თურმე ასეც ხდება, ეჭიდები საქმეს, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს და მაინც წარმატებებს აღწევ. ჩემი ამბავი ზუსტად ასეთია. კერვას 1997 წელს, 27 წლის ასაკში, ორი შვილის დედა ვიწყებ. პროფესიით ელექტრო-გამომთვლელ საშუალებათა კონსტრუქტორ-ტექნოლოგი ვარ და ბუნებრივია მძიმე 90-იან წლებში ჩემი პროფესიით სამსახურის დაწყება შეუძლებელი იყო. ოჯახში კერვასთან კავშირი არავის გვქონია, მაგრამ როცა ერთ-ერთმა ახლობელმა, მისი სავაჭრო ობიექტისთვის, ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა შემომთავაზა, გავრისკე. ნიმუშად, მეგობრის დედამ ბავშვის ქვედაბოლო და ჩანთა შემიკერა. ჩვენი პროდუქცია იმედად მოიწონეს, რომ მეორე დღესვე, იგივე ახლობელმა, 10 ახალი შეკვეთა მომცა, მესამე დღეს – 20.
თავიდან ჩემს საკუთარ სახლში ვკერავდი, საქმე ისე სწრაფად განვითარდა, რომ 1 წლის თავზე 3 თანამშრომლით უკვე საკუთარი პატარა სამკერვალო გავხსენი. როცა ყველაფერი კიდევ უფრო კარგად წავიდა, გავზარდე პროდუქციის ასორტიმენტი, შევიძინე საკერავი მანქანები, ბავშვის ტანსაცმლის გარდა, ქალის სამოსის კერვაც დავიწყეთ და გავხსენით ჩვენივე ფილიალები.
ეს ის წლებია, როცა ქართველ დიზაინერებს მომხმარებელი ნაკლებად სწყალობდა, თუმცა 2011 წელს ქართული ნაწარმი მოდური გახდა, მაშინ ხმამაღლა ვთქვით, რომ დიახ, ჩვენც ქართულ საქმეს ვაკეთებდით, დავიწყეთ ბიზნესის რებრენდინგი, შედეგად ბაზარზე გაჩნდა ახალი ქართული ბრენდი “KABA”.
კომპანიის რებრენდიგის პროცესში ჩემი მეუღლეც ჩაერთო, თუმცა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2018 წელს, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. შედეგად გეგმები, რომელიც ერთად დავსახეთ მაშინ შეუსრულებელი დარჩა. არადა ნატახტარში საწარმოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთიც კი შევიძინეთ.ისე მოხდა, რომ რებრენდინგის დროს არც მე და არც ჩემი მეუღლე საქართველოში არ ვიმყოფებოდით და პროცესს ჩემი 22 წლის შვილი უძღვებოდა. ოჯახურ ტრაგედიას ბუნებრივია რთული დღეები მოჰყვა, ვფიქრობდი რომ მარტო პრობლემებს ვერ გავუმკლავდებოდი, თუმცა საკუთარ თავში ვიპოვე ძალა და მეუღლის გარდაცვალებიდან საქმეს მალევე დავუბრუნდი. როცა იმ წლებს ვიხსენებ, ვერც კი ვხვდები როგორ მოხდა, რომ ბრენდი გადარჩა და ბაზარზე დარჩა. რთული პერიოდის გადალახვაში ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. პრობლემები უკან მოვიტოვეთ და დღევანდელი განვითარების ტემპით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ დროისთვის “KABA” უკვე მომხმარებელს ტრენულ, მაღალი ხარისხის სამოსს სთავაზობს. საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე ჩვენს უპირატესობას ალბათ კარგად აჩვენებს, ის ფაქტიც, რომ გვყავს მომხმარებლები, რომლებიც უკვე 15 წელია ჩვენთან იმოსებიან.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით დიზაინერი არ ვარ, ბიზნესის დაწყების დღიდან, ჩვენს კოლექციაზე წლების განმავლობაში თავად ვმუშაობდი. მაშინაც და ახლაც ბაზრის მიმართ ჩემი მოთხოვნა ხარისხიანი პროდუქციაა, შესაბამისად ვალდებულებაც მაქვს, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სამოსი შევთავაზო. დიზაინზე მუშაობისას ჩემი ამოსავალი წერტილი იყო იმაზე ფიქრი რას ჩაიცვამდნენ მომხმარებლები სიამოვნებით, შედეგად ერთგული მომხმარებელი მუდმივად გვყავს. ბუნებრივია როცა ბიზნესი გაიზარდა, დიზაინზე ხარისხიანად მუშაობისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ამიტომაც 2015 წლიდან ახალგაზრდა დიზაინერებთან ვთანამშრომლობ, მათი დახმარება მათ შორის აუცილებელია იმისთვისაც, რომ კოლექცია სწორად იყოს აწყობილი.
ჩემი ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე და ეს მომწონს, მიყვარს კიდეც როცა მათ ვძლევ, ეს ერთგვარი ცხოვრებისეული თამაშია. სულ პრობლემებიდან გამოსვლის გზებს ვეძებ და რეალურად ეს მამოძრავებს.
გარდა, ინდივიდუალური გამოწვევებისა, ყველასთვის ცნობილია რომ ბიზნესის ყველა დარგისთვის რთული პერიოდი, 2020 წელს დადგა, როცა მსოფლიო კოვიდპანდემიამ მოიცვა. იმისთვის, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის დროს თანამშრომლების გადაადგილება ტაქსით მიწევდა, რაც საკმაოდ სოლიდური ხარჯებთან იყო დაკავშირებული და რასაც ფიზიკურად ვერ ვწვდებოდი. სწორედ ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექსტილისა და მოდის ასოციაცია (GAFA) გამოჩნდა. ეს ჩემი სისუსტეა, არ გამოვირჩევი დონორების დახმარების მოძებნითა და მათთვის მიმართვით. ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსბეული პროექტიდან „კლასტერები განვითარებისთვის“ ჩემთან თავად მოვიდნენ, გაარკვიეს რა გვიჭირდა, თანამშრომლების ტრანსპორტირება სრულად დაგვიფინანსეს. ეს ჩვენი საწარმოსთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ GAFA არის კლასტერი, სადაც მუდმივად ზრუნავენ ჩვენს განვითარებაზე, ხელს უწყობენ კოლაბორაციებს, გვაცნობენ სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს, ერთობლივ თანამშრომლობას კი მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს.
ბიზნესს წარმატებისთვის მუდმივი განვითარება სჭირდება, ასეთია ჩემი ყოველდღიურობაც – ფიქრი სამომავლო გეგმებზე. თუ ერთ ადგილზე გაჩერდები, ბიზნესიც გაჩერდება და შემდეგ ბაზრიდან საერთოდ გაქრება. ჩემი უახლოესი გეგმები ახალი ფილიალების გახსნას უკავშირდება. სულ ახლახან ფილიალი გავხსენით „გალერეა თბილისში“, მალე ვიქნებით „სითი მოლში“ და ზაფხულიდან ბათუმშიც.
სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.