სანდრა შენკე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი
გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სოციალურად სამართლიანი, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში ადამიანები კვლავ განიცდიან გენდერული დისკრიმინაციის გავლენას, რაც აფერხებს მათ თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის არსებითი ნაწილი, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების კატალიზატორია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ამასთანავე დაკავშირებულია სიღარიბის შემცირებასთან, ეკონომიკურ მდგრადობასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან.
საშუალოდ, მსოფლიოს ყოველ რეგიონში ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული ქალები უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. ქალთა დიდი ნაწილი დაბალანაზღაურებად და დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილზე მუშაობს. გარდა ამისა, არაანაზღაურებადი საშინაო შრომის უმეტეს ნაწილს, დაახლოებით 55%-ს, ქალები ასრულებენ1, რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე წვდომას. დადგენილია, რომ მსოფლიოში მილიარდზე მეტ ქალს ამჟამად ბაზისურ ფინანსურ სერვისებზე წვდომა არ გააჩნია.
ზოგადად, 2013 წლის შემდგომ პერიოდში თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა ნეგატიური ევოლუციის ტენდენციით ხასიათდება. ეს და მრავალი სხვა უთანასწორობა თუ დაბრკოლება ართულებს ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მათ ეკონომიკურ მოვლენებში ჩართულობასა და სიმდიდრის შეძენის შესაძლებლობას.
აღნიშნული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად GIZ აქტიურადაა ჩართული გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობაში როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგმა 8.5 ქვემიზნად დაადგინა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე ქალთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზარდა, მეწარმე კაცებთან შედარებით მათი რაოდენობა კვლავაც დაბალია. ძლიერი რეგიონული განსხვავებები აღინიშნება შრომის ბაზარზე ქალთა ჩართულობასა და მეწარმე ქალთა რიცხვებშიც.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2022 წლის გენდერული უთანასწორობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 11.5%-ში ქალი ფლობს წილების 50%-ზე მეტს. ამასთან, აღმასრულებელი დირექტორის ან ტოპ-მენეჯერის პოზიციებზე ქალები საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მხოლოდ 16.5%-ში არიან წარმოდგენილი.
ფინანსური ჩართულობა მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილია, ზოგადად, ქალთა და ქალთა მეწარმეობის ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. ამგვარი ჩართულობა იძლევა წვდომას ფორმალურ ფინანსურ ბაზრებზე, რაც მოიცავს კონკრეტული საჭიროებების ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას.
GIZ-ში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ვმუშაობთ იმისთვის, რათა შევქმნათ ღირსეული მომავალი, ამიტომაც ჩვენი ავტორობით განხორციელებულ ყოველ პროექტში და შიდა დონეზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გენდერულ თანასწორობას, რაც წარმოადგენს ჩვენი კორპორატიული იდენტობისა და პოლიტიკის ორ სტრატეგიულ საყრდენს.
საქართველოში პროექტებსა და პროგრამებს კონკრეტულ კონტექსტში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა თუ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით ვახორციელებთ. სტრატეგიებისა და ღონისძიებების იმპლემენტაცია, რომლებიც მიმართულია ქალების ავტონომიისა და თვითგამორკვევის ხარისხის გაზრდისკენ, საშუალებას აძლევს მათ დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობით და ავტონომიურად გამოხატონ თავიანთი ინტერესები. მხარს ვუჭერთ როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ ქალ მეწარმეებს სისტემურ დაბრკოლებებთან ბრძოლაში, რათა მათ შეძლონ წარმატების მიღწევა და სამუშაო ადგილების შექმნა. ამას ვახერხებთ სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებით. აუცილებელია ქალი მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა; მაგალითად, მეწარმე ქალების ქსელის შექმნა, გენდერულად სენსიტიური სტარტაპების დახმარება, განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება, კონსულტაცია და ქალთა მიერ მართული ბიზნესების გაერთიანება კოოპერატივში.
GIZ-ის, როგორც საერთაშორისო სერვისების მიმწოდებლის მრავალწლიანი გამოცდილება გენდერულ ფინანსებში გვაძლევს საშუალებას სიღრმისეულად შევისწავლოთ საჭიროებები. აგრეთვე ვიყენებთ იმ ინსტიტუტების, დონორებისა და ინდივიდების მიერ შესრულებულ სამუშაოებს, რომლებიც იბრძვიან ქალთა ფინანსური ჩართულობის გასაძლიერებლად.
მოხარულები ვართ, რომ მარტში საქართველოს ოფისი შეუერთდა GIZ-ის გენდერული ფოკუსის თვეს, რომელიც აღინიშნა კამპანიით #ProudHer, Forbes Woman-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 2 თვიანი ფოტო კამპანიის მიზანია გამოიყოს პლატფორმა GIZ-ის პროექტის ბენეფიციარებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ისტორიების გაზიარებასა და სხვა ქალების წახალისებას, რათა ისინი თავადაც გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები. წარმატების ისტორიები ფოკუსირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მცირე, საშუალო ან მიკრო ბიზნესის მფლობელებზე, რომლებიც ავითარებენ ბიზნესს და უმკლავდებიან მრავალ გამოწვევას. ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ძალზე ვამაყობთ იმით, რომ ქალ ბიზნესის მფლობელებს სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ვაძლევთ წვდომას საჭირო ინსტრუმენტებზე, პლატფორმაზე, გამოცდილებებსა და რესურსებზე. ჩვენთვის მათი შემდგომი განვითარება და წარმატება კიდევ უფრო მეტად საამაყო ფაქტია.