რატომ არ მიდიან გოგონები ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში

დღეს ქალების შემოსავალი 15%-ით ჩამორჩება მამაკაცებისას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულების ანაზღაურებებს შორის სხვადასხვაობა, არამედ განსხვავებული კარიერული არჩევანიც, რომელსაც გოგონები და ბიჭები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას აკეთებენ.

გოგონები ნაკლებად ირჩევენ ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების, მათემატიკისა და მეცნიერების სფეროს, ვიდრე ბიჭები. ეს არჩევანი ცოტათი უცნაურიც კია, იმ ფონზე, როდესაც ტექნიკურ საგნებში გოგონებისა და ბიჭების აკადემიური მოსწრება თითქმის თანაბარია (PISA 2018). რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია(OECD) ახორციელებს. კვლევა ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომელსაც სკოლისგან იღებენ.

PISA 2018 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა შედეგები მათემატიკასა და მეცნიერებაში გენდერული ნიშნით მცირედით თუ განსხვავდება. კვლევაში მონაწილე ქვეყნებში სხვაობა ბიჭებისა და გოგონების შედეგებს შორის, საშუალოდ, 5 ქულაა მათემატიკაში, საქართველოში პირიქით – გოგონები უსწრებენ კიდეც ბიჭებს 4 ქულით, მეცნიერებაში კი 14 ქულით უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

მიუხედავად კარგი აკადემიური მოსწრებისა და ბიჭებზე არანაკლებ კარგი უნარებისა, რატომ მიდის ტექნოლოგიების სფეროში ბევრად ნაკლები ქალი? რატომ უკავიათ IT პოზიციების უმეტესობა მამაკაცებს, რატომ არიან პროგრამისტების, დეველოპერების, ინჟინრების თუ ელექტრიკოსების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენლები?

ამ კითხვაზე პასუხს 15 წლის მოზარდების სამომავლო კარიერასთან დაკავშირებული მოლოდინები პასუხობს. თითქმის ყველგან ბიჭები უფრო ხედავენ თავიანთ თავს 30 წლის ასაკში მეცნიერებასა და ინჟინერიაში პროფესიონალებად, ვიდრე გოგონები. საქართველოშიც ეს სხვაობა 5,9%-ია. გამოდის, რომ სწავლაში უკეთესი შედეგების მიუხედავად, კარიერას ბიჭები უფრო უკავშირებენ ტექნიკურ საგნებთან დაკავშირებულ პროფესიებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ PISA-ს უფრო ძველი, 2012 წლის მონაცემებით, გოგონები ვერც მშობლებისგან ვერ იღებენ წახალისებას ICT-თან დაკავშირებული სპეციალობების არჩევისას. ყველა ქვეყანაში მშობლები თავიანთი ვაჟებისგან უფრო ელიან მომავლის დაკავშირებას ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროსთან, ვიდრე ქალიშვილებისგან, მიუხედავად სწავლაში მათი ერთნაირი წარმატებისა.

OECD, PISA 2018 Database, Tables II.B1.6.7, II.B1.8.22 and II.B1.8.23

დღემდე მთელს მსოფლიოში შევხვდებით სტერეოტიპებს – „ტექნოლოგიები ქალის საქმე არ არის!“, „კომპიუტერული მეცნიერებები კაცის საქმეა!“, „ბიჭებს უკეთესი მათემატიკური სააზროვნო აპარატი აქვთ, ვიდრე კაცებს.“ და ა.შ. თუმცა, ფაქტები და ციფრები სხვა რეალობაზე მიანიშნებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში განათლების გაუმჯობესებისათვის ძვირადღირებული რეფორმებისგან განსხვავებით, საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა არ მოითხოვს სისტემაში ძირეულ ცვლილებებსა და დიდ დანახარჯებს. ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალების სიმრავლეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.