გამოწვევებზე გამარჯვებული | სოფიო ტუაევი

ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი გამოწვევებით არის სავსე, ასე იყო ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ჯერ თბილისიდან ახალგორში გადასვლა მოგვიწია, შემდეგ იყო სტუდენტობის წლები ცხინვალში, მუშაობა ქურთის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის ომი, დევნილობა, მშობლების გარდაცვალება და საბოლოოდ ახალი ცხოვრების დაწყება ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქ გორში.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ჩემი, როგორც მეწარმის, ისტორიის ათვლის წერტილი 2014 წელია, როცა 6 წლიანი სტაჟის მიუხედავად ქურთის ადმინისტრაციიდან სრულიად მოულოდნელად და უარგუმენტოდ გამომიშვეს, ერთადერთი მხოლოდ ის მითხრეს, რომ ჩემს ადგილას უფრო გამოცდილი კადრი სჭირდებოდათ. არადა იქ სამუშაოდ, მართლაც გამოუცდელი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მივედი, თუმცა მას შემდეგ იყო 6 წლიანი თავდაუზოგავი მუშაობა, ყოველდღიურად სახიფათო გზის გავლა, გადაადგილება ისეთი მარშრუტით გვიწევდა, რომ ჩვენი სამსახურებრივი ავტომობილი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ნაღმზე აფეთქებულიყო. უსამსახუროდ დარჩენას დეპრესია მოჰყვა, ჩემს ცხოვრებაში იყო დღეები, როცა მეგობრების ნახვის სურვილიც კი არ მქონდა. ასე გაგრძელდა 2 თვე, საბოლოოდ კი მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა მეპოვა ისეთი საქმე, რომლის მეშვეობითაც ფინანსურად მხოლოდ ჩემს თავზე ვიქნებოდი დამოკიდებული.

გამოსავალზე ფიქრმა ტექსტილამდე მიმიყვანა, ეს საქმე ბავშვობიდან ჩემთვის თერაპიასავით იყო, აქ ცოტა გენეტიკის კვალსაც ვხედავ, ბებია მეჩოხე მყავდა. მოვიძიე შიდა ქართლში არსებული პროფესიული სასწავლებლები, მოვიპოვე 100%-იანი გრანტი და დავიწყე სწავლა. სწავლის დაწყებიდან 2 თვეში დედა გარდამეცვალა, ბუნებრივია გაიზარდა პრობლემებიც, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა იმისთვის, რომ მიზნები, რომელიც დედასთან ერთად დავგეგმე, რეალობად მექცია.

როცა ვფიქრობდი, როგორ მომეპოვებინა საკერავი მანქანისთვის საჭირო ფინანსები, USAID-მა დევნილებისთვის გადამზადების პროგრამა გამოაცხადა, წარმატებულ მსმენელს კი საჩუქრად საკერავი მანქანა გადაეცემოდა. ცხადია, ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი, კურსი წარმატებით გავიარე და საკერავი მანქანაც მერგო. სოციუმში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, საქმიანობა 2014 წელს 6 კვადრატულ მეტრში დავიწყე, თავიდან მომხმარებლებისთვის ტანსაცმლის შეკერვა ვერ გავრისკე, ამიტომაც სამოსის გადაკეთებით ვიყავი დაკავებული. 3-4 თვეში საქმე იმდენად კარგად წავიდა, რომ ჩემი კურსელიც კი დავასაქმე.

ჩემს სამკერვალოში მოდიოდნენ ექიმები, პედაგოგები. ატელიე „სომა“ ინდივიდუალურ შეკვეთებთან ერთად, ახლა უკვე მუშაობს კორპორაციულ დაკვეთებზე. გარდა ქალის ყოველდღიური და სადღესასწაულო სამოსისა, ახლა უკვე უნიფორმებსაც ვკერავთ.

USAID ერთადერთი დონორი არ არის, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’. რომ არა ისინი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიზნებს, ალბათ, ასე მალე ვერ მივაღწევდი. დონორების დახმარება ფასდაუდებელია არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, ბიზნესის კეთებაში ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 2018 წელს გავიარე 6-თვიანი მეწარმეობის კურსი, რომელსაც AAH ახორციელებდა GIZ-ს ხელშეწყობით. დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, საოჯახო საქმეებს მოვილევდი და 11 საათზე უკვე თბილისში, მრგვალ ბაღთან ვიყავი. ამ სატრენინგო კურსმა მომცა ის კავშირები, რაც განსაკუთრებით ძვირფასია რეგიონებში მცხოვრები მეწარმეებისთვის.

ჩემი ცხოვრებისეული კრედო მუდმივი განვითარებაა, ამიტომაც დავიწყე ფიქრი ექსპორტზე, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ კოლეჯში მიღებული განათლება ამისთვის საკმარისი არ იყო, უნდა მეპოვა დამატებითი კურსები, პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ცოდნის მისაღებად.

ვინც ეძებს პოულობს, ამის ძალიან მჯერა. თბილისში ერთ-ერთი საწარმო აღმოვაჩინე, სადაც პირველ სართულზე ქართველი დიზაინერების კოლექციები იკერებოდა. იქ მისულს მოლოდინი მქონდა, რომ მკერავთა გუნდს შევუერთდებოდი, თუმცა ისე მოხდა, რომ ხელმძღვანელებთან გასაუბრების შემდეგ პირდაპირ ლაბორატორიაში აღმოვჩნდი, ასე კი, ჩემს მიზანს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. ეს აბსოლუტურად სხვა სამყარო იყო, 1 წელში ამ საწარმოდან სრულიად სხვა ადამიანი წამოვედი, დავბრუნდი გორში გადაწყვეტილებით, რომ საკუთარი წარმოება  დამეწყო.

გორში დაბრუნებულმა ვიქირავე ფართი, დავასაქმე 5 ქალი და შევუდექით ახალ საქმეს. აქ განუზომელია ჩემი მენტორის, ქეთი ბოჭორიშვილის როლი, რომელთანაც კომუნიკაციის საშუალება ამერიკის საელჩოს და ინოვაციების სააგენტოს ერთობლივმა პროექტმა მომცა. ქეთიმ მასწავლა რას ნიშნავს იყო მეწარმე.

საკუთარი წარმოებით ბაზარზე პირველად 2020 წლის ოქტომბერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ გამოფენაზე გამოვჩნდით. ეს „ქიდს სომას“ მიერ წარმოებული ჩვილ ბავშვთა სამოსი იყო. საქართველოში ამ ხაზში პირველები ვართ, ჩვილ ბავშვთა სამოსს არავინ აწარმოებს, ჩვენ ბავშვებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებულ ბოდეებს ვთავაზობთ, ვიყენებთ მხოლოდ ნაქარგს და არანაირ პრინტს.

ზაფხულში ჩვენს კოლექციას ჩინეთში გამოფენაზე გავიტანთ, სავაჭრო პალატამ ცოტა ხნის წინ იმ კომპანიებს შორის შეგვარჩია, რომელსაც გამოფენაზე სრული დაფინანსებით გაუშვებს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა საქართველოს საზღვრებს გავცდებით. ვიდრე კოვიდი დაიწყებოდა, სრულიად გამოუცდელმა მონაწილეობა მივიღე მოდის კვირეულში, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერული ნიჭით არ გამოვირჩევი. ჩემი უპირატესობა ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა. თუმცა მოდის კვირეულში მონაწილეობა მაინც გავრისკე და ჩვენებაზე სხვისი დიზაინით ჩვენ მიერ შექმნილი სადღესასწაულო კაბები წარვადგინეთ. ამბავი აქ არ სრულდება. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოდან გერმანიაში წასული ქალი, რომელიც ბერლინში ერთ-ერთი გალერეის მეწილე იყო, ჩვენი კოლექციის დათვალიერების შემდეგ თანამშრომლობა შემომთავაზა და რამდენიმე კაბა ხელშეკრულების გარეშე საკუთარ გალერეაში წაიღო. კაბებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 2020 წელს ბერლინში მინი კოლექციით წარდგომის შემოთავაზებაც მივიღე. ამ ჩვენებიდან ორი დღის შემდეგ გალერეის მფლობელებმა ერთწლიანი ხელშეკრულება გაგვიფორმეს, რომლის  თანახმადაც ყოველ სამ თვეში მათთვის მინი კოლექციები უნდა მიგვეწოდებინა. საქართველოში ძალიან ბედნიერი დავბრუნდი, მაგრამ, როგორც უკვე გიყვებოდით გამოწვევები ჩემი ცხოვრების თანმდევია, დაბრუნებიდან 2 კვირაში კოვიდპანდემია დაიწყო და, შესაბამისად, ხელშეკრულება ვეღარ ამოქმედდა.

დავიწყე ფიქრი საკუთარი თავის, ჩემი დასაქმებულებისა და ბიზნესის გადარჩენაზე. მივხვდი, რომ თუ ახალ ეტაპზე არ გადავიდოდით, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია იმისთვის, რომ პირბადეების წარმოების იდეამდე მივსულიყავით. ეს ის პერიოდია, როცა პირბადეებზე დეფიციტი იყო, ვიკვლიე როგორ ხდება პირბადის შეკერვა, კონსულტაცია გავიარე ჯანდაცვის სამინისტროსთან და 3-4 დღეში საწარმო სრულად პირბადის კერვაზე გადავაწყვე. ჩვენი მიზანი მასიური წარმოება იყო, ამიტომაც სულ სათითაოდ ვუკავშირდებოდი გორში არსებულ იმ მეწარმეებს, რომლებსაც პანდემიის მიუხედავად საქმიანობის უფლება ჰქონდათ, მათ არც იმას ვუმალავდი, რომ ჩვენთან თანამშრომლობით ჩვენს გადარჩენაში საკუთარ წვლილს შეიტანდნენ. შედეგად იმდენი შეკვეთა მივიღეთ, რომ მარტის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ლოქდაუნის მიუხედავად, გამგეობამ უფლება მოგვცა, რომ წარმოება არ შეგვეჩერებინა, ბუნებრივია მეც ვგრძნობდი ჩემს სოციალურ პასუხისმგებლობას, ამიტომაც მეეზოვეებს, პოლიციას და და კლინიკა „გორმედს“ პირბადეებით უსასყიდლოდ ვამარაგებდი.

ზოგადად ძალიან სოციალური ადამიანი ვარ, მინდა ჩემი თუნდაც მინიმალური წვლილი შევიტანო ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და დავასაქმო ქალები, რომლებსაც ჩემნაირი რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი.

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ