ხის ოსტატი | მარიამ ზეინალაშვილი

ხესთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება, მამა ხის ოსტატია, სახლში სახელოსნო გვქონდა და მეც ბავშვობის დიდი ნაწილი მასთან ერთად სახელოსნოში გავატარე, სულ მაინტერესებდა რას და როგორ აკეთებდა, ვცდილობდი მისგან ბევრი რამ მესწავლა. ასე იქცა ხეზე მუშაობა ჩემს ჰობად. მიუხედავად ამ საქმის დიდი სიყვარულისა, პროფესიად ქორეოგრაფობა ავირჩიე, ახლა ბავშვებს ცეკვას ბაგა-ბაღში ვასწავლი, მაგრამ ხესთან ურთიერთობა არასოდეს შემიწყვიტავს.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

იმისთვის, რომ ჩემი ჰობი ბიზნესად მექცია, ბუნებრივია მჭირდებოდა შესაბამისი დანადგარები, რომლითაც ხეს მარტივად დავამუშავებდი, ხელით მუშაობა რთულიც არის და ასე ბიზნესის შექმნაც შეუძლებელი იქნებოდა.

როცა საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაზე ვფიქრობდი, სწორედ ამ დროს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ) პროექტმა ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ მეწარმეობის კურსი, შემდეგ კი ქალ მეწარმეთა კონკურსი გამოაცხადა.  მიუხედავად იმისა რომ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ მქონია, მეწარმეობის კურსის გავლის შემდეგ გამიმართლა და 20 გოგოს შორის გავიმარჯვე, მივიღე გრანტი, შევიძინე დანადგარები და ვაზისუბანში სახელოსნო გავაკეთე. Შესაბამისად, საქმესაც ხელი უფრო სერიოზულად მოვკიდე. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ამ გრანტის გარეშე, ალბათ ჩემი ოცნების რეალიზება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.

სახელოსნო „კოხტაში“ ხის ნაკეთობებს ახლა ჩემს მეგობართან ერთად ვქმნი, ეს არის სახლის დეკორაციები, თაროები, საკიდები, დაძველების ეფექტის მქონე ლანგრები, სათამაშოები, მისალოცი ბარათები და კიდევ ბევრი რამ.

GIZ-ის დაფინანსების შემდეგ, რადგან უკვე საქმეს ბიზნესის სახე მივეცი, პროდუქციის რეალიზებისთვის გავაკეთე Facebook გვერდი. 12 ათასი რეალური გამომწერი მყავს, რაც ძალიან მახარებს. ასე ჩვენი ნაკეთობების რეალიზაცია გაცილებით მარტივია. 2020 წლიდან კი, „კოხტას“ პროდუქცია ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშიც“ იყიდება. ხეზე მუშაობის პარალელურად, რეალიზაციის საკითხებსაც თავად ვკურირებ, სულ ბოლოს, 3 და 8 მარტს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები დავდეთ.

რომ არა დონორი ამდენს ვერ მივაღწევდი. GIZ-ის მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, არამედ ცოდნის მიღების კუთხითაც. ჩვენი ურთიერთობა გრანტის მიღებით არ დასრულებულა. EPIC-ის ხელშეწყობით Action Against Hunger-მიერ ორგანიზებული მეწარმეობის კურსის ფარგლებში საშუალება მომეცა, რომ 5 თვიანი ტრენინგი გამევლო, სადაც შევისწავლე ყველაფერი, რაც ბიზნესის კეთებას სჭირდება, დაწყებული ბიზნესის გეგმის დაწერიდან, ბიზნესის მართვის ყველა დეტალის ჩათვლით, მათ შორის მასწავლეს ისიც, თუ როგორ უნდა დავმკვიდრებულიყავი სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ რეალიზაცია გამეზარდა. ხეზე მუშაობა იმდენად მიყვარს, რომ ტრენინგებს 7 თვის ორსულიც კი ვესწრებოდი.

GIZ-ის EPIC-ის პროექტი დღემდე არ მივიწყებს, მათი მეშვეობით ვმონაწილეობ გამოფენებში და ასე თითქმის ყოველდღიურად წინ მივიწევ, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

სახელოსნო ერთადერთი ადგილია, სადაც, როცა შევდივარ, სხვა ყველაფერი მავიწყდება. აქ უამრავი იდეა მომდის, ჩემს თავში ახალი ნიჭი აღმოვაჩინე, რამაც ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმ საქმეს, რაც ბავშვობიდან ასე ძალიან გიყვარს.

ახლა მინდა, რომ სახელოსნო გავაფართოო.   ჩემთვის უფრო მოხერხებული იქნება ის სახლთან ახლოს მოვაწყო, რადგან ხის ოსტატობისა და ქორეოგრაფად მუშაობის პარალელურად ორი მცირეწლოვანი ბიჭის დედა ვარ. ამ ეტაპზე ჩემი ერთ-ერთი მიზანია „აწარმოე საქართველოს“ პროექტში მონაწილეობა და გრანტის მოპოვება.

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ