ახდენილი ოცნება | გვანცა სპანდერაშვილი

ჩემი ისტორია ბავშვობიდან იწყება, თუმცა საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევაზე კოვიდპანდემიამ დამაფიქრა, როცა  ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მსგავსად ჩემი საქმიანი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩაკეტილმა რეალობამ, ბევრმა თავისუფალმა დრომ და  სოციალურ საჭიროებებმა იმ საქმესთან მიმაბრუნა, რომელსაც მთელი ბავშვობა სიამოვნებით ვაკეთებდი. ქსოვა, კერვა, ქარგვა მცირე ასაკში შემიყვარდა, დავდიოდი გამოფენებზე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობაში. ხელოვნების დიდმა სიყვარულმა უმაღლეს სასწავლებლამდეც მიმიყვანა და იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, პროფესიით დიზაინერი ვარ. ბუნებრივია, რომ ხელსაქმე სტუდენტობის დროსაც არ მიმიტოვებია, ვამზადებდი სხვადასხვა აქსესუარებს და თბილისში შესაბამის ბუტიკებში ვაბარებდი.  თუმცა როგორც ხშირად ხდება შემდგომ წლებში ხელოვნებას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი, ამის მიზეზი დროის უქონლობა იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა საქართველოში პანდემია დაიწყო და როცა ე.წ ლოქდაუნი გამოცხადდა. ამ დროს უკვე მშობლიურ ლაგოდეხში დედასთან და შვილთან ერთად ვცხოვრობდი.

სახლში საქმის გარეშე ყოფნამ ახალი იდეა დაბადა –  დავბრუნებოდი იმას რაც ასე ძალიან მიყვარს. პირველ ეტაპზე ქალის აქსესუარების, უფრო ზუსტად თმის სამაგრების დამზადება დავიწყე, მაგრამ პრობლემამ მალევე იჩინა თავი. ჩემი ძველი საკერავი მანქანა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან საჭირო ფინანსური რესურსი არ მქონდა,  დანადგარი დეიდამ მათხოვა.

მალევე შევიტყვე, რომ ლაგოდეხში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროგრამის ფარგლებში “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“, საგრანტო კონკურსი იწყებდა. პროექტი, „ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“,  კახეთში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა. ვიფიქრე რომ ეს კარგი შესაძლებლობა უნდა გამომეყენებინა, ამიტომ დავწერე პროექტი და ჩავერთე კონკურსში. გრანტის მისაღებად მთავარი კრიტერიუმი იყო კარგი ბიზნესიდეის მოფიქრება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა.  საბედნიეროდ გამიმართლა, კონკურსში გავიმარჯვე და დავფინანსდი. შედეგად შევიძინე საკერავი მანქანა, თანამედროვე საქსოვი დაზგა, ორთქლის უთო და ჩემივე სახლში მოვაწყვე საქსოვი და საკერავი სახელოსნო სივრცე. გერმანიის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად შევძელი რეკლამის დამზადებაც, რაც ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალი დანადგარები ბუნებრივია პროდუქციის გაუმჯობესების შესაძლებლობას მაძლევს, შევცალე ხარისხიც და მოდელებიც. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროექტმა მომცა შესაძლებლობა ტრენინგები გამევლო, შედეგად შევიძინე ახალი გამოცდილება, რაც მიმაჩნია რომ ჩემი საქმიანობისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სახელოსნო სივრცეში ძირითადად მარტო ვსაქმიანობ, თუმცა ზოგჯერ დედაც მეხმარება, რომელიც თვითნასწავლი მკერავია. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ხელსაქმის ნიჭი სწორედ მისგან გამომყვა. საჭიროების შემთხვევაში გვერდით მიდგას ჩემი დაც, რომელიც თბილისიდან ლაგოდეხში ნედლეულის მოწოდებაში მეხმარება.

ჩემს კოლექციაშია თმის სამაგრები, ჩალმები მათთვის ვისაც ქუდები არ უყვართ, შარფები, ქუდები და ხელით ნაქსოვი ბალაქლავები.ჩემი ძირითადი მომხმარებლები კი ადგილობრივი ქალები არიან, პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით ვახდენ. ლაგოდეხი ისედაც პატარა ქალაქია და ბავშვობიდან ჩემი საქმიანობის შესახებ ბევრმა იცოდა, თუმცა პროექტის ფარგლებში დამზადებული რეკლამა  რეალიზაციის ნაწილში ძალიან დამეხმარა. გარდა სოციალური ქსელისა, პროდუქციას ვაბარებ ადგილობრივ მაღაზიებშიც. პატარა ქალაქის ხიბლი ისიცაა რომ ამბები ნაცნობების წრეში ვრცელდება და ასე ჩემი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. მაგალითად ზამთარში ქუდებზე იმდენი შეკვეთა მქონდა რომ მხოლოდ ქუდებზე მომიწია მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობისასაც მქონდა მცდელობა, ალბათ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირველი სერიოზული მცდელობაა პროფესია ბიზნესად ვაქციო. მიუხედავად იმისა რომ ადვილად არაფერი გამოდის და სირთულე ყველა საქმიანობას ახლავს, მაინც გავრისკე და ამ დროისთვის არსებული შედეგით კმაყოფილი ვარ. ადამიანები სხვადასხვა ნიჭით ვართ დაჯილდოებული, მთავარია ეს ნიჭი საკუთარ თავში ვიპოვოთ და დაუღალავი შრომით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ბავშვობის ოცნების ახდენა დიდი ბედნიერებაა, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა რომ GIZ-ის პროექტის გარეშე ეს გამიჭირდებოდა. ახლა სახლში, მშვიდ გარემოში ვხაზავ თარგებს, ვჭრი, შემდეგ ვკერავ, ხშირად იდეები მუშაობის პროცესში მოდის, ზოგი მოდელი მომხმარებლის გემოვნების მიხედვით იქმნება და ასე ჩემი ყოველდღიურობა ძალიან საინტერესოდ ვითარდება.

მთავარი მოტივაცია სწორედ საქმისადმი დიდი სიყვარულია, ახლა ვფიქრობ რომ ბიზნესი გავაფართოო, ვგეგმავ პროდუქციის ბრენდირებას და ალბათ მოკლედ დროში არა, მაგრამ შესაძლოა მომავალში ტანსაცმლის დიზაინზეც გადავიდე. ცხადია ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემს მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები.

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer.  კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ