ბიზნესად ქცეული ჰობი | თამარ მიქელაძე

მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება ხშირად ახალი იდეების ინსპირაცია ხდება, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. უცხოეთში ყოფნის პერიოდში ადგილობრივი საპნებით, მათი დიზაინითა და შეფუთვით დავინტერესდი. საპნის გამოყენების კულტურა საქართველოშიც უძველესი დროიდან მოდის, ასე გაჩნდა იდეა ხელნაკეთი საპნების წარმოებისა. ჩემი მიზანი იყო შემექმნა სასარგებლო და გარემოსთვის არამავნე ნაწარმი, რომელშიც ქართულ ხასიათსაც შევიტანდი.

ყველაფერი, 2017 წელს ექსპერიმენტებით დაიწყო, ინფორმაციის მოპოვებაში ინგლისურის ცოდნა დამეხმარა. მხოლოდ 6 თვის თავზე გადავწყვიტე, რომ ბიზნესის რეგისტრაციის დრო მოვიდა. ამ პერიოდში, რამდენიმე სახეობის პროდუქტს თელავში, სახლში ვამზადებდი და ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში ვაბარებდი. ადგილობრივები ჩემი ნაწარმით მალევე დაინტერესდნენ, თუმცა ხშირი იყო შეკითხვა რატომ ხელნაკეთი საპონი? დიდი შრომა დამჭირდა მომხმარებლების ინფორმირებისთვის, მათ დეტალურად ვუხსნიდი, როგორ მზადდებოდა ჩემი საპონი.

კომპანიას „კუმპა“ დავარქვი, ესეც ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის გამო, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით კუმპა საპონს ნიშნავს და ასე შევეცადეთ ამ ძველი ქართული სიტყვის გაცოცხლებას. ამ ეტაპზე ჩვენს ასორტიმენტში 20 სახეობის საპონია, მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა დიზაინის საპონიც დავამატეთ, საქმეს არტის დატვირთვაც მივეცით. ჩვენი საპნები სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის პრობლემური და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. გარდა ამისა ვაწარმოებ სანთლებს, მშრალ სუნამოსა და ტუჩის საცხს.

ჩემს ბიზნესს კიდევ უფრო სერიოზული სახე 2019 წლიდან მიეცა, როცა ერთ-ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში ინვენტარის სახით უჟანგავი მაგიდა და თარო მივიღეთ. ეს იყო ახალი მოტივაცია და ჩემი საქმისთვის ჩვენივე სახლის ეზოში გამოვყავით ფართი და ავაშენეთ სპეციალური სივრცე, ეს პროცესი კოვიდპანდემიის პირველ წელს დაემთხვა. როგორც ყველა სხვა ბიზნესზე ბუნებრივია პანდემიამ „კუმპაზეც“ უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან თბილისთან საქმიანი კონტაქტი შეწყდა, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ამ გამოწვევისთვის სათანადოდ უნდა გვეპასუხა და ამიტომ სრულად ონლაინ გაყიდვებზე გადავედით, ეს ეტაპიც საინტერესო გამოდგა, რადგან ინტერნეტ სივრცეში ჩვენი რეპუტაცია დავიმკვიდრეთ, ონლაინ რეალიზაციას პანდემიის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ.

ბიზნესს ძირითადად მარტო ვუძღვები, მხოლოდ პერიოდულად მყავს დამხმარე. ახლა უკვე თავს უფლებას ვაძლევ მასტერკლასებიც ჩავატარო, თუმცა რომ არა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა, ამას დამოუკიდებლად ალბათ ვერასოდეს გავრისკავდი. მასტერკლასის პაკეტი სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით მომზადდა. ზოგადად, დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მოქმედი ბიზნესებისთვის, რადგან დედაქალაქთან შედარებით ჩვენი რეგიონები ჯერ სათანადოდ ძლიერი არ არის. აქ საჭიროა ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები, მიმართულების მიცემა ბიზნესისთვის. პროექტის ფარგლებში „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელსაც ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა აფინანსებს, მივიღე ბევრი სწორი რჩევა სფეროს ექსპერტებისგან, რადგან ისინი რეგიონს ფართო ჭრილში ხედავენ და იციან სად რა საჭიროებაა ბაზარზე. აღნიშნული პროექტი ბიზნესებს ერთმანეთის კონკურენტად კი არა, პირიქით, ერთმანეთის შემავსებლებლად აჯგუფებს, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის, სხვადასხვა სინერგია მიიღწევა.  მხარდაჭერის ნაწილია, როცა მათი დახმარებით საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა. გარდა პროდუქციის რეალიზაციისა, ასეთი ღონისძიება მომიჯნავე წარმოებების გაცნობის საუკეთესო საშუალებაცაა, ახალი კავშირები კი ახალი ბიზნესიდეების საფუძველია.

დედაქალაქი ყოველთვის ძლიერია, იქ დაწყებულ ბიზნესს ბევრი მიზეზით განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს, ამ პროექტის წევრობა კი დამეხმარა ჩემი პროდუქცია მომხმარებლისთვის ისე დამენახებინა, რომ დედაქალაქიდან რეგიონში შეკვეთები მქონოდა. მინდა გავცდე საქართველოს, ვფიქრობ ექსპორტზე, თუმცა მანამდე ჩემი ამოცანა პროდუქციის სტაბილური წარმოება და სტაბილური მასტერკლასების სისტემის აწყობაა. ამ ბიზნესში საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე, კმაყოფილებას მანიჭებს დადებითი უკუკავშირი, საბოლოოდ კი მინდა, რომ ქართული საპნის წარმოებაში ახალი სიტყვა ვთქვა.

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ