ალტერნატივა, როგორც წარმატების საფუძველი | ქეთევან წვერავა

ჩემი, როგორც მეწარმის ისტორია ჩვენივე საოჯახო სასტუმროს უკავშირდება. ლაგოდეხში, საოჯახო სასტუმრო „ლაგო“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის მართვაშიც მთელი ოჯახი ვართ ჩართული. 20 წლის ვიყავი, როცა ოჯახის ბიზნესს შევუერთდი.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ლაგოდეხი ცნობილია დაცული ტერიტორიებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ულამაზესი და უზარმაზარი ზომის ჩანჩქერებით. შესაბამისად, ჩვენი ქალაქი ვიზიტორების ნაკლებობას არ განიცდის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ლაგოდეხს მუდმივად სტუმრობენ ეკომოყვარულები, სათავგადასავლო ლაშქრობებით დაინტერესებულები, ფლორისტები, მეცნიერები, ბიოლოგები. შესაბამისად ჩვენი საოჯახო სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სალაშქრო, სათავგადასავლო, საფეხმავლო, საცხენოსნო, სათევზაო, აგრო და ეკო ტურებს.

თუმცა კოვიდპანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემია ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის ინდუსტრიას შეეხო, ახალი რეგულაციების გამო  ტურისტებს სასტუმროში ვეღარ ვიღებდით, საოჯახო ბიზნესი გაჩერდა და გამოწვევის წინაშე დავდექით, საჭირო იყო ახალ რეალობას მოვრგებოდით. გამოსავალი სალაშქრო ინვენტარის გაქირავებაში დავინახეთ, თუმცა ინვენტარის შეძენას სოლიდური თანხა სჭირდებოდა და გაჩერებული ბიზნესის პირობებში ეს ადვილი არ იყო.

ისე მოხდა, რომ სწორედ ამ დროს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამამ  “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ქალთა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო, ვისწავლე ბიზნესპროექტის წერა, ჩავერთე კონკურსში და პირველივე მცდელობამ გაამართლა  – მოვიპოვე დაფინანსება. შედეგად შევიძინე ინვენტარი, რომლის მეშვეობითაც. შესაძლებელი გახდა, ბიზნესის ალტერნატიული მიმართულების განვითარება. ახლა სტუმრებს შეგვიძლია შევთავაზოთ, ორკაციანი და ოთხკაციანი კარვები,საძილე ტომრები, კარვის ფანრები, პარალონები, სალაშქრო ჯოხები, მაგიდა-სკამები, სალაშქრო გაზი და ჭურჭელი. ჩვენს შეთავაზებაშია სათევზაო ინვენტარიც, მაგალითად დიდი და პატარა ანკესები, თევზის საჭერი ბადეები, ძუა და სხვა.

დონორის მხარდაჭერა ბევრი მიზეზით ფასდაუდებელია, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი ექსპერტებისგან სისტემატურად ვიღებ კონსულტაციებსა და რჩევებს, რაც მეხმარება რომ ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული გავხადო.

ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი კარგი სასტუმროა, თუმცა ჩვენს უპირატესობაზე საუბარი არ მომერიდება. ჩვენი უპირატესობა სწორედ GIZ-ის პროექტის ფარგლებში შეძენილი სალაშქრო და სათევზაო ინვენტარია, მათი გაქირავების სერვისიც მხოლოდ ჩვენს სასტუმროშია.

ახალმა საქმემ სიახლეებზე ფიქრი, მეტი პასუხისმგებლობა და ბიზნესის სწორად მართვის დაგეგმარება მასწავლა. ახლა ზუსტად ვიცი, რომელია ის სერვისები რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტუმრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, მოთხოვნადი სერვისების შეთავაზება კი ჩემი ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ბედნიერი და კმაყოფილი სტუმარი – ეს ტურიზმის ინდუსტრიაში უმთავრესია, ბიზნესის წარმატებაც სტუმრების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჩემი მთავარი ამოცანაა, ჩვენგან ტურისტები სწორედ ასეთი ემოციებით სავსენი წავიდნენ. როცა მათ კმაყოფილებას ვხედავ ჩემი მოტივაციაც იზრდება – შევქმნა უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტი.

მალე გაზაფხული მოვა, ეს კი ტურისტების რაოდენობის ზრდას გულისხმობს, მინდა გაზაფხულს სიახლეებით შევხვდე, სწორედ ახლა ახალი სერვისების შეთავაზებაზე ვმუშაობ, ალბათ უფრო მეტ აქცენტს ეკო და სათავგადასავლო ტურებზე გავაკეთებ.

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer.  კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ