვს GIZ-ს. რას ვგულისხმობ, იცით? ფინანსურად კი არ გეხმარებიან, ისეთ გარემოს, იმგვარ რეალურ ბაზარს ქმნიან შენთვის, ისეთ მყარ და საიმედო ეკონომიკურ „ნაგებობას“ შემოგიშენებენ ირგვლივ, რომ შენც, შენი მხრიდან ხელს თუ არ დააკლებ და იმუშავებ, განვითარებაც და ფინანსური წინსვლაც გარანტირებული გაქვს. მე ვფიქრობ, ასეთი დახმარება ფინანსურ მხარდაჭერაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
წინ დიდი გეგმები გვაქვს! ტურისტების მიღებას ვიწყებთ! ნატურალური ღვინით და ორგანული ვენახებით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენს ყოველდღიურობაში ვეპატიჟებით, ჩვენი ბედნიერი ცხოვრების განაწილებას ვთავაზობთ მათ. ოღონდ, ისე უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება, რომ ვენახსა და მარანს არაფერი მოაკლდეს. ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა, იმიტომ კი არა, რომ ბიზნესი განვავითაროთ, არა, უბრალოდ ასეთი ცხოვრება მოგვწონს _ ბუნებასთან ჰარმონია და ზრდა გვაბედნიერებს.