გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიას #ProudHer ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით და ამით ასევე უერთდება GIZ-ის გლობალურ ინიციატივას “Gender Focus 2023”-ს.
ორთვიანი ფოტოკამპანია ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით.
ქალთა გაძლიერება წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და შესაძლებლობების კატალიზატორს, რაც პირდაპირ კავშირშია სიღარიბის შემცირებასთან, მდგრადობასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. ამის გარდა, ქალთა გაძლიერება გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალების ფინანსური ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის მიღწევაში.
#ProudHer კამპანიის ფარგლებში, 11 მეწარმე ქალი გააზიარებს საკუთარ ისტორიას, რათა მოტივაცია მისცეს სხვა ქალებს, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა სურთ. მეწარმე ქალების ისტორიები მოგვითხრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელებზე, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დაიმკვიდრეს თავი და წამოიწყეს ბიზნესსაქმიანობა. ისტორიები ფოკუსირებულია იმ გამოწვევებზე და ბარიერებზე, რომელთან გამკლავებაც მათ უწევთ. კამპანიაში ჩართული ქალები GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარები არიან.
„მოხარულები ვართ, შევუერთდეთ GIZ-ის „გენდერული ფოკუსის თვეს“ და კამპანია #ProudHer-ის წამოწყებით აღვნიშნოთ ის საქართველოში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გადამწყვეტია ქვეყნის ზრდისა და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაძლევთ ქალ მეწარმეებს წვდომას ინსტრუმენტებზე, გამოცდილებაზე, რესურსებსა და საგრანტო შესაძლებლობებზე სხვადასხვა პროექტების მეშვეობით და კიდევ უფრო გვეამაყება ის, როცა ვხედავთ მათ გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას“. – განაცხადა სანდრა შენკემ, GIZ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა.