„ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია იმ ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“ – მადლენ ოლბრაიტის ეს სიტყვები ზუსტად მაშინ წავიკითხე, როცა ვფიქრობდი რა შემეძლო გამაკეთებინა ქალებისთვის, მათთვის რომლებიც შიდა ქართლში, ანუ ჩემს მშობლიურ რეგიონში ცხოვრობენ. აქ ხომ ქალებს ბევრად მეტი საჭიროებები აქვთ და უფრო მეტად მოწყვლადები არიან, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში? ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომია, წლები გადის და ამ ომის კვალი არსად ქრება. ჩემი ფიქრები მუდმივად ამ ქალების ირგვლივ ტრიალებდა, მათ წინაშე მუდმივად ცხოვრებისეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ამიტომაც 2016 წელს ყველა სხვა საქმე გვერდით გადავდე და მათთან საუბარი დავიწყე, ვიარე სოფელ-სოფელ, იმისთვის რომ ზუსტად გამერკვია, სად იგრძნობდნენ თავს უფრო კომფორტულად და აღმოვაჩინე, რომ ჭრა-კერვა მათთვის ტრადიციულ საქმიანობად ითვლებოდა, რომელსაც სიამოვნებით შეისწავლიდნენ და დასაქმდებოდნენ. ეს საკმარისი არ იყო, ბაზარიც უნდა შემესწავლა, კვლევამ მაჩვენა ისიც, რომ იმ პერიოდში არსად იყო ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები. გავბედე და ეს ნაწილიც ჩემს თავზე ავიღე, შევიმუშავო მოდული, ჩამოვაყალიბე შესაბამისი კურსი, მოვიწვიე 7 დევნილი ქალი და დავიწყე მათი გადამზადება. საბოლოოდ 3 ქალი შეირჩა და ასე დაიწყო ჩემი სოციალური საწარმო „ლიდერის“ ცხოვრება, ჩემივე საცხოვრებელი სახლის ერთ პატარა ოთახში!
ვიწყებთ ჭრა-კერვას გორში და ვაგრძელებთ გადამზადების კურსებსაც. ალბათ კარგი შედეგია, ის რომ დღემდე შევძელით 361 ადგილობრივი ქალის გადამზადება, მათგან 186 დასაქმებულია, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილი კი თვითდასაქმებულის პოზიციაზე საქმიანობს.
სამი ქალის შემართებით წამოწყებული საქმე წლიდან წლამდე იზრდება.
ჩემს საწარმოში ახლა უკვე 24 ქალი მუშაობს, მალე მათი რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. მოტივაციამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოგვიტანა ის, რომ მარტში „ლიდერს“ უკვე საკუთარი შენობა ექნება, რა თქმა უნდა გორში.
გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვი რომ „ლიდერი“ ჩემი ოჯახის წევრია. ეს განცდა ბუნებრივია, ბიზნესი ხომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დავიწყე და საწარმო ფაქტობრივად ჩემს მცირეწლოვან შვილებთან ერთად გავზარდე, ასე მოვდივართ უკვე მეშვიდე წელია. მაბედნიერებს და მოტივაციას მმატებს იმის ყურება როგორ ძლიერდებიან ჩვენს რეგიონში ქალები, როგორ უმჯობესდება მათი სოციალური პირობები. ემოციები არ მინელდება, განცდა მაქვს რომ ვაკეთებ საქმეს, რომელსაც სჭირდება მუდმივი ზრუნვა და განვითარება.
ბედნიერებაა იმის ყურება როგორ ვიზრდებით ერთად. როცა 7 წლის წინ ბიზნესს ვიწყებდი, ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ ეს უპერსპექტივო ფიქრი იყო, არადა უკვე დღეს „ლიდერში“ წარმოებული ბავშვის სამოსის ბრენდი „ლიმო“ იყიდება amazon-ზე, შვედეთში, საფრანგეთში. მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა კორეასთან და ვსაუბრობთ ლიტვასთან. ჩვენს კოლექციაშია 2-დან 12 წლამდე ბავშვების სრული ლუქი, წელს უკვე ფეხსაცმლის კოლექციაც დავამატეთ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სამოსი გამოირჩევა დახვეწილი, ექსკლუზიური დიზაინით, რაც „ლიმოს“ მომხმარებლებისთვის უნიკალურს ხდის. გადავწყვიტეთ, რომ კოლექციაზე ისეთი ნაქარგი გამოსახულებები დაგვეტანა, რომლებიც ბავშვებს კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.
იდეის რეალობად ქცევა ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა დონორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალებს გვერდით უდგანან. პირადად ჩემთვის განუზომელია პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ წვლილი, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში შექმნილი “საქართველოსა ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია” ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს, რადგან ეს არის სფერო, რომელსაც ძალიან სჭირდება მხარდაჭერა, გუნდი რომელიც ამ ასოციაციაში მუშაობს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არც კი ვიცი მათი დახმარების გარეშე ახლა სად ვიქნებოდი. GIZ-ის მიერ განხორციელებულ პროექტთან თანამშრომლობა 2 წლის წინ დავიწყეთ, ასოციაციამ დაგვიფინანსა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, მათი მხარდაჭერის შედეგია, რომ „ლიმო“ ექსპორტზეა. ალბათ ასეთი სანდო პარტნიორის გარეშე ვერც ვიოცნებებდი ფლორენციისა და საფრანგეთის გამოფენებზე სტენდების ქირაობას, ამის ფუფუნება ჩვენი მასშტაბის ბრენდებს ნამდვილად არ აქვთ. GIZ-ის გარეშე აუსრულებელ ოცნებად დამრჩებოდა გამოფენაზე ისეთი პრემიუმ ხარისხის ბრენდების გვერდით მოხვედრა როგორებიც “დოლჩე და გაბანა“, „ქროქსი“, ან „მონკლერია“. ევროკავშირის და GIZ-ის დახმარებით, იმის ფუფუნება მაქვს, რომ გერმანელ ექსპერტებთან ვითანამშრომლო, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩვენს საქმეში დიდი საჩუქარია.
ერთ ადგილას არასოდეს ვჩერდები, მუდმივად ვცდილობ ბიზნესს ახალი დატვირთა შევძინო. ამის შედეგია ის რომ „ლიდერი“ ამიერკავკასიაში ერთადერთი საწარმოა, რომელიც სამკერვალო სალონებიდან ტექსტილის ნარჩენებს იბარებს და მათ გადამუშავებას ახდენს, ვაქცევთ ერთგვაროვან მასად და შემდეგ მის რეალიზაციას ვახდენთ. უკვე შევძელით და 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ. „ლიდერი“ ეკომეგობრული საწარმოა, სადაც დანერგილი გვაქვს ISO სერტიფიკატი, რაც ევროპელი იმპორტიორებისთვის და ბაიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სოციალურ საწარმო „ლიდერთან“ ერთად შორსმიმავალი გეგმები გვაქვს, მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. პატარა ქართულ ბრენდებს უნიკალური ნიშის დაკავების შესაძლებლობა გვაქვს, რადგან პატარა ბუტიკებს პატარა ქვეყნების წარმოება აინტერესებთ, აინტერესებთ მიწოდების მოკლე ვადები და ექსკლუზიური დიზაინი. ეკონომიკური დოვლათის შექმნა თანადგომის გარეშე შეუძლებელი მგონია, მეამაყება რომ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში ჩემი წვლილი შემაქვს. სოციალური საწარმო „ლიდერი“ მხოლოდ საქმე არ არის, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მომავალსაც სწორედ მასთან ერთად ვგეგმავ!
სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.