ყველა ადამიანის ცხოვრება განსხვავებულად არის მოწყობილი. მე ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ადრეული ასაკიდანვე ჩავერთე ოჯახურ ყოველდღიურობაში, რაც შვილების აღზრდასა და სხვადასხვა საოჯახო საქმეში გამოიხატებოდა. უკვე ოთხი შვილის დედა ვარ, მათ შორის უფროსი 20 წლის არის, უმცროსი – 8 წლის. ოჯახში ყველა საჭიროებას ჩემი მეუღლე აკმაყოფილებდა. შედეგად ისე მოხდა, რომ მთელი 18 წელი მხოლოდ ოჯახს მივუძღვენი. დღეს რომ ვფიქრობ, ვერც კი ვხვდები როდის და როგორ გავიდა ამდენი წელი. ბუნებრივია რომ შვილების აღზრდას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ეს 18 წელიც სწორედ ოჯახზე თავდადებაში გამეპარა.
2019 წელს, სრულიად მოულოდნელად ჩემი შვილი მოვიდა და მითხრა რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ საგრანტო კონკურსის შესახებ წაიკითხა, მკითხა სამსახურის დაწყებით ხომ არ დავინტერესდებოდი? არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი შვილის ამ კითხვამ ძალიან იმოქმედა, თამამად შემიძლია ვთქვა რომ შოკი მივიღე, არ ვიცი ასე რატომ ვინერვიულე, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი სახლიდან გარეთ გასვლის დრო დადგა.
თუმცა ეს ასეთი მარტივი სულაც არ იყო, მეუღლეს არ სურდა რომ მემუშავა, ეს მისი კატეგორიული მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ ერჩივნა, რომ ჩემი დრო და ენერგია ოჯახსა და სამსახურზე არ გამენაწილებინა. აქ გადამწყვეტი ჩემი დედამთილის როლი აღმოჩნდა, რომელმაც საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი ჩემს ნაცვლად შეავსო, მზა დოკუმენტი მაჩვენა და მკითხა რამის დამატება ხომ არ მსურდა. მისი მხარდაჭერის შედეგად GIZ EPIC-ის პროექტში აღმოვჩნდი, კონკრეტულად კი მეწარმეობის კურსზე, რომელსაც მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger) ახორციელებდა EPIC პროექტის ფაგრლებში. კურსის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერება იყო. ჩემს ცხოვრებაში ეს ისეთი დიდი სიახლე იყო, რომ საქმეში მთელი მონდომებითა და ენერგიით ჩავერთე. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგზე ყოველი წასვლა დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ერთი მათგანიც კი არ გამომიტოვებია. სულ დროის კონტროლი მიწევდა, ვფიქრობდი, რომ სახლში ვაგვიანებდი, ეს დაძაბულობას ზრდიდა, მაგრამ მაინც ხუთოსანი მოსწავლის როლში ვიყავი, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლე იყო და ეს ყველაფერი აღმაფრთოვანებდა.
ამ დღეებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დავიბრუნე საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმის, რომ მეც შემეძლო მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ამ ტრენინგმა აბსოლუტურად სხვანაირი გამხადა, ახლა სხვებს ვარწმუნებ რომ ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერ ასაკსა და ნებისმიერ რეალობაშია შესაძლებელი. თურმე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, რომელ სქესს წარმოადგენთ და სად ცხოვრობთ. თუ ადამიანს მთელი გულით სურს საკუთარი საქმე ჰქონდეს, ოცნების რეალიზება ყოველთვის შესაძლებელია.
GIZ-ის და Action Against Hunger-ის გუნდი საოცარი ადამიანებისგან შედგებოდა, ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ კონკურსის მონაწილეებს საკუთარი თავი გვეპოვა, საკუთარი შესაძლებლობები დაგვენახა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, მივიღე გრანტი და საკერავი მანქანები შევიძინე.
ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. აქამდე კერვის არანაირი გამოცდილება არ მქონია, უბრალოდ მეხერხებოდა, ისიც იმ დონეზე რაც ოჯახს და შვილებს სჭირდებოდათ. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ ჭკუა ვიხმარე, რადგან ჩემს მეუღლეს ტყავის საწარმო აქვს, როცა კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების წარდგენის დრო დადგა, ყოველგვარი თარგის გარეშე ჩანთის შეკერვა გავრისკე. ამას მოყვა ქამრები და კონკურსის ფინალურ ეტაპზე სწორედ ეს ნამუშევრები წარვადგინე. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე თავიდან ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო, გვერდით დამიდგა და ნედლეულით მომამარაგა. მას შემდეგ ასე გრძელდება, მეუღლის ბიზნესიდან გამომდინარე საჭირო ნედლეული ნებისმიერი რაოდენობით მაქვს.
EPIC -ის პროექტში გამარჯვებისა და საკერავი მანქანების შეძენის შემდეგ, საქმეს ბიზნესის სახე მივეცი და ახლა უკვე ჩემი პროდუქცია იყიდება სახელწოდებით „თამარასი“.
საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამიტომაც ერთ კონკრეტულ სტილზე ორიენტირებული არ ვარ, ვიღებ ნედლეულს და ხშირად ისეა რომ დასაწყისში არც ვიცი რა გამო. ნივთებს მხოლოდ ერთ ერთეულს ვამზადებ, არც ერთი შემდგომი წინას არ ჰგავს.
„თამარასი“ მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს, სამაჯურებს, გულსაბნევებს, ბეჭდებს, სუვენირებსაც კი, მოკლედ, ყველაფერს, რაც ტყავისგან შეიძლება დამზადდეს. Ბუნებრივია, ვცდილობ ავყვე თანამედროვე ტრენდებს და შეკვეთებს ვამზადებ მომხმარებლის გემოვნების მიხედვითაც.
პროდუქციის რეალიზაციას სოციალური ქსელით ვახდენ, მეხმარებიან მეგობრებიც და EPIC-ის დახმარებით ხშირად ვმონაწილეობ გამოფენებშიც, საიდანაც ახალ შეკვეთებს ვიღებ. გარდა ამისა, მრავალშვილიანი დედების ორგანიზაციის წევრი ვარ, სადაც 20 000-მდე ქალია გაერთიანებული. პროდუქციის რეალიზაციაში ეს ორგანიზაციაც მეხმარება, მრავალშვილიანი დედები ვცდილობთ ერთმანეთი გავაძლიეროთ.
აქ გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა რომ ჩემი მაღაზია მქონდეს. განვიხილავ მაღაზიის გაკეთებას სახლთან ახლოს ან ფართის დაქირავებას. მინდა რომ მომხმარებელმა ნივთები ადგილზე, მაღაზიაში შეარჩიონ, ჩემი იდეაა, რომ მათ საკუთარი ჩანთების დამზადებაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ.
მინდა ჩემი ისტორია სხვა ქალებისთვის ინსპირაციის წყარო იყოს. უცნაური არ არის, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ერთ დღესაც ადგე და ჩანთების შეკერვა დაიწყო? ალბათ ეს დიდი სურვილის შედეგად შევძელი, მაგრამ რომ არა დონორის მხარდაჭერა არ ვიცი რამდენად გამომივიდოდა. ისეთი ძლიერი როგორიც ახლა ვარ, არ მგონია ოდესმე ვყოფილიყავი. რასაც ახლა ვფიქრობ, ვგრძნობ და ვაკეთებ არ მგონია GIZ-ის პროექტის გარეშე ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კონკურსში გავიმარჯვე, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო, თავიდან გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი, უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც შემეძლო ჩემი საქმე მქონოდა. ამ გზაზე ყველა წინააღმდეგობა უფრო მეტად მაძლიერებდა.
მთელი გულით მინდა ყველა ქალს სჯეროდეს, რომ არასდროს არ არის გვიან ან ადრე. აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ვიყავი მეც, არაფერი არ მაკლდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე. მინდა საკუთარი თავის ყველამ ირწმუნოს და მერე სხვებიც დაარწმუნონ. ყველაფერი გამოვა, ამის ძალიან მტკიცედ მჯერა!
სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.