პურის გზა | ნათია მაჭარაშვილი

ადრე არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე თბილისიდან შორს ვიცხოვრებდი, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელი გადაწყვეტილებებით ყოფილა სავსე. მთავარი ჰარმონიაა, რამდენიმე წელი დამჭირდა იმის მისახვედრად რა იყო საქმე, რომელიც ბედნიერებას მომანიჭებდა. ჩემთვის ეს პურის გზა აღმოჩნდა, რომელიც რეალურად ღვინის გზით დაიწყო.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

ჩემი მეუღლე, შოთა, თუშია. ის ღვინის ბარში მუშაობდა, მე  – ავიაკომპანიაში, როცა 2014 წელს გადაწყვიტა, რომ მზად იყო საკუთარი საქმე წამოეწყო, მისი გამოცდილების გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ ეს საქმე ღვინოს უკავშირდებოდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მეგობართან ერთად ვენახი შევიძინეთ და მარნის მშენებლობა დავიწყეთ. ჩვენი პირველი ღვინო გერმანიაში გავაგზავნეთ, მალევე გაჩნდა იდეა და შესაძლებლობა, რომ სტუმრები დეგუსტაციაზე ადგილზე, ჩვენს „ლაგაზი ღვინის მარანში“, მიგვეღო. დეგუსტაციებს, სადილებისა და ვახშმების ინიციატივა მოჰყვა, ასე ეტაპობრივად, ჯერ არასრულად მაგრამ საქმეში ჩემი ინტეგრაციაც დაიწყო. სტუმრებს უკვე წლებია ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად ადგილობრივ თუშურ სამზარეულოს ვთავაზობთ. რადგან მარანში ბუნებრივ ღვინოს ვაყენებთ, გვინდოდა სტუმრებისთვის ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები შეგვეთავაზებინა, ანუ ჩვენი პრიორიტეტი თუშური სამზარეულოა.

ღვინოს ხორბალი მოჰყვა, ეს უკვე 2016 წელია და ის დრო როცა ხორბალზე მინიმალური ინფორმაცია მქონდა, უფრო ზუსტად მხოლოდ ის ვიცოდი რომ შოთა თესავდა ხორბალს და შემდეგ მოსავლის რეალიზაციას ვახდენდით. ეს დროში იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან  ვთანამშრომლობდით და ზემო ალვანში ყოველ წელს იტალიელ სტუდენტებს ვმასპინძლობდით. მორიგი გასტროტურის წინ მეუღლემ მაცნობა, რომ სტუდენტებს ჩვენი ყანის ნახვა და წითელი დოლის პურის გამოცხობა სურდათ, თანაც ბუნებრივ საფუარზე. როგორც უკვე გითხარით, ამ დროს ხორბალზე და შესაბამისად პურზეც ბევრი არაფერი ვიცოდი, ყოველ შემთხვევაში პურის გამოცხობა მანამდე არასოდეს მიცდია. არ დაგიმალავთ, რომ შეთავაზებამ ცოტა შემაშინა და საბოლოოდ პურის გამოცხობა ჩემმა დედამთილმა ითავა. როგორც დაგეგმილი იყო, ჩამოვიდნენ იტალიელი სტუდენტები, დაათვალიერეს ჩვენი ყანა, ბევრი ვისაუბრეთ ქართულ კულტურაზე და ხორბალზე. ამ საუბრებმა დამაფიქრა და დამაინტერესა, უფრო მეტი გამეგო, საბოლოოდ აღმოვჩინე რომ მხოლოდ ღვინის კი არა ხორბლის სამშობლოც ვართ.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

გავრისკეთ, დავიწყეთ ჩვენივე მოყვანილი ხორბლის დაფქვა და სახლში პურის ბუნებრივი საფუარით ცხობა, ასე ჩნდება საცხობი „ლაგაზი ბეიქერი“. 2019 წელს სამსახურიდან წამოვედი,მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ჩემს გზას მივაგენი, რომელიც სულაც არ ყოფილა საოფისე საქმე და ეს პურის გზა აღმოჩნდა. ახლა, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სოფელ ზემო ალვანში, მეუღლის მამაპაპისეულ სახლში გვაქვს სადეგუსტაციო, იქვე მარანი და ცალკე საცხობი. შესაბამისად სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას, თუშურ კერძებს და პურის მასტერკლასებს.

„ლაგაზი ბეიქერი“ არტიზანული ხაზია, ეს არ არის მასიური წარმოება. ბუნებრივ საფუარზე მუშაობა რთულია, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, თუმცა პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე ჩვენს ასორტიმენტშია წითელი დოლის პური, შავფხა, დიკა და ჭვავის პური. გვინდა ასორტიმენტი გავზარდოთ, მჯერა ამასაც შევძლებთ.

ძალიან მინდა საქართველოში ყველამ იცოდეს რომ ხორბლის სახით ფანტასტიური საგანძური გვაქვს, როცა პურის ცხობა დავიწყე ერთ-ერთი მთავარი მიზანი ესეც იყო – გავაცნოთ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე საგანძური. „ლაგაზი ბეიქერის“ ნაწარმი ახლა ახმეტაში მაღაზიებში იყიდება, პარალელურად ვმონაწილეობთ ფესტივალებში და ვფიქრობთ დედაქალაქზეც. იმედი მაქვს შემოდგომაზე პურ-ფუნთუშეულის პატარა საცხობი თბილისშიც გვექნება, სადაც ყოველ დილით სხვადასხვა სახის ცხელ-ცხელი პური დაგხვდებათ.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი

თბილისში საცხობის მოწყობაზე საახალწლო ბაზრობის შემდეგ დავფიქრდით, როცა პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომლის წევრებიც ვართ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენთვის სტენდი დააფინანსა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დამირეკა და მკითხა სად შეიძენდა ჩვენს პურს კიდევ ერთხელ. როცა ვუთხარი რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ახმეტაშია შესაძლებელი ცოტა გამინაწყენდა, ამიტომაც ვიფიქრეთ დრო იყო დედაქალაქზეც დავფიქრებულიყავით. საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა ამ საქმეში ფასდაუდებელია, ისინი არ მხოლოდ ტექნიკა-დანადგარებით გვეხმარებიან, არამედ ზრუნავენ ჩვენი ცნობიერების ამაღლებასა და პროდუქციის პოპულარიზაციაზე. მაგალითად, ახლა სწორედ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ჩვენი პროდუქცია ბერლინში ITB-ის გამოფენაზეც გამოჩნდა, ეს ჩვენი ბიზნესის მომავალი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი აქტივობები ახალი პარტნიორების გაჩენის საუკეთესო პლატფორმაა. რადგან უშუალოდ პურის წაღება შესაძლებელი არ იქნებოდა, წითელი დოლის, ნახშირის და საფერავის კრეკერები გამოვაცხვეთ. ასევე ვამზადებთ ჩირებსაც, ეს იდეაც პურიდან წამოვიდა.

რაც ყველაზე მთავარია ეს საქმე ჩვენი ოჯახისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, ეს არის საქმე, რომელიც ყველას ერთად გვაბედნიერებს!

სტატია მომზადებულია ქალთა გაძლიერების კამპანიის ფარგლებში #ProudHer. კამპანია მიმდინარეობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

რუბრიკა: GIZ